
ირანის განცხადებების ფონზე ნავთობის ფასი ბარელზე 91 დოლარამდე გაიზარდა
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა - მატება უკავშირდება უკანასკნელ განცხადებებს, რაც ირანის ხელისუფლების მიერ იყო გაჟღერებული ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ირანის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ირანი არ მოახდენს სრუტის გახსნას, იქამდე სანამ არ მოხდება პირობების შესრულება, მათ შორის დაწესებული სანქციების მოხსნა და ბლოკადის გაუქმება.
შედეგად Brent-ის ფასი ბარელზე $91-მდე ავიდა, რაც წინა სესიასთან შედარებით $2 მეტია. ამასთან, WTI-ის სექტემბრის ფიუჩერსები ბარელზე $84-მდე გაიზარდა. მისი ფასი წინა სესიასთან შედარებით $2-ით არის მომატებული.
მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის განცხადებით, ირანი ჰორმუზის სრუტეს იქამდე არ გახსნის ვიდრე აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ პირობებს არ შეასრულებს.
„ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება, ვიდრე ბლოკადა არ გაუქმდება, გაყინული აქტივები არ გამოთავისუფლდება, სანქციები არ მოიხსნება და ყველა ფრონტზე სამხედრო ოპერაციები და მუქარები არ დასრულდება“, - აღნიშნა ირანის პარლამენტის სპიკერმა.
მისი თქმით, „ირანი მზად არის, მტერს უფრო მძიმე მარცხი მიაყენოს“.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო მარშრუტია და კონფლიქტამდე მასზე გლობალური ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდიოდა.
ბაზრის მონაწილეების შეფასებით, ირანს, ომანსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური შეთანხმების სწრაფად მიღწევის პერსპექტივებთან დაკავშირებით არსებული სკეპტიციზმი ნავთობის ფასებში რისკის პრემიას ინარჩუნებს. სატრანზიტო შეზღუდვების ხანგრძლივად გაგრძელების შემთხვევაში კი ბაზარზე მიწოდების რისკები კვლავ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge