
ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან
ისლანდიაში EU-ში გაწევრიანების თაობაზე რეფერენდუმის შედეგებს ითვლიან.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გუშინ ჩატარებული რეფერენდუმის 270 000 ხმიდან 153 200-მდე ხმა დათვლილია, რომლის საფუძველზეც 50.1% მხარს არ უჭერს მთავრობის ინიციატივას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების თაობაზე, ხოლო 49.9%-ს სურს მოლაპარაკებების განახლება. შესაბამისად, ხმები თითქმის თანაბრად არის გაყოფილი.
აღსანიშნავია, რომ ისლანდიის პრემიერ-მინისტრის კრისტრუნ ფროსტადოტირის მემარცხენე-ცენტრისტულმა მთავრობამ რამდენიმე წლის წინ რეფერენდუმის 2027 წელს ჩატარების პირობა დადო, თუმცა, შემდეგ პროცესი დაჩქარდა, ამის მიზეზი საერთაშორისო ზეწოლა გახდა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის ყიდვასთან დაკავშირებული განცხადებები.
ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ ბლოკში შესვლის შედეგად ისლანდიის თევზით მდიდარ წყლებზე ბრიუსელის კონტროლი გავრცელდება. მომხრეები კი ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანებამ შესაძლოა, ქვეყანაში მაღალი საპროცენტო განაკვეთების პრობლემა შეამსუბუქოს.
ისლანდია უკვე არის შენგენის ზონის ქვეყანა, ევროზონაში შესვლა კი სწორედ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, ისლანდიამ, სადაც დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს 2008 წლის ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ გააკეთა, ვინაიდან ქვეყნის საბანკო სისტემა კრახის წინაშე იდგა. თავდაპირველად პროცესი პროგრესით მიმდინარეობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 2013 წელს ქვეყნის სათავეში ევროსკეპტიკურად განწყობილი მთავრობა მოვიდა, მოლაპარაკებები შეჩერდა.
BM.GE
წყარო: bm.ge