იუსტიციის სახლის სერვისებზე ხუთი უწყება 2027 წელს ₾18,37 მილიონს გამარტივებული წესით დახარჯავს
იუსტიციის სახლის სერვისებზე ხუთი უწყება 2027 წელს 18,37 მლნ ლარს გამარტივებული წესით დახარჯავს
იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ხუთი სააგენტო 2027 წელსაც „იუსტიციის სახლის“ მომსახურებას გამარტივებული შესყიდვით მიიღებს. შესაბამისი განკარგულების პროექტი საჯარო რეესტრმა მოამზადა და იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა.
მომსახურების სავარაუდო ჯამური ღირებულება 18,370,000 ლარია და 2027 წლის 1-ელი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. თანხას თავად ეს ხუთი უწყება საკუთარი 2027 წლის შემოსავლებიდან გადაიხდის.
ეს თანხა უწყებებზე ასე ნაწილდება:
• სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - 10 000 000 ლარი • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - 8 000 000 ლარი • აღსრულების ეროვნული ბიურო - 240 000 ლარი • დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო - 120 000 ლარი • ციფრული მმართველობის სააგენტო - 10 000 ლარი
პროექტის თანახმად, იუსტიციის სახლს 2027 წლის შესყიდვებისას ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და ავანსის საბანკო გარანტიების წარდგენა არ მოუწევს.
განმარტებით ბარათში წერია, რომ იუსტიციის სახლში 600-ზე მეტი სერვისია თავმოყრილი და მოქალაქეებს სხვადასხვა უწყებაში სიარული აღარ სჭირდებათ. იგივე პრაქტიკა 2013 წლიდან მოქმედებს. დოკუმენტის ავტორების განმარტებით, ტენდერის ჩატარება რთულია, ტექნიკური დავალების ზუსტად განსაზღვრა ჭირს, სერვისების მოცულობა კი მუდმივად იცვლება, რამაც შესაძლოა მოქალაქეებისთვის მომსახურების მიწოდება შეაფერხოს.
ამჟამად ქვეყანაში 128 იუსტიციის სახლი და 18 მობილური ფილიალი მუშაობს, 2027 წელს კი ახალი ფილიალების გახსნა და მობილური სერვისების დამატებაც იგეგმება.
