მეწყერი ლაილაშში - დაზიანებულია 17 სახლი, მოსახლეობა ევაკუირებულია
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში მეწყრულმა პროცესებმა 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მეწყერი მოსული უხვი ნალექის ფონზე გააქტიურდა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მეწყრული სხეულის ცალკეული მონაკვეთები კვლავ აქტიურია. ადგილზე გეოლოგები ვითარებას სწავლობენ და საცხოვრებელი სახლებისა და საკარმიდამო ნაკვეთების მდგომარეობას აფასებენ. მაშველები კი უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე რჩებიან და საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას პირადი ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.
