
ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა, თუმცა ხარჯების 58.8%-ს მოქალაქეები კვლავ საკუთარი ჯიბიდან იხდიან
ძირითადი მიგნებები:
• ნაერთი ბიუჯეტიდან ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯი 2013-2025 წლებში ნომინალურად დაახლოებით 4.6-ჯერ გაიზარდა, თუმცა მშპ-ში მისი წილი კვლავ დაბალია - 2%, რაც ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალოზე დაახლოებით სამჯერ ნაკლებია. • სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯანდაცვის დაფინანსების 68.8% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ხმარდება. • 2023 წელს ჯანდაცვის მიმდინარე დანახარჯების 58.8% მოსახლეობის ჯიბიდან გადახდებზე მოდიოდა. ამ მაჩვენებლით საქართველოს WHO-ს ევროპის რეგიონის 52 ქვეყანას შორის მეექვსე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, მსოფლიოში კი 192 ქვეყანას შორის მე-19. • 2013-2023 წლებში ჯიბიდან გადახდების წილი 69.3%-დან 58.8%-მდე შემცირდა, თუმცა 2023 წელს წინა წელთან (57.2%) შედარებით გაიზარდა. • WHO-ს მონაცემთა ბაზის განახლების შედეგად 2010-2023 წლების მონაცემები გადაიხედა და 2023 წლის მაჩვენებელი 40%-დან 58.8%-მდე შეიცვალა. • ჯიბიდან გადახდების ძირითადი ტვირთი მედიკამენტებზე მოდის. • ჯანდაცვის დანახარჯების შესახებ ინფორმაცია სრულად ხელმისაწვდომი არ არის. ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის დანახარჯების შესახებ ანგარიშებს არ აქვეყნებს და გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაც არ მოგვაწოდა.
ჯიბიდან გადახდა
საქართველოში ჯანდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს მოსახლეობა კვლავ თავად ფარავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განახლებული მონაცემებით, 2023 წელს ჯანდაცვის მიმდინარე დანახარჯებში ჯიბიდან გადახდების წილმა 58.8% შეადგინა. ეს წინა წელთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით მეტია, 2022 წელს ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი 57.2% იყო.
2013 წელს ჯიბიდან გადახდების წილი 69.3%-ს შეადგენდა, ანუ 10 წლის განმავლობაში 10.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. მიუხედავად ამისა, 2023 წლის მონაცემით, მოსახლეობა ჯანდაცვის მიმდინარე დანახარჯების ნახევარზე მეტს კვლავ საკუთარი სახსრებით ფარავდა.
ჯიბიდან გადახდები (Out-of-Pocket, OOP) გულისხმობს თანხებს, რომლებსაც ოჯახები უშუალოდ იხდიან ჯანდაცვის მომსახურებასა და პროდუქტებში. ამ მაჩვენებელში არ შედის კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ გაწეული დანახარჯები.
გრაფიკი 1: ჯიბიდან გადახდების წილი (OOP) ჯანდაცვის დანახარჯებში, 2013-2023 წლებში (%)
წყარო: WHO
მედიკამენტები - ჯიბიდან გადახდების ძირითადი ტვირთი
ჯანდაცვის ხარჯებში მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების უდიდესი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის. მსოფლიო ბანკის დოკუმენტში, WHO-ს 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ საქართველოში ჯიბიდან გადახდების დაახლოებით 60% მედიკამენტებზე იხარჯებოდა.
საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ 2025 წლის კვლევის (ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი, XVII ტალღა) მიხედვით, მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯებისა, ჯანდაცვაზე გადახდილი თანხა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბებას იწვევს და ყველაზე დიდ ტვირთად მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეული ხარჯი აწვება საზოგადოებას. კვლევის თანახმად, 2009-2022 წლებში შინამეურნეობების ჯიბიდან გაწეულ ხარჯებში ჰოსპიტალური მომსახურების წილი შემცირდა, მედიკამენტებზე გაწეული ხარჯის წილი კი, პირიქით, გაიზარდა. 2022 წელს შინამეურნეობების ჯანდაცვის დანახარჯებში მედიკამენტებზე გაწეული ხარჯის წილი 75% იყო.
ეს მონაცემები წინა წლების მდგომარეობას ასახავს და მედიკამენტებზე ხარჯის სიმძიმეს აჩვენებს, თუმცა უახლესი მაჩვენებლები უცნობია. BMG-მ ჯანდაცვის სამინისტროსგან გამოითხოვა უახლესი მონაცემები - ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში რა წილი მოდის მედიკამენტებზე და მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების რა ნაწილი იხარჯება წამლებზე, თუმცა უწყებამ ინფორმაცია არ მოგვაწოდა.
მონაცემთა გადახედვა
აღსანიშნავია, რომ WHO-ს მონაცემთა ბაზის ბოლო განახლებამ მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შეცვალა. ჯანდაცვის დანახარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის (GHED) 2025 წლის დეკემბრის განახლებისას საქართველოსთვის ჯიბიდან გადახდების წილი 2010–2023 წლების მთელ პერიოდზე გადაიხედა. კერძოდ, 2023 წლის მაჩვენებელი მანამდე არსებული 40%-დან 58.76%-მდე შეიცვალა.
WHO-ს ოფიციალური ტექნიკური განმარტების (Country Notes, 2025 წლის დეკემბერი) თანახმად, გადახედვა უკავშირდება საქსტატის მიერ 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შეფასების მეთოდოლოგიის განახლებას (2010 წლის საბაზისო წლით). ცვლილებამ გავლენა იქონია შინამეურნეობების საბოლოო მოხმარებისა და ჯანდაცვაზე გაწეული კერძო დანახარჯების გადაანგარიშებაზეც.
როგორია საქართველოს მდგომარეობა სხვა ქვეყნებთან შედარებით?
ჯიბიდან გადახდების წილით საქართველო ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. 2023 წლის მონაცემებით, 52 ქვეყანას შორის, რომელთა მონაცემიც ხელმისაწვდომია, საქართველო მეექვსე ადგილზეა. მასზე მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ხუთ ქვეყანაში დაფიქსირდა: სომხეთში (80.5%), თურქმენეთში (77.4%), აზერბაიჯანში (64.6%), უზბეკეთში (64.1%) და ტაჯიკეთში (62.4%).
გლობალურ ჭრილში 192 ქვეყანას შორის, რომელთა მონაცემებიც ხელმისაწვდომია, საქართველო ჯიბიდან გადახდების წილით მე-19 ადგილს იკავებს.
შედარებისთვის, 2023 წელს ჯიბიდან გადახდების საშუალო წილი ევროპის რეგიონში 26.9%, ხოლო მსოფლიოში 30.3% იყო. საქართველოს მაჩვენებელი ევროპის რეგიონის საშუალოს დაახლოებით 2.2-ჯერ, გლობალურ საშუალოს კი 1.9-ჯერ აღემატებოდა. (შენიშვნა: ევროპის რეგიონისა და გლობალური მაჩვენებლები ქვეყნების შეუწონავი საშუალოებია).
ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები
2013-2025 წლებში საქართველოში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები ნომინალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა ეკონომიკის ზომასთან მიმართებით მათი წილი კვლავ დაბალია. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მონაცემებით, ჯანდაცვის დაფინანსება 2013 წელს 524.7 მლნ ლარს შეადგენდა, 2025 წელს კი 2.4 მლრდ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში დანახარჯები დაახლოებით 4.6-ჯერ გაიზარდა.
მშპ-სთან მიმართებით 2013 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები 1.8%-ს შეადგენდა, 2021 წელს კი მაჩვენებელმა მაქსიმუმს, 4.3%-ს მიაღწია. 2020-2021 წლებში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსებისა და მშპ-ში მისი წილის ზრდა დიდწილად COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებული ხარჯებით იყო განპირობებული, ხოლო 2022 წლიდან ხარჯი შემცირდა და მშპ-ში ჯანდაცვის სახელმწიფო ხარჯების წილიც 2.9%-მდე დაეცა. 2023-2025 წლებში კი 2.2-2.3%-მდე შემცირდა, რაც 2015-2022 წლების ყველა წლის მაჩვენებელზე დაბალია. ეს მიუთითებს, რომ ბოლო წლებში ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდა ეკონომიკის ზრდას ჩამორჩა. (იხილეთ გრაფიკი 3).
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2023 წელს ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები ევროკავშირში საშუალოდ მშპ-ის 7.4%, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 7%, ხოლო მსოფლიოში 6.1% იყო. საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მონაცემით, ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები 2023 წელს მშპ-ს 2.2%-ს შეადგენდა, ანუ ევროკავშირისა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე დაახლოებით სამჯერ დაბალი იყო.
ეს განსხვავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ ჯანდაცვის ხარჯების ნახევარზე მეტს მოსახლეობა უშუალოდ საკუთარი ჯიბიდან იხდის.
გრაფიკი 2: ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, 2013-2025 წლებში
წყარო: საქსტატი, მშპ-ის განახლებული მონაცემები; საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი
სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტები - რაში იხარჯება ჯანდაცვის დაფინანსება?
ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების ზრდა, ძირითადად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების მატებას უკავშირდება. 2013 წელს პროგრამის ამოქმედებამ დაფინანსების სისტემა მნიშვნელოვნად შეცვალა. მანამდე სახელმწიფო რესურსები ძირითადად კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებსა და მიზნობრივ პროგრამებზე ნაწილდებოდა. საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების შემდეგ სახელმწიფო დაფინანსების მოცვა გაფართოვდა და პროგრამა ყველა იმ მოქალაქეზე გავრცელდა, რომელსაც სხვა სადაზღვევო პაკეტი არ ჰქონდა.
შეიცვალა მომსახურების დაფინანსების მექანიზმიც. კერძო სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად, სამედიცინო მომსახურების შესყიდვისა და ანაზღაურების პასუხისმგებლობა სახელმწიფომ აიღო და პროგრამა პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
2013-2025 წლებში ჯანდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები ნომინალურად თითქმის 5-ჯერ, 435.5 მლნ ლარიდან 2.15 მლრდ ლარამდე, გაიზარდა, რაც უმეტესწილად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებია. 2015-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვაზე ჯანდაცვის მთლიანი სახელმწიფო ხარჯების დაახლოებით 73-74% მოდიოდა. სხვა სიტყვებით, ჯანდაცვისთვის გამოყოფილი ყოველი 100 ლარიდან დაახლოებით 73 ლარი პროგრამას ხმარდებოდა (იხილეთ გრაფიკი 2).
2020-2021 წლებში პროგრამის წილი შემცირდა. განსაკუთრებით მკვეთრი ცვლილება 2021 წელს დაფიქსირდა, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვაზე მთლიანი სახელმწიფო ხარჯების 33.3% მოდიოდა. ეს პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სხვა მიმართულებებზე გაწეული დამატებითი ხარჯებით აიხსნება. მომდევნო წლებში წილი კვლავ გაიზარდა და 2025 წელს ეს მაჩვენებელი 68.8% იყო. ამგვარად, სახელმწიფო დაფინანსების უდიდესი ნაწილი ერთ პროგრამაზეა კონცენტრირებული.
გრაფიკი 3: ჯანდაცვაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯები და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წილი, 2013-2025 წლებში
წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი, შესრულების მაჩვენებლები
ერთიანი შემსყიდველის მოდელზე გადასვლამ ფინანსური პასუხისმგებლობა სახელმწიფო ბიუჯეტზე გადაიტანა, ამიტომ ხარჯების მართვა პროგრამის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. 2017 წლიდან მოქალაქეების შემოსავლების მიხედვით დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა და პროგრამა უფრო მიზნობრივ ჯგუფებზე გახდა ორიენტირებული, თუმცა პროგრამის ხარჯების მართვა კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა. ხარჯების კონტროლის გაუმჯობესების ერთ-ერთი მცდელობა 2022 წლის ნოემბრიდან სტაციონარული მომსახურების დაფინანსების ახალი, DRG მოდელის ამოქმედება იყო. სისტემის მიზანი იყო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა სამედიცინო შემთხვევების სირთულის მიხედვით და კლინიკებისთვის ანაზღაურების უფრო სტანდარტიზებული წესის დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ მოდელის ამოქმედებიდან პირველ სრულ წელს, 2023 წელს, ჯიბიდან გადახდების წილი არათუ შემცირდა, არამედ 57.2%-დან 58.8%-მდე გაიზარდა. თუმცა, ეს მონაცემი თავისთავად არ ადასტურებს DRG მოდელის ეფექტიანობას ან პირიქით - არაეფექტიანობას. აღნიშნული მოდელის ეფექტიანობის სრულფასოვანი შეფასებისთვის საჭიროა დეტალური ინფორმაცია მისი დანერგვის შემდეგ სტაციონარულ ხარჯებსა და პაციენტების ფინანსურ ტვირთზე, რაც საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ, ასევე ამბულატორიულ მომსახურებას მოიცავს. პროგრამამ მნიშვნელოვნად გაზარდა სახელმწიფო დაფინანსებით მოცული მოსახლეობის რაოდენობა, თუმცა მედიკამენტების დაფინანსება პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლია. ანუ, სახელმწიფო ჯანდაცვის ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯავს, ხოლო მედიკამენტების შეძენა მოქალაქეებისთვის კვლავ მნიშვნელოვან ფინანსურ ტვირთად რჩება.
ჯანდაცვის დანახარჯების დეტალური ანგარიშებს სამინისტრო საჯაროდ არ აქვეყნებს. BMG-მ მონაცემების მიღების მიზნით უწყებასაც მიმართა, თუმცა ინფორმაცია ვერც ამ გზით მიიღო. მონაცემების შეზღუდული ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტიანობის სრულფასოვან შეფასებას ართულებს.
BM.GE
წყარო: bm.ge