
საქართველოში საწვავზე ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა - ირაკლი ლექვინაძე
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, საწვავის ადგილობრივ ბაზარზე არსებული ფასები სრულ კორელაციაშია საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე პროცესებთან, ხოლო კომპანიების ფასნამატები ამ ეტაპზე მინიმალურ ზღვარზეა.
როგორც ლექვინაძემ განმარტა, 9 თვის ანგარიშის მიხედვით, ადგილობრივ ბაზარზე ფასების მაღალი ნიშნული საგარეო ფაქტორებით და გარე ბაზრებზე არსებული არაპროგნოზირებადი ვითარებით არის განპირობებული. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის მაღალი ფასი მოქალაქეებისთვის მტკივნეულია, ლექვინაძე ამბობს, რომ ის ზუსტად ასახავს მსოფლიო ბაზარზე არსებულ რეალობას.
“ცხრა თვის ანგარიშის მიხედვით თუ საწვავის ბაზარს შევხედავთ, აბსოლუტურად ფასების სურათი, რაც გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე, დინამიკაშია და კორელაციაშია მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებთან. სამწუხაროდ, გარე ბაზრებზე ვითარება არაპროგნოზირებადი და საკმაოდ არასტაბილურია, არის პლატს პლუს საკმაოდ მაღალი პრემიუმი.
ჩვენ ვაკვირდებით კომპანიების ფასნამატებს, ვაკვირდებით მათ კორელაციას იმპორტის თვითღირებულებასთან და ამ ეტაპზე თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ფასნამატები მინიმალურ ზღვარზეა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები მაღალია და ის შეიძლება ჩვენი მოქალაქეებისთვის მტკივნეულია, შემიძლია გითხრათ, რომ ამ სფეროში ამ ეტაპზე ფასები აბსოლუტურად ასახავს იმ კორელაციას საერთაშორისო ბაზრებთან, რაც წარმოდგენილია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ვითარებასთან.
იმედი გვაქვს, რომ ეს არაპროგნოზირებადი გარემო მალე იქნება უფრო ცხადი იმისთვის, რომ უფრო მეტად შეძლონ კომპანიებმა მეტი ალტერნატივის განხილვა მიწოდების ჯაჭვების კუთხით და ამან უფრო მეტად შეძლოს იმპორტის თვითღირებულების გაიაფება",-განაცხადა ლექვინაძემ bm.ge-ს კითხვის საპასუხოდ მედიასთან.
BM.GE
წყარო: bm.ge