
JPMorgan-მა რეკორდული მოგება მიიღო
ამერიკულმა საბანკო-საფინანსო გიგანტმა, JPMorgan Chase-მა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები დააფიქსირა, რაც საფონდო ბირჟაზე სავაჭრო აქტივობის ზრდითა და ერთჯერადი საინვესტიციო შემოსავლებით არის განპირობებული.
კომპანიის შემოსავალმა საანგარიშო პერიოდში 28%-ით მოიმატა და $57 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $50.6 მილიარდს მნიშვნელოვნად აჭარბებს. ბანკის სუფთა მოგება 41%-ით გაიზარდა და $21.2 მილიარდს მიაღწია. რაც შეეხება ერთ აქციაზე გამომუშავებულ მოგებას, ამ მაჩვენებელმა $7.70 შეადგინა, მაშინ როდესაც ბაზრის მოლოდინი $5.64-ს არ აღემატებოდა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $15 მილიარდის სუფთა მოგება მიიღო, ამჯერად მაჩვენებელმა $21 მილიარდს გადააჭარბა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მოგების მკვეთრი ზრდა ნაწილობრივ კორპორაციული განყოფილების მფლობელობაში არსებული Visa-ს აქციების გაყიდვიდან მიღებულმა $4.6 მილიარდიანმა შემოსავალმა უზრუნველყო. ამასთან, ბანკმა კიდევ $1 მილიარდის სარგებელი მიიღო სხვადასხვა კაპიტალდაბანდებიდან.
აქციებით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 86%-ით გაიზარდა და რეკორდულ $6 მილიარდს მიაღწია, ხოლო აქციების განთავსების დეპარტამენტმა დიდი მოცულობის საკომისიოები მიიღო ხელოვნური ინტელექტის ბუმით გამოწვეული მსხვილი გარიგებებიდან. ამასთან, საპროცენტო შემოსავლებმა 10%-ით მოიმატა და $25.5 მილიარდი შეადგინა, რის გამოც ბანკმა წლიური საპროცენტო შემოსავლების პროგნოზი $96.6 მილიარდამდე გაზარდა. მომხმარებელთა მხრიდან საკრედიტო და სადებეტო ბარათების გამოყენების მოცულობამ კი წლიურ ჭრილში 10%-იანი ზრდა აჩვენა.
საყურადღებოა, რომ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ჯეიმი დაიმონმა არსებულ საბანკო გარემოს პოზიტიური შეფასება მისცა, თუმცა მან გლობალური რისკების შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, ბაზარზე ამჟამად მაღალი ფასები და აქტივობის დიდი მოცულობა ფიქსირდება, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ტენდენცია.
დაიმონმა უმთავრეს საფრთხეებად გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ომები, მდგრადი ინფლაცია და აქტივების მაღალი ღირებულება დაასახელა. მისი შეფასებით, ამ ფაქტორების ერთობლიობამ შესაძლოა ფინანსურ სექტორს მოულოდნელი დარტყმა მიაყენოს.
რაც შეეხება რეაქციას საფონდო ბირჟაზე, ბოლო სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ, JPMorgan-ის აქციების ფასი 2.5%-ით გაიზარდა. ამჟამად კომპანიის საბაზრო შეფასება $918 მილიარდს შეადგენს და ის ბანკების რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.
BM.GE
წყარო: bm.ge