
საქართველოში საკანცელარიო ნივთების იმპორტი წელს $7 მილიონამდეა - სად ვყიდულობთ?
სასწავლო წლის დაწყებამდე საკანცელარიო ნივთებზე მოთხოვნა იზრდება. საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ სხვადასხვა კატეგორიის $6.87 მილიონის საკანცელარიო პროდუქცია შეიძინა, მაშინ როცა გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტის ღირებულება $6.37 მილიონი დოლარი იყო. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, წლიურად საკანცელარიო პროდუქციის იმპორტი დაახლოებით 8%-ით გაიზარდა. ხოლო, ძირითადი მომწოდებელი ქვეყანა ჩინეთი იყო.
საგულისხმოა, რომ საკანცელარიო ნივთები საგარეო ვაჭრობის პორტალზე ერთიან სასაქონლო ჯგუფად არ არის გაერთიანებული და სხვადასხვა კატეგორიაშია განაწილებული. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე დიდი თანხა კალმების იმპორტზე დაიხარჯა. 2026 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში $2.53 მილიონი დოლარის ბურთულიანი და სხვა კალმები შემოვიდა, საერთო წონით - 306 ტონა. გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტი $2.42 მილიონის 280 ტონა იყო. შესაბამისად, კალმების იმპორტის ღირებულება 4.6%-ით, ხოლო მოცულობა 9.2%-ით გაიზარდა.
კალმების მთავარი მომწოდებელი ჩინეთია - წლის პირველ შვიდ თვეში ჩინეთიდან საქართველოში $1.6 მილიონი დოლარის, 247 ტონა კალამი შემოვიდა. მომწოდებელთა ხუთეულში ასევე არიან გერმანია - $121 ათასი, თურქეთი - $116 ათასი, ჰონ-კონგი - $87 ათასი და ესპანეთი - $72 ათასი.
ფანქრების, საწერი და სახატავი ცარცების იმპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში $866.4 ათასი შეადგინა, ფიზიკურმა მოცულობამ კი 148 ტონა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში შესაბამისი მაჩვენებლები $839.8 ათასი და 152 ტონა იყო. შედეგად, ამ კატეგორიის იმპორტის ღირებულება 3.1%-ით გაიზარდა, რაოდენობა კი 2.6%-ით შემცირდა.
ფანქრებისა და შესაბამისი პროდუქციის მთავარი მომწოდებელიც ჩინეთია - $123 ათასი. მას მოსდევს ესპანეთი - $3.9 ათასი, არაბთა გაერთიანებული საამიროები - $3.6 ათასი, ჩეხეთი - $3.4 ათასი და გერმანია - $3 ათასი.
საკანცელარიო პროდუქციის კიდევ ერთი მსხვილი კატეგორია ქაღალდია. ამ ქვეჯგუფში შედის რვეული, ბლოკნოტი, საწერი წიგნაკი, საქაღალდის გარკვეული სახეობები. 2026 წლის შვიდ თვეში საქართველოში $2.62 მილიონი დოლარის საკანცელარიო ქაღალდი შემოვიდა, ფიზიკურმა მოცულობამ კი 741 ტონა შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში იმპორტის ღირებულება $2.24 მილიონი დოლარი, მოცულობა კი 765 ტონა იყო. ამ შემთხვევაში ღირებულების ზრდა 17.2%-ს შეადგენს, მაშინ როდესაც იმპორტირებული ქაღალდის მოცულობა 3.1%-ით შემცირდა.
ქაღალდის მთავარი მომწოდებელი კვლავ ჩინეთია - $1.3 მილიონი და 631 ტონა. შემდეგ მოდის შვეიცარია - $657 ათასი, თურქეთი - $139 ათასი, ჰონ-კონგი - $92 ათასი და უკრაინა - $65 ათასი.
რაც შეეხება სახაზავებსა და ხაზვის ინსტრუმენტებს, მათი იმპორტის ღირებულება მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში $849.6 ათასი იყო, ხოლო მოცულობა - 156 ტონა. 2025 წლის იმავე პერიოდში საქართველოში $878.1 ათასი ღირებულების, 149 ტონა პროდუქცია შემოვიდა. შესაბამისად, ამ კატეგორიაში იმპორტის ღირებულება 3.2%-ით შემცირდა, ფიზიკური მოცულობა კი 4.6%-ით გაიზარდა.
სახაზავებისა და ხაზვის ინსტრუმენტების უმსხვილესი მომწოდებელი ჩინეთია - $678 ათასი და 145 ტონა. ხუთეულში ასევე შედიან თურქეთი - $30 ათასი, გერმანია - $21 ათასი, იტალია - $19 ათასი და პოლონეთი - $17 ათასი.
ამ მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში საკანცელარიო პროდუქციის შერჩეულ ჯგუფებში ყველაზე დიდი იმპორტის ღირებულება კალმებსა და საკანცელარიო ქაღალდზე მოდიოდა. ამ ორ კატეგორიაში ერთად საქართველომ დაახლოებით $5.2 მილიონი დოლარის პროდუქცია შეიძინა.
BM.GE
წყარო: bm.ge