
"ახალ ეტაპზე გადავდივართ" - ჯუთაში მდებარე სასტუმრო Fifth Season ფართოვდება
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში სოფელ ჯუთაში სასტუმრო “მეხუთე სეზონი“ (Fifth Season) ფართოვდება.
განთავსების ობიექტის დამფუძნებელი გელა არაბული BM.GE-სთან ამბობს, რომ ინტერესი მზარდია და სტუმრები ძირითადად აზიიდან ჰყავთ, თუმცა წელს გააქტიურდა ევროპის მიმართულებაც.
როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, ზღვის დონიდან 2360 მეტრზე მდებარე სასტუმროს რესტორანს და მოსასვენებელ სივრცეს ასევე აქტიურად იყენებენ ვიზიტორები, რომლებიც ჯუთას ლაშქრობისთვის სტუმრობენ.
"ყოველდღიურად საკმაოდ ბევრი ხალხი დადის. რა თქმა უნდა, ამინდი თუ ხელს უწყობს. გამვლელმა ტურისტებმა საკმაო იმატა ბოლო წლების განმავლობაში - ადიან ზევით სანახავად, ბილიკზე სასეირნოდ და შემდეგ ბრუნდებიან უკან.
ჯავშნები ნორმალურადაა, დატვირთვა დაახლოებით 80%-იანია. დამეწყრილი გზის გამო, ადგილობრივი მოგზაურები უფრო სხვა რეგიონებისკენ ეშურებიან. ჩვენ ძირითადად უცხოელი მომხმარებლები გვყავს, 90%-ზე მეტი. წინა წლებში და გაზაფხულზეც აზიიდან გვყავდა სტუმრები, ახლა ცოტა ევროპამაც მოიმატა.
გზასთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა და ამის გამოც ცოტა უჭირს ხალხს მოსვლა, მაგრამ არ ვუჩივით. ხუთი თვეა ჩვენთან სეზონი - მაისის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე. წლიდან წლამდე ინტერესი მატულობს, ჩვენი ინფრასტრუქტურაც იზრდება და ვფართოვდებით",- ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
"მეხუთე სეზონი“, რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს, ვიზიტორებს 15 ნომერს, კაფე-ბარს და ეზოში მოწყობილ დასასვენებელ სივრცეს სთავაზობს. გელა არაბულის თქმით, მალე სტუმრებს ადგილზე ახალი კვების ობიექტი დახვდებათ, რომელიც ძირითადად გამვლელი ვიზიტორებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, სრულდება წყლის გასართობი სივრცის მოწყობაც.
"იქნება რესტორანი გარე სივრცის, რომელიც ძირითადად მოემსახურება ყოველდღიურ სტუმრებს, ვინც ჩვენთან არ რჩებიან. იმდენი ხალხი დადის, ვინც ჩვენთან რჩება ცოტა წუხდება ამის გამო და გვინდა ახალი სივრცით გადავჭრათ ეს.
ძველი შენობის მეორე სართულს ძირითადად პერსონალისთვის ვიყენებთ. შარშან 4 ახალი ნომერი დავამატეთ და 15 ნომერია ახლა მოქმედი. ასევე, შარშან გავაკეთეთ გზა სოფლიდან უშუალოდ სასტუმრომდე და ჩვენი ვიზიტორებისთვის გვყავს ტრანსპორტიც.
ჩვენი შემოსავალი, თითქმის სრულად გაფართოებას ხმარდება. ახლა ცალკე აკვა სივრცეს ვაკეთებთ, ვამთავრებთ უკვე და გვექნება აუზი, საუნა, პატარა ჯაკუზი და ასე შემდეგ. ასეულობით ათასი ლარია დახარჯული უკვე ამაში. გენერატორი არ გვქონდა და ესეც მოვაწესრიგეთ. სექტემბერში, ვფიქრობ, რომ გავხსნით ახალ სივრცეს და მომავალი წლიდან სრულად ჩართული იქნება მთელი სასტუმრო. ახალ ეტაპზე გადავდივართ, ასე ვთქვათ, მომსახურებაშიც. ბევრი რაღაც ხელს გვიშლიდა, თავიდან რომ დავიწყეთ ის პატარა მასშტაბები საკმარისი იყო და ახლა ვამატებთ ყველაფერს სტუმრების გაზრდილ რაოდენობას რაც სჭირდება",- აცხადებს გელა არაბული.
გელა არაბულის ინფორმაციით, “მეხუთე სეზონში" 10-დან 15 ადამიანამდეა მუდმივად დასაქმებული:" ირიბად უფრო ბევრი ადამიანია ჩართული, სხვადასხვა სერვისს ვინც გვიწევს. მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივები იყვნენ.
ფასებს რაც შეეხება, ძირითადად საკვების ფასების კორექტირება გვიწევს ხოლმე, იმიტომ, რომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. რაც შეეხება დარჩენის ფასებს, დიდად არ ვცვლით, გზიდან გამომდინარე, ადამიანებს ისედაც ბევრი ხარჯი უჩნდებათ, სანამ ჩვენამდე მოვლენ და გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ",- ამბობს სასტუმროს დამფუძნებელი.
ის მთავარ გამოწვევად სოფელ ჯუთასთან მისასვლელ საავტომობილო გზას ასახელებს. გზას, სადაც პერიოდულად მეწყრული პროცესები აქტიურდება, სრულყოფილი რეაბილიტაცია ჯერჯერობით არ ჩატარებია.
"ჩვენი მთავარი პრობლემა არის გზა. ახლა ჩვენ თვითონ ვახერხებთ ყველაფერს, რომ გავაკეთოთ და გავიტანოთ თავი, შევქმნათ ისეთი სივრცე და ადგილები, რომელიც ქვეყნისთვის ერთ-ერთი სავიზიტოა. უგზოობის მიუხედავად მაინც ამდენს ვახერხებთ და ჩვენ რომ წესიერი გზა გქონდეს, უფრო მეტს შევძლებდით",- აცხადებს სასტუმრო “მეხუთე სეზონის" დამფუძნებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge