
კაბა 16 ლარად, პიჯაკი 35 ლარად, შარვალი 19 ლარად - რა ფასად შეკერავს ჩინური კომპანია ფორმების კომპლექტს
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 45.66 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროსთვის პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეების სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co. შეკერავს.
ხელშეკრულება შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ 2026 წლის 19 ივნისს საქართველოში რეგისტრირებულ შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრისთან“ გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტს 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმა წარმოადგენს, ხოლო კონტრაქტის საერთო ღირებულება 45 658 840 ლარია, დღგ-ის ჩათვლით.
ფასების ცხრილის მიხედვით, თითოეული ტანსაცმლის ერთეულის შეკერვის ღირებულება შემდეგია:
• გოგოს პიჯაკი – 39.61 ლარი; • ბიჭის პიჯაკი – 35.43 ლარი; • გოგოს კაბა – 16.76 ლარი; • ბიჭის შარვალი – 19.65 ლარი; • გოგოს შარვალი – 19.65 ლარი.
შესაბამისად, ბიჭის სასკოლო ფორმის კომპლექტი, რომელიც ერთი პიჯაკისა და ორი შარვლისგან შედგება, 74.73 ლარი ღირს, ხოლო გოგოს კომპლექტი – პიჯაკი, შარვალი და კაბა – 76.02 ლარი.
ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციის თანახმად, ფორმების ძირითადი ქსოვილი 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან დამზადდება. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მზა პროდუქცია გათვლილი უნდა იყოს 40-გრადუსიან მანქანურ რეცხვაზე. გამოყენებული მასალები უნდა აკმაყოფილებდეს OEKO-TEX Standard 100-ის მოთხოვნებს.
სკოლის ფორმების მიწოდება სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპით 301 ათასი ერთეული ფორმა 2026 წლის 25 აგვისტომდე უნდა მიეწოდოს, მეორე ეტაპით – 600 ათასი ერთეული 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე ეტაპით – 900 ათასი ერთეული 30 ნოემბრამდე.
ხელშეკრულება ტენდერის გარეშე, პირდაპირი მოლაპარაკების საფუძველზე გაფორმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქონლის მწარმოებელია ჩინური კომპანია Jiangsu SUMEC ETON KIDD Brand Management Co., Ltd., ხოლო ფორმების ბრენდია Eton Kidd. მიმწოდებლისთვის განსაზღვრულია 12-თვიანი საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაში გამოვლენილი დეფექტის შემთხვევაში კომპანიას საკუთარი ხარჯით პროდუქციის შეცვლა მოუწევს.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის მარტში დაფუძნდა. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ კომპანია წარმოადგენს ჩინურ მწარმოებელს, რომლის სამკერვალო საწარმო ჯიანგსუს პროვინციაში მდებარეობს და რომელიც სპეციალიზებულია სასკოლო ფორმების წარმოებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge