
„კადრების დეფიციტის გამო ახალი ობიექტების გახსნა ჭირს, გამოსავალი ტექნოლოგიურ გადაწყვეტებშია“ - გიორგი ხაბაშვილი
რიტეილ სექტორში სამუშაო ძალის ნაკლებობა კრიტიკულ ზღვარს აღწევს, რაც კომპანიებს გაფართოებაში ხელს უშლის. „გუდვილის“ გენერალური დირექტორისა და რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელის, გიორგი ხაბაშვილის თქმით, არსებული პრობლემის მოგვარება მხოლოდ პროცესების ავტომატიზაციითა და დიჯიტალიზაციით არის შესაძლებელი.
„დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა თანამშრომლების აყვანაა. პირადად ვიცნობ ქსელებს, რომლებსაც სურთ სუპერმარკეტის გახსნა, თუმცა ვერ ახერხებენ, რადგან თბილისის კონკრეტულ რაიონებში თუ ქალაქგარეთ უბრალოდ ვერ პოულობენ ადამიანებს, ვისაც მუშაობის სურვილი აქვს. ახალგაზრდები დღეს უფრო ტექნოლოგიურ მიმართულებებსა და სხვა ბიზნესებში დასაქმებას ამჯობინებენ.
ამჟამად სექტორში დაახლოებით 30 000 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რეალურად 40 000 გვჭირდება. ამ 10000-იანი დეფიციტის გადასალახავად ქსელები აქტიურად ვცდილობთ ტექნოლოგიური გადაწყვეტების დანერგვას. ეს არ არის იოლი ან იაფი პროცესი, თუმცა ტექნოლოგიების შემოტანა და ასიმილაცია ერთადერთი გარდაუვალი გზაა იმისთვის, რომ კადრების ნაკლებობის პრობლემა გადავჭრათ“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ხაბაშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge