
კახა კალაძე მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, რუსთაველის გამზირზე მოქმედი ბიზნესებს შეხვდეს
კახა კალაძის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების არეალში მოქმედ ბიზნესსუბიექტებს თბილისის მერიისთვის შეღავათების ან რაიმე პრობლემური საკითხის განხილვის მოთხოვნით, ჯერჯერობით, არ მიუმართავთ.
როგორც დედაქალაქის მერმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, მერია ბიზნესთან კომუნიკაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
"რაც შეეხება ბიზნესსექტორს, მომართვა ჩვენთან არაფერი არ ჰქონიათ. თუ რაიმე შეხვედრა სურთ და არის ამის აუცილებლობა, ჩვენ მზად ვართ, ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა.
თქვენ იცით, რომ ფეხით გადაადგილება არ არის შეზღუდული, არის კონკრეტული მონაკვეთები იქ, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა თუ ბიზნესსექტორს აქვს სურვილი, ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.
BM.GE
წყარო: bm.ge