კახა კალაძე რუსეთის მიერ ქართული ღვინის აკრძალვას და უნივერსიტეტების დამეგობრების შეთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთის მიერ ერთი მხრივ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვას და მეორე მხრივ უნივერსიტეტების მეგობრობის შემოთავაზებას „არალოგიკურს“ უწოდებს.
თბილისის მერი კახა კალაძე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლის, გიორგი ზურაბაშვილისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის შეხვედრას მედიასთან კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ რუსული მხარის პოზიცია, ქართული ღვინის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით, შესაბამისი არგუმენტებით განმარტებული არ არის და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს.
"მარტივად რომ ვთქვათ, რა არის პრობლემა და რას გვეუბნება რუსული მხარე. ქართული ღვინო არ უნდა გაიყიდოს რუსეთში და უნდა იყოს სანქცირებული, თუმცა არ არის ამის არგუმენტი და რაშია პრობლემა, ვერ მოვისმინეთ. ერთი მხრივ, გვეუბნებიან, რომ ქართული ღვინის შეტანა უნდა აიკრძალოს და, მეორე მხრივ, გვთავაზობენ, რომ უნივერსიტეტებმა იმეგობროს. ეს ხომ ალოგიკურია“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ნათელია, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
„ვისაც შეუძლია ანალიზის გაკეთება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს, რა თქმა უნდა, არის საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და ამ ტიპის ქმედებები აძლიერებს უსამშობლო აგენტურულ ქსელს, რომელიც დღეს საქართველოში ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება შეფასებები და შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
