მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. კახა კალაძის დაპირებები: მიწისზედა მეტრო, პარკინგები, ხიდები…რომელი პროექტები (ვერ) განხორციელდა?
კახა კალაძის დაპირებები: მიწისზედა მეტრო, პარკინგები, ხიდები…რომელი პროექტები (ვერ) განხორციელდა?

კახა კალაძის დაპირებები: მიწისზედა მეტრო, პარკინგები, ხიდები…რომელი პროექტები (ვერ) განხორციელდა?

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 14:00|bm.ge

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ თბილისის მერს, კახა კალაძეს, ბოლო წლებში გაცემული რამდენიმე დაპირება შეახსენა და განაცხადა, რომ მათი ნაწილი დღემდე შეუსრულებელია.

კუპრაძემ მათ შორის დაასახელა მიწისზედა მეტრო, მიწისქვეშა პარკინგები, მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელები, ლილოს ნაგავსაყრელზე დაგეგმილი პროექტები, გელოვანის გამზირი–სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი, „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძი და მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია.

„ბიემჯიმ“ გადაამოწმა, რას დაჰპირდა კახა კალაძე თბილისელებს, რა ვადებში უნდა განხორციელებულიყო დასახელებული პროექტები და რა მდგომარეობაშია ისინი დღეს.

მიწისზედა მეტრო

თბილისის მერმა კახა კალაძემ მიწისზედა მეტროს პროექტი 2018 წელს, „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პრეზენტაციაზე წარადგინა. მისი განცხადებით, პროექტის მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო.

პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“, აეროპორტის გავლით, ლილოს ბაზრობამდე მიწისზედა მეტროს ხაზისა და 8 ახალი სადგურის: „სამგორი 2“, „კახეთის გზატკეცილი“, „ისთ ფოინთი“, „ორხევი“, „აეროპორტის დასახლება“, „აეროპორტი“, „ლილოს დასახლება“ და „ლილოს ბაზრობა, მშენებლობას ითვალისწინებდა.

გეგმის მიხედვით, მშენებლობა 2019 წლის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, ახალი ხაზი კი ეტაპობრივად, 2020-2021 წლებში შესულიყო ექსპლუატაციაში. პროექტის სავარაუდო ღირებულება 90 მლნ აშშ დოლარი იყო, საიდანაც 30 მლნ ვაგონების შესაძენად უნდა დახარჯულიყო. მერიის გათვლებით, ახალი ხაზით ყოველდღიურად დაახლოებით 200 ათას მგზავრს უნდა ესარგებლა. პროექტის მეორე ეტაპი მიწისზედა მეტროთი თბილისისა და რუსთავის დაკავშირებას ითვალისწინებდა.

2019 წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად კომპანია „ILF Consulting Engineers“-ი შეარჩია. ხელშეკრულების ღირებულება დაახლოებით 12.8 მლნ ლარი იყო. მოგვიანებით პროექტი შეჩერდა და მშენებლობა აღარ დაწყებულა. ამავე პერიოდში ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებდა, რომ მიწისზედა მეტროს მშენებლობა აღარ განიხილებოდა.

2025 წლის ბოლოს კახა კალაძემაც განაცხადა, რომ პროექტის განხორციელება დაახლოებით 300 მლნ ევროს საჭიროებდა და დროებით შეჩერებული იყო, ამ ეტაპზე პრიორიტეტი მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და ვარკეთილის მიმართულებით მეტროს ხაზის გაგრძელებას ენიჭებოდა.

ამრიგად, 2018 წელს გამოცხადებული მიწისზედა მეტროს პროექტის მშენებლობა განსაზღვრულ ვადაში არ დაწყებულა და პროექტი დღემდე არ განხორციელებულა. ირაკლი კუპრაძის განცხადების ის ნაწილი, რომ მიწისზედა მეტროს პროექტი არ შესრულდა, სიმართლეა.

მიწისქვეშა პარკინგი

კახა კალაძემ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის გეგმა ჯერ კიდევ 2017 წელს, თბილისის მერობის კანდიდატობის პერიოდში წარადგინა. სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე მან თბილისში 10 ლოკაცია დაასახელა, სადაც მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა განიხილებოდა. მათ შორის იყო ცენტრალური რკინიგზის სადგური, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია, პუშკინის მოედანი, ფილარმონია, მეტროსადგური „ისანი“, დინამოს სტადიონი, თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორია, გულიას მოედანი, მეტროსადგური „ვარკეთილი“ და გეგეშიძის ბაღი.

მერად არჩევის შემდეგ, 2018 წელს მუნიციპალიტეტმა რამდენიმე ლოკაციაზე მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. თავდაპირველად პროცესი ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, მოგვიანებით კი გეგეშიძის ბაღის, ცენტრალური რკინიგზის სადგურისა და მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიებიც დაემატა.

თუმცა პროექტების განხორციელებით კერძო სექტორი პრაქტიკულად არ დაინტერესდა. 2018 წლის ივნისში კახა კალაძე აცხადებდა, რომ სამ ლოკაციაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში განაცხადი არცერთ კომპანიას არ ჰქონდა წარდგენილი. ამის შემდეგ მერიამ პირობები შეცვალა და მიწის ნაკვეთების ინვესტორებისთვის სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემაც შესთავაზა.

ფილარმონიის შემთხვევაში ინტერესი მოგვიანებით კომპანია „იქს 2“-მა გამოხატა, თუმცა პროექტი საბოლოოდ არც ამ ლოკაციაზე განხორციელებულა. შესაბამისად, 2017 წელს წარმოდგენილი 10 მიწისქვეშა პარკინგის გეგმა დაგეგმილი სახით არ შესრულებულა.

ამასთან, კალაძის მერობის პერიოდში მიწისქვეშა პარკინგი ორბელიანის მოედანზე მოეწყო, რომელიც დაახლოებით 170 ავტომობილზეა გათვლილი. თუმცა ორბელიანის მოედანი 2017 წელს დასახელებულ 10 ლოკაციას შორის არ ყოფილა და პარკინგი მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაკეთდა.

მიწისქვეშა პარკინგების დაპირების პარალელურად, ბოლო წლებში თბილისში ოფიციალური საპარკინგე ადგილების საერთო რაოდენობაც შემცირდა. 2018 წელს დედაქალაქში 32 257 საპარკინგე ადგილი იყო. 2021 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 29 474-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წლის 1 ივლისისთვის - 27 614-ს. ბოლო ხელმისაწვდომი ერთიანი მონაცემით, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილია.

შესაბამისად, 2018 წელთან შედარებით საპარკინგე ადგილების რაოდენობა 3 741-ით, ანუ დაახლოებით 11.6%-ით არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის შუა პერიოდში სხვაობა უფრო დიდი იყო - 2018 წელთან შედარებით ქალაქში 4 643-ით ნაკლები საპარკინგე ადგილი ფიქსირდებოდა. სწორედ ამიტომ, ირაკლი კუპრაძის განცხადება, რომ საპარკინგე ადგილების რაოდენობა „თითქმის 5 ათასით შემცირდა“, 2024 წლის მონაცემებთან ახლოსაა, თუმცა ბოლო ხელმისაწვდომი სტატისტიკით (2026 წლის ივნისისთვის, თბილისში 28 516 საპარკინგე ადგილი იყო), შემცირება დაახლოებით 3.7 ათას ადგილს შეადგენს.

ამავე პერიოდში გაიზარდა პარკირების წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობაც. IDFI-ის მონაცემებით, 2018 წლიდან 2024 წლის 1 ივლისამდე 3.1 მილიონზე მეტი ჯარიმა გამოიწერა, რომელთა საერთო ღირებულებამ 54.7 მლნ ლარი შეადგინა. 2026 წლის იანვარ-მაისში კი გადახდილი ჯარიმების მოცულობამ 8.8 მლნ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2-ჯერ მეტია. თუმცა ჯარიმებიდან მიღებული თანხის ზრდასა და საპარკინგე ადგილების შემცირებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენა ამ მონაცემებით შეუძლებელია — მაჩვენებელზე სანქციის ოდენობა, კონტროლის ინტენსივობა და პარკირების სისტემაში განხორციელებული ცვლილებებიც მოქმედებს.

ამრიგად, ირაკლი კუპრაძის განცხადების ძირითადი ნაწილი ფაქტობრივ საფუძველს ეყრდნობა: კახა კალაძის მიერ 2017 წელს წარმოდგენილი 10 მიწისქვეშა პარკინგის გეგმა არ განხორციელებულა, ხოლო თბილისში საპარკინგე ადგილების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით შემცირებულია. თუმცა ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემებით კლება არა თითქმის 5 ათასი, არამედ დაახლოებით 3.7 ათასი ადგილია.

მეტროსადგურ ახმეტელის და მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელი

მეტრო „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელის საჭიროებაზე კალაძე ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში საუბრობდა. თბილისის მერის განცხადებით, მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელი წარსულში არსებობდა და მის აღდგენაზე მუნიციპალიტეტი აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობდა. კალაძე ასევე აღნიშნავდა, რომ შესაბამისი ტერიტორია გასხვისებული იყო, თუმცა მისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტი მის დაბრუნებას გეგმავდა.

2023 წლის დეკემბერში კალაძემ პროექტის განხორციელების უფრო კონკრეტული ვადებიც დაასახელა. მისი განცხადებით, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხუთეტაპიანი კვლევა მიმდინარეობდა, რომლის ორი ეტაპი უკვე დასრულებული იყო. მერი ამბობდა, რომ 2024 წლის ნოემბერში კვლევა და პროექტი მზად უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდებოდა.

თუმცა ეს ვადა ვერ შესრულდა. 2025 წლის აგვისტოში კახა კალაძე უკვე აცხადებდა, რომ როგორც „ახმეტელის თეატრის“, ისე „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელების მოწყობა კვლავ პროექტირების ეტაპზე იყო. მისი თქმით, პროექტები აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მომზადებული კონცეფციის საფუძველზე მუშავდებოდა და პროექტირება 2026 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდებოდა.

ამდენად, „ახმეტელის თეატრის“ შემთხვევაში კალაძის მიერ თავდაპირველად დასახელებული ვადა შეიცვალა: პროექტი, რომელიც 2023 წლის განცხადებით 2024 წლის ნოემბრისთვის მზად უნდა ყოფილიყო, 2025 წლის აგვისტოშიც პროექტირების ეტაპზე რჩებოდა, ხოლო პროექტირების დასრულების ახალი ვადა 2026 წლის დასაწყისისთვის განისაზღვრა.

შესაბამისად, „ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელთან დაკავშირებით ირაკლი კუპრაძის განცხადებას ფაქტობრივი საფუძველი აქვს - კალაძის მიერ პროექტის მოსამზადებლად თავდაპირველად დასახელებული 2024 წლის ნოემბრის ვადა არ შესრულდა. ამასთან, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოების დაწყების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ იძებნება.

რაც შეეხება „მარჯანიშვილს“, მეორე ამოსასვლელი ასევე არ არის მოწყობილი, თუმცა კუპრაძის მტკიცება, რომ კალაძე მის გახსნას კონკრეტულად 2026 წლისთვის დაჰპირდა თბილისელებს, მოძიებული წყაროებით არ დასტურდება. 2025 წლის აგვისტოში კალაძის მიერ დასახელებული 2026 წლის ვადა პროექტირების დასრულებას და არა მეორე ამოსასვლელის ექსპლუატაციაში შესვლას ეხებოდა.

ლილოს ნაგავსაყრელი და გაზშემკრები სისტემა

ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობის მოწესრიგებასა და გაზშემკრები სისტემის მოწყობაზე კახა კალაძე 2019 წლიდან საუბრობდა. თბილისის მერის განცხადებით, შესაბამისი დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბრისთვის უნდა მომზადებულიყო, რის შემდეგაც პროექტის განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდებოდა, სამუშაოები კი 2021 წლისთვის დასრულდებოდა.

„თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტირებისა და მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვაზე ტენდერი 2019 წლის 11 ნოემბერს გამოაცხადა (NAT190022299). ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია — შპს „ჯავა“ — მონაწილეობდა, რომლის საბოლოო შეთავაზება 48.18 მლნ ლარი იყო. თუმცა 2020 წლის მაისში შესყიდვის პროცედურა COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გარემოებების გამო შეწყდა და პროექტი დაგეგმილი სახით აღარ განხორციელებულა.

შემდგომ წლებში ლილოს პოლიგონზე ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდა, გაზშემკრები სისტემის მოწყობა კი მოგვიანებით ახალი პროექტის ფარგლებში დაიგეგმა.

ამრიგად, თავდაპირველად გამოცხადებული ვადა მნიშვნელოვნად გადაიწია. 2019 წელს კახა კალაძე აცხადებდა, რომ გაზშემკრები სისტემის პროექტი 2021 წლისთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა ამ ვადაში სამუშაოები არ განხორციელებულა.

ამასთან, პროექტი საბოლოოდ შეჩერებული არ არის. მოგვიანებით მისი განხორციელება ახალი დაფინანსებისა და პროექტის ფარგლებში გაგრძელდა. ბოლო ინფორმაციით, შესასრულებელ სამუშაოებზე ინტერესთა გამოხატვის პროცედურა ჩატარდა და გამარჯვებული კომპანიაც შეირჩა, რომელმაც სამუშაოები უცხოელი ექსპერტების ზედამხედველობით უნდა განახორციელოს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ლილოს პოლიგონის დატვირთვა კვლავ მაღალია - „თბილსერვის ჯგუფის“ მონაცემებით, 2025 წელს იქ დაახლოებით 509.7 ათასი ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენი განთავსდა.

შესაბამისად, კახა კალაძის 2019 წელს დასახელებული ვადა — გაზშემკრები სისტემის 2021 წლისთვის დასრულება - არ შესრულდა. პროექტი მოგვიანებით ახალი დაფინანსებითა და განსხვავებული ვადებით განახლდა და მისი განხორციელება კვლავ მიმდინარეობს. თუმცა თავდაპირველად გამოცხადებულ ვადას რამდენიმე წლით ჩამორჩა.

გელოვანის გამზირი–სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი

მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა კახა კალაძის 2017 წლის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული ერთ-ერთი მსხვილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი იყო. პროგრამაში აღნიშნული იყო, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მტკვარზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდებოდა, რომელიც გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას დააკავშირებდა, გააუმჯობესებდა მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს შორის კავშირს და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობას განტვირთავდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ხიდის იდეა კალაძის მერობის პერიოდამდე არსებობდა. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ 2013 წელს იგეგმებოდა. მაშინდელი პროექტი დაახლოებით 200-მეტრიანი დაკიდებული ხიდის მოწყობას ითვალისწინებდა, თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდმა პროექტი 2013 წლის თებერვალში შეაჩერა. ფონდი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად ხიდის მაღალ საექსპლუატაციო ხარჯს ასახელებდა, რომელიც წელიწადში დაახლოებით 4 მლნ ლარად იყო შეფასებული. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 80 მლნ ლარს შეადგენდა.

2017 წელს კალაძემ მანამდე შეჩერებული ხიდის მშენებლობა საკუთარ საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. პროექტი მერად არჩევის შემდეგაც აქტუალური რჩებოდა. 2019 წელს „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ ახალი სატრანსპორტო კვანძის წარდგენისას კალაძე აცხადებდა, რომ ფართო პროექტის მესამე ეტაპი მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების ხიდით დაკავშირებას ითვალისწინებდა, რომელიც სამტრედიის ქუჩაზე გავიდოდა. მერის განცხადებით, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა.

თუმცა 2017 წლის საარჩევნო პროგრამით განსაზღვრული ოთხწლიანი პერიოდი ისე დასრულდა, რომ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი არ აშენებულა. პროექტი არც შემდგომ წლებში განხორციელებულა და 2026 წლის მდგომარეობით აღნიშნულ მონაკვეთზე ახალი სახიდე გადასასვლელი კვლავ არ არსებობს.

შესაბამისად, ირაკლი კუპრაძის განცხადება ამ ნაწილში ფაქტობრივ გარემოებებს შეესაბამება - კახა კალაძის 2017 წლის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის დაპირება არ შესრულებულა.

„ვეფხი და მოყმის“ ესტაკადა

ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობა კახა კალაძემ 2019 წლის სექტემბერში დააანონსა. თბილისის მერის განცხადებით, დაახლოებით ერთკილომეტრიანი კვანძი შვიდი სხვადასხვა სიგრძის ღერძისგან უნდა შემდგარიყო და მარშალ გელოვანის გამზირი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო და გაგარინის ქუჩა ერთმანეთთან დაეკავშირებინა. პროექტის განხორციელების შედეგად ადგილზე შუქნიშნების გაუქმება და ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა იგეგმებოდა.

მერიამ პროექტის მშენებლობაზე ტენდერიც გამოაცხადა, რომლის სავარაუდო ღირებულება 21.63 მლნ ლარი იყო. თუმცა 2019 წლის ნოემბერში შესყიდვის პროცედურა შეწყდა. მიზეზად ტერიტორიაზე GWP-ის მიერ წყალსადენ-წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გადადება დასახელდა.

2020 წელს პროექტის განხორციელება კიდევ ერთხელ გადაიდო. კახა კალაძის განცხადებით, COVID-19-ის პანდემიის შედეგად შემცირებული საბიუჯეტო შემოსავლების გამო „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ დაგეგმილი ესტაკადის მშენებლობა დროებით აღარ განხორციელდებოდა.

პროექტი დღის წესრიგში 2023 წლის ბოლოს დაბრუნდა, თუმცა უკვე მნიშვნელოვნად შეცვლილი და უფრო მასშტაბური სახით. კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში განაცხადა, რომ რამდენიმე ალტერნატივიდან პროექტის კონკრეტული ვარიანტი შეირჩა, რომელიც მიწისქვეშა გვირაბების, ახალი ესტაკადებისა და მტკვარზე ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობას ითვალისწინებდა.

მერის მაშინდელი შეფასებით, პროექტის ღირებულება, ქონების გამოსყიდვის ჩათვლით, დაახლოებით 300 მლნ ლარი იქნებოდა. კალაძე ასევე აცხადებდა, რომ პროექტთან დაკავშირებული გარკვეული სამუშაოების დაწყება 2024 წელს იგეგმებოდა.

თუმცა „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ დაანონსებული სატრანსპორტო კვანძი არც თავდაპირველი და არც მოგვიანებით შეცვლილი პროექტის სახით განხორციელებულა. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 2023 წელს დაანონსებული დაახლოებით 300-მილიონიანი პროექტის სამშენებლო სამუშაოები ადგილზე არ მიმდინარეობს.

შესაბამისად, ირაკლი კუპრაძის განცხადების ძირითადი ნაწილი ფაქტობრივ გარემოებებს შეესაბამება - კახა კალაძემ „ვეფხი და მოყმის“ მიმდებარედ სატრანსპორტო კვანძის მოწყობა მართლაც არაერთხელ დააანონსა, ხოლო 2023 წელს განახლებული პროექტის ღირებულებად დაახლოებით 300 მლნ ლარი დაასახელა. პროექტი დღემდე არ განხორციელებულა.

მეტროსადგურ „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია

მეტროსადგურ „გურამიშვილის“ კაპიტალური რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში სადგური რამდენიმე თვით დაიკეტა, თუმცა 2018 წლის იანვარში მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ახლად რეაბილიტირებული ჭერის ჩამონგრევის შემდეგ „გურამიშვილზე“ დაგეგმილი მასშტაბური სამუშაოებიც შეჩერდა. სადგურს უსაფრთხოების დასადგენად ექსპერტიზა ჩაუტარდა და მოგვიანებით მგზავრებისთვის გაიხსნა, თუმცა სრული რეაბილიტაცია აღარ გაგრძელებულა.

2019 წელს კახა კალაძემ განაცხადა, რომ „გურამიშვილის“ რეაბილიტაციის არსებული პროექტი დაწუნებული იყო და ახალი პროექტის მომზადების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყებოდა. იმავე წელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „გურამიშვილის“, „ავლაბრისა“ და „ვარკეთილის“ რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო და კვლევითი სამუშაოებიც შეისყიდა.

მოგვიანებით „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილ მეტროსადგურების განახლების პროგრამას დაუკავშირდა. 2021 წლის ბოლოს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი გიორგი შარკოვი აცხადებდა, რომ 10-12 მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სატენდერო დოკუმენტაცია მზადდებოდა და „გურამიშვილი“ ერთ-ერთი პირველი სადგური იქნებოდა.

თუმცა პროექტის განხორციელება კვლავ გადაიდო. 2024 წლის ნოემბერში სატრანსპორტო კომპანიის მაშინდელი დირექტორ გიორგი შარკოვის განცხადებით, „გურამიშვილის“ რეაბილიტაციის ტენდერი 2025 წლის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო.

ეს ვადაც ვერ შესრულდა. 2025 წლის აპრილში კახა კალაძე კვლავ აცხადებდა, რომ „გურამიშვილი“ ცუდ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა, ხოლო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან პროექტებზე მუშაობა გრძელდებოდა.

2026 წლის ივნისში კალაძემ განაცხადა, რომ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადება წლის ბოლოსთვის უნდა დასრულებულიყო, რის შემდეგაც საერთაშორისო ტენდერები გამოცხადდებოდა. შესაბამისად, მანამდე დასახელებული 2025 წლის ვადაც გადაიწია.

ამრიგად, მეტროსადგურ „გურამიშვილის“ კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო და მოგვიანებით შეჩერდა, ცხრა წლის შემდეგაც დასრულებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავდაპირველად კახა კალაძის მერობამდე დაიწყო, თუმცა მისი მერობის პერიოდში შეჩერებული რეაბილიტაციის განახლება არაერთხელ დაანონსდა და ვადებიც რამდენჯერმე შეიცვალა. 2026 წლის მდგომარეობით, ახალი პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

დასკვნა

"ბიემჯის“ მიერ გადამოწმებული პროექტების ქრონოლოგია აჩვენებს, რომ ირაკლი კუპრაძის მიერ დასახელებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაპირველად გამოცხადებულ ვადებში არ განხორციელებულა. ზოგი მათგანი დღემდე შეჩერებულია, ნაწილის განხორციელების ვადები რამდენჯერმე შეიცვალა, ცალკეული პროექტები კი მოგვიანებით შეცვლილი ფორმითა და ახალი დაფინანსებით განახლდა.

ამასთან, ყველა დასახელებული შემთხვევის ერთიანად „შეუსრულებელ დაპირებად“ შეფასება ზუსტი არ იქნება. რიგ შემთხვევებში პროექტი საბოლოოდ არ გაუქმებულა და მისი განხორციელება კვლავ იგეგმება, ზოგ შემთხვევაში კი თავდაპირველი პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ასევე, კუპრაძის მიერ დასახელებული ცალკეული კონკრეტული ვადა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებით არ დასტურდება.

შესაბამისად, კუპრაძის განცხადების ძირითადი ფაქტობრივი ნაწილი დასტურდება - მის მიერ დასახელებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაპირველი გეგმითა და ვადებით არ შესრულებულა. თუმცა განცხადება საჭიროებს დაზუსტებას პროექტების შემდგომი განვითარების გათვალისწინებით: ნაწილი არ განხორციელებულა, ნაწილი დაგვიანებით ან შეცვლილი სახით კვლავ განხორციელების პროცესშია.

აქედან გამომდინარე, ირაკლი კუპრაძის განცხადებას არის მეტწილად სიმართლე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 57 სტატია.

  • კადრებში საეჭვო ვერაფერი დავინახე - კალაძე დავითაძის საქმეზეტვ პირველი
  • კახა კალაძე ალექსანდრ სტუბის განცხადებაზე: უკრაინას უკვე ბუფერულ ზონას უწოდებენ, ეს სამწუხარო რეალობაარუსთავი 2
  • კახა კალაძე უფასო სასადილოებზე: თუ ბიზნესსექტორი ამბობს, რომ კონკრეტულ ფასში კონკრეტული მენიუს მიწოდება შეუძლია, ჩვენ უფლება არ გვაქვს, ტენდერი უფრო მაღალი ფასით გამოვაცხადოთიმედი
  • კახა კალაძე ALDE-ს წერილზე: ჩალის ფასი აქვს, ხომ იცით?ფორმულა
კალაძე →

მსგავსი სტატიები

TSMC-ის III კვარტალის შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

TSMC-ის III კვარტალის შემოსავალმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა

BM.GE

სომხეთში ოპოზიციონერ გაგიკ ცარუკიანს ასობით აქტივი დაუყადაღეს

სომხეთში ოპოზიციონერ გაგიკ ცარუკიანს ასობით აქტივი დაუყადაღეს

BM.GE

Greengold-ი 500,000 ევროს ინვესტიციას ელოდება|გურიიდან ევროპამდე - ქართული ჩაის ექსპორტის გეოგრაფია და გეგმები

Greengold-ი 500,000 ევროს ინვესტიციას ელოდება|გურიიდან ევროპამდე - ქართული ჩაის ექსპორტის გეოგრაფია და გეგმები

BM.GE

Mercedes-Benz-ის გაყიდვები 8%-ით შემცირდა

Mercedes-Benz-ის გაყიდვები 8%-ით შემცირდა

BM.GE