
კალაძე განმარტავს, რატომ იტბორება თბილისის ქუჩები
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ორი დღის წინ მოსული უხვი ნალექის შედეგები შეაჯამა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მოკლე დროში მოსული ინტენსიური წვიმის დროს თბილისის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა და მოსახლეობას პრობლემები შეექმნა.
კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები და გამგეობის თანამშრომლები ყველა იმ უბანში იმყოფებოდნენ, სადაც ამინდმა პრობლემები შექმნა, და ადგილზე ჰქონდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. მერის თქმით, „ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული“.
რაც შეეხება უშუალოდ ქუჩების დატბორვის მიზეზებს, დედაქალაქის მერი ორ მთავარ ფაქტორს გამოყოფს ეს არის სანიაღვრეების გაჭედვა და ინფრასტრუქტურული გამოწვევები.
"როგორც მოგეხსენებათ, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს დაიტბორა რამდენიმე ქუჩა, რომელმაც მოსახლეობას შეუქმნა პრობლემები. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ უბნებში რა პრობლემები შექმნა აღნიშნულმა ამინდმა. ე.ი. არ დარჩენილა არც ერთი ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან თუნდაც გამგეობის თანამშრომლების არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან და, რა ვიცი, ყველგან, სადაც იყო აუცილებლობა, ყველგან ვიყავით მისულები. ყველა ის პრობლემა იქნება მოგვარებული... თვითონ რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ ხდება კონკრეტული ქუჩების დატბორვა - არის ორი პრობლემა: ერთი, როდესაც ხდება სანიაღვრეების ამოვსება ჩამოგლეჯილი ხის ტოტებით, ფოთლებით, ასევე ნარჩენებით, ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს და ზოგადად სანიაღვრე ქსელების არარსებობა ან მოძველება.
შესაბამისად, იმიტომ არის 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ როდესაც ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, აბსოლუტურად, ეს იქნება ქუჩები, გამზირები, სადაც რეაბილიტაციას ვახორციელებთ. პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება. ზოგადად მთელი ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა კომუნიკაციების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ამიტომ სადაც ვიწყებთ სამუშაოებს პირველად კეთდება მიწისქვემოთ არსებული ქსელის გამოცვლა, მოწესრიგება და განახლება. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული", - განაცხადა კალაძემ.