
კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელით და უვიზოს დაკარგვის საფრთხე - შეფასებები 2026 წლის გაფართოების ანგარიშის
მონტენეგრო გაწევრიანების გზაზეა, მოლდოვა საუკეთესო მოსწავლეა კლასში, უკრაინამ ყველაზე რთულ პირობებშიც პერიოდშიც გააგრძელა ევროკავშირისკენ სვლა, საქართველოში კი უკუსვლა გრძელდება. ასეთია მოკლე შეფასება ევროკომისრისგან გაფართოების საკითხებში.
"მონტენეგრო გზას ადგას, რომ ევროკავშირის 28-ე წევრი გახდეს 2028 წელს. მოლდოვაზე ადრე ვამბობდი ხოლმე რომ ეს საუკეთესო სტუდენტია ჩემს კლასში და უნდა ვთქვა, რომ ის წინ მიიწევს. უპრეცედენტო საგარეო ზეწოლების მიუხედავად, მოლდოვამ შესანიშნავ პროგრესს მიაღწვია ევროპულ გზაზე. ქვეყანამ მნიშვნელოვანი მზაობა აჩვენა რეფორმების დაჩქარების კუთხით. უკრაინამ კი გააგრძელა ევროკავშირში წევრობისკენ სვლა ყველაზე რთულ პირობებში. საქართველოში ჩვენ გავხდით კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიისა და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვის მოწმენი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია", - აცხადებს მარტა კოსი.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშით, რეფორმები გაწევრიანებაში წინსვლის წინაპირობაა. პროგრესი მონტენეგროს, ალბანეთს, მოლდოვას და უკრაინას აქვთ, საქართველოსა და თურქეთში განსხვავებული ვითარებაა. ამ ქვეყნების დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებები და კანონის უზენაესობა დასავლეთმა გაუარესებულად შეაფასა და ამ პოზიციით საქართველო ახლა თურქეთის გვერდით არა მხოლოდ შავის ზღვის სანაპიროზე, არამედ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანების ჩამონათვალში, რომელშიც თურქეთი გასული საუკუნიდან მოყოლებული პროგრესის გარეშეა გამყარებული.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშით საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნად მხოლოდ სახელით, ფორმალურად რჩება და უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.
"მმართველი პარტია განაგრძობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრას დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებზე თავდასხმისა, ასევე სახელმწიფოს შემდგომი მიტაცების ხელშეწყობის საშუალებით. რეპრესიული კანონმდებლობის მიღებამ უფრო მეტად და მკაცრად შეზღუდა სამოქალაქო სივრცე. გასული წლის განმავლობაში საქართველოში ვითარება უფრო მეტად გაუარესდა ვხედავთ დემოკრატიის სერიოზულ უკუსვლას, კანონის უზენაესობის სწრაფ რღვევას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას. ყოველივე ეს საქართველოს მიერ გაკეთებული პოლიტიკური არჩევანის შედეგია. ევროპული გზა კვლავ ღიაა, თუ საქართველოს ხელისუფლება კურსს შეცვლის", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების პაკეტის მიხედვით, 10 ქვეყანას შორის საქართველო და თურქეთი ის ქვეყნებია, სადაც დემოკრატიული სტანდარტები, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, ასევე კანონის უზენაესობა, კიდევ უფრო გაუარესდა.
საქართველოს მთავრობას 2026 წლის გაფართოების შესახებ კრიტიკული ანგარიში ჰერჩინსკიმ ოფიციალურად გადასცა. დოკუმენტი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა, გიორგი ზურაბაშვილმა ჩაიბარა. 2026 წლის გაფართოების პაკეტი საგზაო რუკებს ოთხი მოწინავე ქვეყნისთვის: მონტენეგროსთვის, ალბანეთისთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის პირველად მოიცავს.
"მონტენეგროს მაგალითზე კარგად ჩანს, რომ ბალკანეთის ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე ძალიან წარმატებით მიდიან. წარსულში საქართველო ვალდებულებებს ასრულებდა, რის გამოც „ასოცირებული ტრიოს“ ყველაზე წარმატებული წევრი იყო. დღეს კი როდესაც ეს მოთხოვნები აღარ სრულდება, ქვეყანა პარტნიორებისთვის მიმზიდველობას კარგავს. გაფართოების ბოლო ანგარიშში მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ ოდესღაც ლიდერი ქვეყანა ყველაზე ბოლო პოზიციაზე აღმოჩნდა. რეალური საფრთხე შეიქმნა იმისა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი საერთოდ ჩამოერთვას ან უვიზო მიმოსვლა შეეჩეროს. ეს არის უმძიმესი რეალობა, რომლის წარმოდგენაც კი ადრე შეუძლებელი იყო", - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ალექსანდრე მიშველიძე.
საპასუხოდ ოფიციალური თბილისიდან ღიად ამბობენ, რომ ევროპული სტრუქტურების წარმომადგენლების ცვლილებას ელოდებიან.
"მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ ფაქტებს დაეფუძნებოდა. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს, იმიტომ რომ არცერთი ეს შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე. შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებ ამ ანგარიშს. ის მწვავეა მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა", - განაცხადა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირში საქართველოს საკითხს იანვარში კვლავ დაუბრუნდებიან.
"საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია, როგორც ეს აღვნიშნეთ შესავალ სიტყვაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ არჩევანს. იანვარში საგარეო საქმეთა მინისტრებთან გვექნება უფრო სიღრმისეული დისკუსია საქართველოსთან დაკავშირებით იმის თაობაზე, თუ როგორ დავუჭიროთ საუკეთესოდ მხარი ხალხს და მათ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ", - ამბობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში წარადგინა. კანდიდატის სტატუსი ქვეყანას 2023 წლის დეკემბერში რეკომენდაციების შესრულების დათქმით მიენიჭა. 2024 წლის 28 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, პრემიერმა კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაყენება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგიდან მოხსნა.
BM.GE
წყარო: bm.ge