
"კაზინოს ტურისტებიდან" საოჯახო დასვენებამდე - როგორ მოვიზიდოთ თურქეთიდან ტურისტები|ინტერვიუ
თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა, თურქეთიდან არა მხოლოდ - ერთდღიანი ანუ ე.წ. "კაზინოს ტურისტები” მოიზიდოს, არამედ - საოჯახო ტურისტული ნაკადები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში იმოგზაურებენ და ქვეყანაში რამდენიმე დღე დარჩებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2026 წლის 6 თვეში თურქეთიდან 525 380 ვიზიტი შედგა. წლიურად, მეზობელი ქვეყნიდან 1 მილიონამდე ვიზიტი ხორციელდება.
"თურქეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების რაოდენობა დიდია, თუმცა პრაქტიკულად, არ გვყავს საოჯახო ტურისტები. ჩვენი მიზანია, თურქეთიდან შემოსული სტუმარი იყოს საოჯახო ტიპის, დარჩეს მინიმუმ 3 დღიდან ერთ კვირამდე და იმოგზაუროს არა მხოლოდ აჭარაში, არამედ თბილისში, კახეთში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც", - აღნიშნა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.
ამასთან, როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, საქართველომ აქცენტი უნდა გადაიტანოს პროდუქტების დივერსიფიკაციაზე, მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და თურქეთში მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან მუშაობაზე.
"თურქეთში მცხოვრები თითოეული “ჩვენებური” პოტენციური ტურისტი და ინვესტორია. მათ სურთ, მოინახულონ თავიანთი წინაპრების მიწა-წყალი. სწორედ განსაკუთრებული დიასპორული პოლიტიკისა და ლობიზმის საჭიროებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს დიასპორის სამინისტროს აღდგენის აუცილებლობას“, - განაცხადა ოსმან ჩალიშქან მჟავანაძემ.[დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2016 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსა]
ინტერვიუ ოსმან ჩალიშქან მჟავანაძესთან
- მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში საქართველო-თურქეთის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თქვენც მონაწილეობიდთ. ასევე, - ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. როგორც გავრცელებულ პრესრელიზში ეწერა, შეხვედრაზე მსჯელობა შეეხებოდა ერთობლივი ტურისტული პროდუქტების შექმნას და ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის კავშირების კიდევ უფრო მეტად გამყარებას. წლიურად, დაახლოებით, მილიონამდე ვიზიტი ხორციელდება თურქეთიდან საქართველოში, თუმცა სად ხედავთ თქვენ მეტ პოტენციალს ტურისტული კავშირების გაღრმავებისთვის?
- დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, სადაც ყურადღება ძირითადად გავამახვილეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება შემოვიდეს საქართველოში უფრო მეტი ტურისტი. რა თქმა უნდა, თურქეთიდან ტურისტული ნაკადები დიდია, მაგრამ ჩვენ არ გვყავს საოჯახო ტურისტები, ამიტომ გვინდა უფრო მეტი საოჯახო ტიპის სტუმარი შემოვიდეს და ეს არ იყოს ერთდღიანი ვიზიტები - იყოს მინიმუმ 3-დღიანი და ერთკვირიანი ტურები. გარდა ამისა, გვინდა, თურქეთიდან შემოსული ტურისტები მხოლოდ აჭარით არ შემოიფარგლებოდნენ. ეს უნდა იყოს თბილისი, კახეთი, ქუთაისი და ჩვენი სხვადასხვა კუთხე. ამ შეხვედრაზე სწორედ იმაზე გავამახვილეთ ყურადღება, რომ ტურისტულმა სააგენტოებმა თურქ ტურისტებს ისეთი პაკეტები შესთავაზონ, რაც მათ საქართველოში უფრო დიდხანს დარჩენაში დაეხმარება.
- იზიარებთ ტურიზმის ინდუსტრიის იმ ნაწილის მოსაზრებას, რომ თურქეთიდან შემოსული ვიზიტორების უმრავლესობა „კაზინოს ტურისტია“ და ისინი ძირითადად ბათუმში არიან კონცენტრირებულნი?
- დიახ, თურქი ტურისტები კაზინოებშიც არიან, თუმცა სხვა ქალაქებშიც დადიან… ჩვენ გვინდა, ეს ნაკადები უფრო გაიზარდოს. ჯერჯერობით, კაზინოს თემა ძალიან აქტუალურია საქართველოში და დიდი შემოსავალიც მოაქვს ამ კუთხით, მაგრამ ხვალ-ზეგ რა იქნება, ხომ არ ვიცით?! ბევრ ქვეყანაში აიკრძალა ეს სფერო და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ: თუ აიკრძალება ან პრობლემა შეიქმნება, მაშინ რა უნდა გავაკეთოთ? მაგალითად, მსგავსი პრობლემა გვქონდა ისრაელ-ირანის ომის დროს, როდესაც ებრაელების ჩამოსვლა ჩაიკეტა. მაშინ ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა, რომ თურქეთიდან წამოსულიყო ტურისტული ნაკადი; როდესაც სასტუმროებსა და რესტორნებს პრობლემები შეექმნათ, თურქეთის მიმართულებით საქართველოს მთავრობასთან ერთად მჭიდროდ ვიმუშავეთ, რომ მეტი რეკლამა და პიარი გაგვეკეთებინა თურქი ტურისტების მოსაზიდად.
- რა სახის რეკლამა და პოპულარიზაცია სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ თურქეთის მოქალაქეებმა საქართველოში ოჯახებითაც იმოგზაურონ? ასევე, თქვენ ხშირად აღნიშნავთ ხოლმე, რომ თურქეთში ძალიან ბევრი ჩვენებური - ქართული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს, რაც დიდ პოტენციალს წარმოადგენს იმისთვის, რომ მათაც იმოგზაურონ საქართველოში…
- პირველი ის არის, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ტარდება მასშტაბური გამოფენები: სტამბოლში, იზმირსა და ანტალიაში. ამ გამოფენებში აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, სოციალური ქსელებით გავაკეთოთ დიდი რეკლამა. ჩვენ 2011 წელს გავაკეთეთ კამპანია თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის - „მე მივდივარ საქართველოში“ - რათა ისინი წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოსულიყვნენ თურქეთიდან საქართველოში. თურქეთში 4 მილიონამდე ქართველი ცხოვრობს და თუ წელიწადში ორჯერ ჩამოვლენ აქ, 8 მილიონი ტურისტი იქნება. აქედან გამომდინარე, უნდა ვიმუშაოთ არა მხოლოდ ეთნიკურ თურქებზე, არამედ თურქეთში მცხოვრებ ქართველებზეც - ნახონ თავიანთი საქართველო და ის ადგილები, საიდანაც მათი წინაპრები წავიდნენ. არა მხოლოდ - ბათუმში, არამედ იმ კონკრეტულ სოფლებში უნდა მივიყვანოთ, საიდანაც სხვადასხვა მიზეზით გადასახლდნენ თურქეთის რესპუბლიკაში…
- დღესდღეობით, “ჩვენებურებს” საქართველოში მოგზაურობის ნაკლები ინტერესი აქვთ?
- ბოლო ხანებში აქტიურად ვმუშაობთ… თურქეთში უკვე გაიხსნა ქართული ასოციაციები. ვმუშაობთ ამ ასოციაციის წევრებთან და თავმჯდომარეებთან იმაზე, თუ როგორ გავაცნოთ უკეთესად ჩვენი საქართველო, აჭარა და სხვა კუთხეები, რომ მოვიზიდოთ ეს ჩვენებურები საქართველოში. აგრეთვე, შემიძლია დავამატო - სამწუხაროა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ თუ საზღვარგარეთ იმაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს, ვიდრე უშუალოდ ქვეყნის შიგნით (იქნებიან ეს თანამემამულეები, როგორც მე და სხვა, თუ ემიგრანტები, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და წავიდნენ), ასეთ ქვეყანას ესაჭიროება დიასპორის სამინისტრო, რომელიც მათზე იზრუნებს. დიასპორასა და ლობიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მთავრობამ კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ საკითხს - დიასპორის სამინისტრო აუცილებელია საქართველოში…
- დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2016 წელს გაუქმდა და მისი ფუნქციები საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეითავსა…
- აგრეთვე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც წასულები არიან და სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ, მათ შორის თურქეთში, ჩვენებურები არიან და თითოეული მათგანი პოტენციური ინვესტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა, საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა, ეს სწორედ იმ "ჩვენებურებით" არის შესაძლებელი, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ და ძალიან ბევრ სფეროში წარმატებულები არიან.
- თქვენი აზრით, რა არის მთავარი ფაქტორი, რაც თურქეთის მოქალაქეებსა და იქაურ ქართულ დიასპორას საქართველოში ოჯახთან ერთად მოგზაურობით დააინტერესებს?
- თურქეთში ტურისტული სექტორი ძალიან განვითარებულია. საქართველოში, სამწუხაროდ, არ გვაქვს All Inclusive სისტემის სასტუმროები, რომ იქიდან ჩამოვიდნენ და დაისვენონ. ამასთან, აჭარაში, სამწუხაროდ, ძალიან მოკლე სეზონი გვაქვს. ჩვენ გვინდა, რომ არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოს მთავრობასაც, რომ რეგიონმა ოთხივე სეზონზე იმუშაოს. 2-3 კვირის წინ ვიყავით გოდერძის კურორტზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ - ბატონმა ზურაბ პატარაძემ ძალიან კარგი შეხვედრა მოაწყო იმასთან დაკავშირებით, რომ ზამთარში უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და მეტი ინვესტიცია გაკეთდეს ზემო აჭარაში. მსგავსი პროექტები უნდა განხორციელდეს და უფრო მეტი აქტივობაა საჭირო. ვფიქრობ, მზაობა არის. მსოფლიოში ამ მიმართულებით ბევრი კონკურენტი გვყავს - საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ შესაძლებლობა ბევრია. კიდევ ერთი ახალი ინიციატივით მინდა შემოვიდე: საქართველოს არ აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული სასტუმროები. მსოფლიოში ტურისტების 30%-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები შეადგენენ, რომლებიც დადიან და ისვენებენ. შეიძლება საქართველოშიც გაკეთდეს მსგავსი, შესაბამისი აღჭურვილობის მქონე სასტუმროები, რაც მოგზაურების ამ სეგმენტს მოიზიდავდა.
BM.GE
წყარო: bm.ge