
Kreston Georgia RS-ის მიერ არასწორი ინფორმაციის შემცველი განცხადების ვებგვერდიდან აღებას მიესალმება|განცხადება
აუდიტორული და ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Kreston Georgia-ში მიესალმებიან სახელმწიფო უწყების მიერ არასწორი ინფორმაციის შემცველი განცხადების საკუთარი ვებგვერდიდან აღების გადაწყვეტილებას და იმედოვნებენ, რომ შემოსავლების სამსახურის მხრიდან მსგავს გაუგებრობებს მომავალში ადგილი აღარ ექნება.
ასე ეხმიანება კომპანია Kreston Georgia შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 31 აგვისტოს განცხადებას, რომელიც კომპანიისა და კომპანიის პარტნიორის [დავით პაპიაშვილის] მისამართით იყო გამოქვეყნებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული განცხადება უწყებამ საკუთარი ვებგვერდიდან წაშალა, ხოლო სოციალურ ქსელში შეცვალა და შედარებით მოკლე ვერსია გამოაქვეყნა.
უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურმა სოციალურ ქსელში 31 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადება, 18 სექტემბერს დააკორექტირა. თავდაპირველ განცხადებაში შემოსავლების სამსახური "ბიზნეს მედია საქართველოს" - BM.GE-ს ეთერში გასულ დავით პაპიაშვილის ინტერვიუს "უსაფუძვლო ბრალდებების შემცველად" აფასებდა, თუმცა მოგვიანებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადება დააკორექტირეს.
გთავაზობთ Kreston Georgia-ს განცხადებას:
„Kreston Georgia მიესალმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას არასწორი ინფორმაციის შემცველი განცხადების საკუთარი ვებგვერდიდან აღების შესახებ და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ 31 აგვისტოს განცხადება შეიცავდა დავით პაპიაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან შეუსაბამო დასკვნებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.
საქმე ეხება დავით პაპიაშვილის მიერ bm.ge-ს ეთერში გამოთქმულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2026 წლის ზაფხულის პერიოდში საგადასახადო შემოწმებების რიცხვი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, რასაც მალევე მოჰყვა შემოსავლების სამსახურის ვრცელი და მწვავე განცხადება იმის შესახებ, რომ აღნიშნული არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
დავით პაპიაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრების კონტრარგუმენტად შემოსავლების სამსახურის განცხადებაში მოყვანილი იქნა არა 2025 და 2026 წლების ფაქტობრივად დანიშნული შემოწმებების სტატისტიკა, არამედ 2025 და 2026 წლების დაგეგმილი შემოწმებების საერთო რაოდენობა, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა სამსახურის მიმართ, ვინაიდან დავით პაპიაშვილი საუბრობდა არა დაგეგმილი საგადასახადო შემოწმებების რიცხვის ზრდაზე, არამედ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამდა ბოლო პერიოდში ფაქტობრივად დანიშნული საგადასახადო შემოწმებების გააქტიურების შესახებ. ამასთან, ფაქტობრივად დანიშნული შემოწმებების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ან რაიმე სახის მინიშნება შემოსავლების სამსახურის განცხადებაში არ იყო მოცემული.
შემოსავლების სამსახურთან საკითხის შემდგომი გარკვევისა და ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ შემოსავლების სამსახურის 31 აგვისტოს გავრცელებული განცხადება შეიცავდა არასწორ და დავით პაპიაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან შეუსაბამო დასკვნებს, რის შედეგადაც შემოსავლების სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება მათ მიერ გავრცელებული განცხადების ვებგვერდიდან წაშლის შესახებ. შედეგად, სამსახურის ვებგვერდზე არასწორი ინფორმაციისა და დავით პაპიაშვილის მიმართ უსაფუძვლო კრიტიკის შემცველი განცხადება აღარ იძებნება, სოციალურ ქსელში კი სამსახური შეცვლილი, მოკლე განცხადებით შემოიფარგლა. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, ზაფხულის პერიოდში დანიშნული ფაქტობრივი შემოწმებების შესახებ ინფორმაცია ამ მომენტამდე არ ვრცელდება.
Kreston Georgia მიესალმება შემოსავლების სამსახურის აღნიშნულ გადაწყვეტილებას და იმედოვნებს, რომ სამომავლოდაც აღარ ექნება ადგილი მსგავსი სახის გაუგებრობებს შემოსავლების სამსახურის მხრიდან.
Kreston Georgia მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს მათი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის“.
ცნობისთვის: შემოსავლების სამსახურში ამ საკითხზე განმარტებას არ აკეთებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge