
„კრიპტოინვესტიციით“ მითვისებული ₾90,500 - პროკურატურამ თაღლითობის ბრალდებით დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების თანახმად, საქმე ეხება მოქალაქეების მოტყუებას კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და მაღალი მოგების დაპირებით.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული მოქალაქეებს ჰპირდებოდა, რომ მათ მიერ გადაცემული თანხით კრიპტოვალუტით ივაჭრებდა, რის სანაცვლოდაც ყოველთვიურ სარგებელს გადაუხდიდა, ხოლო განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ ძირითად თანხასაც სრულად დაუბრუნებდა.
რეალურად, ბრალდებულმა პირობა არც ყოველთვიური სარგებლის გადახდის და არც ძირითადი თანხის დაბრუნების ნაწილში არ შეასრულა და მოტყუებით მიისაკუთრა დაზარალებულების კუთვნილი 90,500 ლარი.
სამართალდამცველებმა იგი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით თაღლითობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge