
„კვლავ მოგვატყუეს... სისტემის მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება შემოგვთავაზეს" | რომან გოცირიძე ქონების გადასახადის ზღვრის გაზრდაზე
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე ქონების გადასახადის დაბეგვრის წესში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებას სისტემის მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება შესთავაზა.
რომან გოცირიძის თქმით, ქონების გადასახადით დაბეგვრის წესში არსებითად არაფერი შეცვლილა, გარდა დასაბეგრი ზღვრის 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე აწევისა, ხოლო 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახების დაბეგვრა ძველი წესით გაგრძელდება.
„კვლავ მოგვატყუეს. ქონების გადასახადით დაბეგვრის წესში არსებითად არაფერი შეცვლილა, გარდა დასაბეგრი ზღვრის 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე აწევისა. 100 ათას ლარზე მეტი შემოსავლის მქონე ოჯახების დაბეგვრა ძველი წესით გაგრძელდება-ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 და არაუმეტეს 1 პროცენტის ოდენობით.
ნუ დაგვავიწყდება, რომ საუბარია ოჯახის შემოსავალზე. ამ შემოსავალში შეიძლება შევიდეს პენსია, სოციალური დახმარება, ფულადი საჩუქარი და სხვა თანხები. 100 ათასი ლარი კი, დარიცხული შემოსავლის შემთხვევაში, ხელზე დაახლოებით 80 ათასი ლარია.
თუ, მაგალითად, მილიონი ლარის ქონება გაქვთ, ადრე გადასახადი 400-დან 2 000 ლარამდე შეიძლება ყოფილიყო. ახლა 8 000 ან 10 000 ლარამდე გადასახადზეა საუბარი.
ბევრს გაეცინება-რა მილიონი ლარი? მაგრამ ეს სულაც არ არის სასაცილო. დღეს თბილისში ან სხვა დიდ ქალაქში ორსართულიანი სახლი თავისი მიწით 300 ათასი დოლარის ფარგლებში შეიძლება ღირდეს, ზოგ შემთხვევაში-გაცილებით მეტიც. ეს უკვე დაახლოებით მილიონი ლარია. ახალ კორპუსებში ხარისხიან ბინებში კვადრატული მეტრის ფასი 2 ათასი დოლარის ფარგლებშია.
შეგიძლიათ თავად გამოთვალოთ, რა ასტრონომიულ თანხებთან მივალთ ჩვენი დაბალი შემოსავლების პირობებში.
ჩვენ ბევრ შემთხვევაში გვერგო მამაპაპისეული, საბჭოთა ქონება მემკვიდრეობით, მათ შორის - კომერციული დანიშნულების ქონებაც. ქონება გვაქვს, შემოსავლები კი - ღარიბი ქვეყნისთვის დამახასიათებელი.
ბევრი იტყვის - ეს მე არ მეხება. გეხება.
მაგალითად, ოჯახს ჰქონდა 99,9 ათასი ლარის დარიცხული შემოსავალი და იხდიდა 500 ლარს. მომავალ წელს შემოსავალი სულ რაღაც 100 ლარით გაეზარდა და უკვე სხვა კატეგორიაში გადავიდა-გადასახადი კი შეიძლება 8 ათასი ლარი ან უფრო მეტი გაუხდეს. მუნიციპალიტეტმა შესაძლოა 10 ათასიც დაგიწესოს.
ან კიდევ უფრო მარტივი მაგალითი: ოჯახს დღეს აქვს 90 ათასი ლარის დარიცხული შემოსავალი. ორი-სამი წლის განმავლობაში ფასების ზრდის გამო, რაც ხელფასების ზრდაზეც აისახება, ეს შემოსავალი 100 ათასს გადააჭარბებს-და უცებ, მეხივით, ათასობით ლარის გადასახადი დაგეცემა თავზე.
ემიგრანტების საკითხიც სრულიად ბუნდოვანია.
თუ უცხოეთში მუშაობ ნახევარ წელზე ნაკლები დროით, მაგალითად, 5-6 თვე, საგადასახადო თვალსაზრისით საქართველოს რეზიდენტად ითვლები. ამ შემთხვევაში შენი გადმორიცხული თანხების საკითხიც შემოსავლის დაბეგვრის კონტექსტში დგება. რაც შეეხება არარეზიდენტებს-ანუ მათ, ვინც უცხოეთში 6 თვეზე მეტხანს იმყოფება-აქაც ბევრი ნიუანსია და პირდაპირ იმის თქმა, რომ მათი გადმორიცხვები არ იბეგრება, არ შეიძლება“, - წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი.
რომან გოცირიძე დეტალურად განმარტავს იმ მოლოდინებსა და რეალობას, რაც არსებულმა ცვლილებამ მოიტანა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას დაბეგვრის განაკვეთებიც უნდა შეემცირებინა და ქონების შეფასების წესიც შეეცვალა.
„მოდით, ვნახოთ, რას ველოდით და რა მივიღეთ.
მივიღეთ საშეღავათო ზღვრის გაზრდა. ველოდით დაბეგვრის განაკვეთების ცვლილებასაც და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას.
1. საჭირო იყო ქონების გადასახადის განაკვეთის მნიშვნელოვნად შემცირება.
2005 წელთან შედარებით, როცა ეს კანონი ძალაში შევიდა, საქართველოში უძრავი ქონების ფასი ეროვნულ ვალუტაში ინფლაციისა და ლარის გაუფასურების გამო მრავალჯერ გაიზარდა.
მაგალითად, თუ ბინა 100 ათასი დოლარი, ანუ დაახლოებით 165 ათასი ლარი ღირდა, დღეს მხოლოდ ლარის კურსის ცვლილების გამო მისი ღირებულება დაახლოებით 260 ათასი ლარი იქნებოდა.
კომერციული უძრავი ქონების ფასი ეროვნულ ვალუტაში 10-15-ჯერ გაიზარდა. ბოლო ოთხ წელიწადშიც კი, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უძრავი ქონების ფასმა საშუალოდ 1,5-ჯერ მოიმატა, ზოგიერთ შემთხვევაში კი გაორმაგდა.
იგივე შეიძლება ითქვას მიწაზეც-მისი ფასი დოლარში დაახლოებით ათჯერ, ხოლო ლარში 20-30-ჯერ და უფრო მეტადაც გაიზარდა.
როცა ქონების ღირებულება შემოსავლებზე გაცილებით სწრაფად იზრდება, გადასახადის განაკვეთის უცვლელად დატოვება რეალურად საგადასახადო ტვირთის ზრდას ნიშნავს.
2. პრობლემად რჩება ქონების შეფასების წესიც.
დღეს ადამიანს ფაქტობრივად თავად უწევს საკუთარი უძრავი ქონების ღირებულების შეფასება. შედეგად ერთსა და იმავე კორპუსში, ერთი და იმავე ფართობისა და დაახლოებით ერთი და იმავე ღირებულების ბინებზე ადამიანები შეიძლება სხვადასხვა ოდენობის გადასახადს იხდიდნენ.
საჭირო იყო ერთიანი, ობიექტური, გამჭვირვალე და სტანდარტიზებული შეფასების წესის დანერგვა და სოციალურად მოწყვლადი ოჯახების ინტერესების სათანადოდ გათვალისწინება.
3. პრობლემად რჩება ემიგრანტებისა და უცხოეთში დროებით მომუშავე პირების დაბეგვრის საკითხიც.
და ბოლოს, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა:
დღეს მოსახლეობის დიდ ნაწილს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება გაზრდილი ფასებისა და შემოსავლების გამო უკვე წარმოექმნა, თუმცა ბევრმა ამის შესახებ არც კი იცის ან თუ იცის-არ იხდის.
ხელისუფლება წლების განმავლობაში ვერ ბედავდა ამ საკითხის სრულად ამოქმედებას, რადგან ეს საყოველთაო უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ამიტომაც სისტემა ფაქტობრივად ნახევრად მოქმედ რეჟიმში არსებობდა“, - აღნიშნავს ექსპერტი.
რომან გოცირიძის განცხადებით, შექმნილი მექანიზმი შესაძლოა მომავალში ხელისუფლების ხელში პოლიტიკური ზეწოლის იარაღადაც იქცეს.
„დღეს კი, ზღვრის აწევის გარდა, ყველა ძირითადი პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.
თანაც, ინფლაციის პირობებში ეს 100-ათასიანი ზღვარიც რამდენიმე წელიწადში კვლავ გადასახედიც გახდება.
შედეგად, ხელისუფლებამ არსებული სისტემის მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება შემოგვთავაზა და ცდილობს, ეს ისე შეფუთოს, რომ ხალხის კეთილგანწყობაც მიიღოს და პოლიტიკური დივიდენდიც ჩაიწეროს.
მაგრამ პრობლემის მხოლოდ საშეღავათო ზღვრამდე დაყვანა ნიშნავს, რომ სისტემური პრობლემა არსად წასულა.
მექანიზმი, რომელიც მომავალში შეიძლება ხელისუფლების ხელში ზეწოლისა და რეპრესიული აღსრულების ბერკეტად იქცეს, მათ შორის პოლიტიკური პრეფერენციით, კვლავ ადგილზეა.
შეფუთვა შეიცვალა. სისტემა-თითქმის არა“, - წერს ეკონომისტი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში მომზადებულ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს დააინიცირეს. ამ ცვლილებით 40 000 - 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ ექნებათ. ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი წესით 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე განისაზღვრება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში მოქმედი განაკვეთი 0.8%-დან 1%-მდეა.
ცვლილების შემდეგ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ამ გადასახადს აღარ გადაიხდიან. ამ კატეგორიისთვის არსებული საგადასახადო ვალდებულება, 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით, ჯამურად 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი აღარ შევა.
BM.GE
წყარო: bm.ge