კვოტები, ბრუნვის ლიმიტი, ვიზები|ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს ბიზნესმა უცხოელთა დასაქმების ახალ წესებზე
BM.GE|bm.ge
საქართველოს მთავრობამ უცხოელების დასაქმების წესში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, დაზუსტდა უცხოელისთვის შრომითი საქმიანობის უფლებაზე უარის თქმის საფუძვლები; გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებზეც უცხოელთა დასაქმების რეგულაცია არ გავრცელდება; განისაზღვრა უცხოელი მუშახელის წლიური კვოტები და დამსაქმებლის ეკონომიკური შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები; შემოდის ახალი D6 ვიზა არასრულწლოვანი მოსწავლეებისა და მათი ოჯახებისთვის, ხოლო D1 სამუშაო ვიზა პირდაპირ დაუკავშირდა შრომითი საქმიანობის უფლების წინასწარ მოპოვებას. რეგულაციების ნაწილი უკვე ძალაშია, ნაწილი კი - მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება.
ახალი ცვლილებებით უცხოელების დასაქმება კიდევ უფრო გართულდა და თუ გამარტივდა? - იურისტ სოფიო დუღაშვილის შეფასებით, ახალი საკანონმდებლო ცვლილებები უცხოელთა დასაქმებას კი არ ართულებს, არამედ პროცესს უფრო გამჭვირვალეს და სამართლებრივად მოწესრიგებულს ხდის.
"არ ვიტყოდი, რომ გართულდა. უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ პროცედურები უფრო დეტალურად და მკაფიოდ დარეგულირდა. გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ნამდვილად არსებობს, თუმცა პარალელურად ბიზნესს წინასწარ აქვს განსაზღვრული წესები, რაც სამართლებრივ პროგნოზირებადობას ზრდის", - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა "წერტილთან" ინტერვიუში ამ თემაზე საუბრისას.
შრომითი მიგრაციის საკითხებში ექსპერტი დამსაქმებლებს ურჩევს, დროულად გადაამოწმონ შიდა HR პროცედურები და ახალ რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში მოიყვანონ.
"პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, კომპანიებმა დეტალურად გაეცნონ ახალ მოთხოვნებს და გადაამოწმონ, ექვემდებარებიან თუ არა კვოტების სისტემას. ასევე აუცილებელია შიდა HR და დასაქმების პროცედურების ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, რადგან ცვლილებები უკვემოქმედებს და მათი პრაქტიკაში სწორი შესრულება სამართლებრივი რისკების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა", - აღნიშნა იურისტმა.
BMG გთავაზობთ იურისტ სოფიო დუღაშვილის დეტალურ სამართლებრივ მიმოხილვას - ყველაფერი, რაც უნდა იცოდეს დამსაქმებელმა
I. ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში
1. ახალი D6 საიმიგრაციო ვიზის შემოღება
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა D6 კატეგორიის ახალი საიმიგრაციო ვიზის შემოღება.აქამდე საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობდა დამოუკიდებელი საიმიგრაციო რეჟიმი იმ არასრულწლოვანი უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში ავტორიზებულ სკოლებში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობდნენ. ახალი რეგულაციით კანონმდებელმა შექმნა სპეციალური სამართლებრივი საფუძველი:
• არასრულწლოვანი მოსწავლის ან სტუდენტის საქართველოში ლეგალურად ყოფნისთვის;
• მისი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლებისთვის;
• ასევე მისი არასრულწლოვანი და-ძმებისთვის.
აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს ოჯახების ერთიანობის დაცვას და საქართველოში განათლების მიღების მიზნით ჩამოსული უცხოელი ოჯახებისთვის სამართლებრივი სტატუსის გამარტივებას.
2. D1 სამუშაო ვიზის ახალი რეგულირება
D1 კატეგორიის ვიზა ტრადიციულად გამოიყენებოდა იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში სამუშაო ან სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ჩამოდიან.
ახალი რედაქციით კანონმა პირდაპირ და მკაფიოდ დააკავშირა D1 სამუშაო ვიზა და შრომითი საქმიანობის უფლება, რის შედეგადაც საიმიგრაციო და შრომითი პროცედურები ერთიან სამართლებრივ პროცესად ჩამოყალიბდა.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ გულისხმობს სამუშაო კონტრაქტის მოთხოვნის პირველად შემოღებას. ძველი რეგულაციაც მოიცავდა უცხოელებს, რომლებიც საქართველოში გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოდ შემოდიოდნენ. ამასთან, D1 კატეგორია უფრო ფართო იყო და ასევე ვრცელდებოდა კომპანიების წარმომადგენლებზე, კონსულტანტებზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ჩამოსულ პირებსა და სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებლებზე.
რა შეიცვალა?
ახალი რედაქციით D1 ვიზა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც უკვე მოიპოვა შრომითი საქმიანობის უფლება, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც საქართველოში შესაბამის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებენ.
შესაბამისად, პროცედურა შემდეგი თანმიმდევრობით ხორციელდება:
1. უცხოელს უნდა ჰქონდეს შესაბამისი დასაქმების ან სამეწარმეო საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი;
2. უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება;
3. თუ უცხოელი საქართველოში ჯერ არ იმყოფება, მან შრომითი საქმიანობის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა უნდა მიმართოს D1 ვიზის მისაღებად.პრაქტიკული მაგალითი
ძველი მიდგომა:
უცხოელს ჰქონდა ქართული კომპანიისგან სამუშაო კონტრაქტი და ამ კონტრაქტის საფუძველზე მიმართავდა D1 სამუშაო ვიზისთვის.
ახალი მიდგომა:
სამუშაო კონტრაქტის არსებობა უკვე აღარ არის საკმარისი. დამსაქმებელმა და უცხოელმა ჯერ უნდა გაიარონ შრომითი მიგრაციის პროცედურა და მოიპოვონ შრომითი საქმიანობის უფლება. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება D1 სამუშაო ვიზის მოთხოვნა.
ამასთან, კანონით დამატებულია ახალი დებულებაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას შეუძლია განსაზღვროს შემთხვევები, როდესაც D1 ვიზა შეიძლება გაიცეს იმ პირებზეც, რომელთა საქმიანობაზე „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი საერთოდ არ ვრცელდება. აღნიშნული ცვლილება მომავალში დამატებითი გამონაკლისების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა კანონში ცვლილების შეტანის გარეშე.
აღნიშნული ცვლილება პრაქტიკულად ნიშნავს, რომ უცხოელის დასაქმება საქართველოში უკვე განიხილება ერთიან საიმიგრაციო და შრომით სამართლებრივ პროცესად.
3. D3 სტუდენტური ვიზის გაფართოება
ცვლილებამდე D3 ვიზა ძირითადად გამოიყენებოდა იმ უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოში სასწავლებლად ჩამოდიოდნენ.
ახალი რედაქციით აღნიშნული შესაძლებლობა გავრცელდა იმ სრულწლოვან უცხოელებზეც, რომლებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან და შემდგომ იღებენ გადაწყვეტილებას სწავლის გაგრძელების შესახებ.
ეს ამცირებს ადმინისტრაციულ ბარიერებს, ამარტივებს საიმიგრაციო სტატუსის შეცვლის პროცედურას და უცხოელ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას საქართველოში ყოფნისას უფრო მარტივად შეცვალონ საკუთარი საიმიგრაციო სტატუსი.
4. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონიდან ახალი გამონაკლისები
კანონი აფართოებს იმ პირთა წრეს, რომლებზეც აღარ გავრცელდება „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი, კერძოდ:
• სპეციალური ბინადრობის ნებართვის მფლობელები, რომლებიც ასეთ ნებართვას საქართველოს მთავრობის წევრის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე იღებენ;
• პირები, რომლებიც საქართველოში ახორციელებენ მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესით (მაგალითად, კონკრეტული პროექტის ფარგლებში მოწვეული უცხოელი სპეციალისტები, ექსპერტები, ინჟინრები და სხვა პროფესიონალები), თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
• პირები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ სახელმწიფო დაწესებულების ან სახელმწიფოს მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ინტერესებისთვის;
• უცხოელები, რომლებიც ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად მუშაობენ ისე, რომ საქართველოში მათი ფიზიკური ყოფნა საჭირო არ არის;
• პირები, რომლებიც მომსახურებას უწევენ არარეზიდენტ კომპანიას და მათი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებთან.
პრაქტიკული მაგალითია საქართველოში მცხოვრები უცხოელი, რომელიც მომსახურებას უწევს უცხოურ კომპანიას, ხოლო მისი საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებთან.
ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული პირები თავისუფლდებიან სამართლებრივი რეგულირებისგან. პირიქით, მათი სამართლებრივი სტატუსი რეგულირდება სხვა სპეციალური სამართლებრივი ნორმებით და აღარ საჭიროებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პროცედურების გავლას.
აღნიშნული ცვლილების მიზანია სხვადასხვა სამართლებრივ რეჟიმს შორის დუბლირების თავიდან აცილება, ადმინისტრაციული ტვირთის შემცირება და კანონმდებლობის სისტემატიზაცია.
II. ცვლილებები „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონსა და საქართველოს მთავრობის №321 დადგენილებაში
1. წლიური კვოტების სისტემა
რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლეა უცხოელი მუშახელის წლიური კვოტების სისტემის დანერგვა.
თუ დამსაქმებელი გეგმავს კალენდარული წლის განმავლობაში 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმებას ან უცხოელთა რაოდენობა აღემატება თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 5%-ს (თუ ეს 5% ხუთ ადამიანზე ნაკლები არ არის), იგი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღით ადრე მიმართოს სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს და შეათანხმოს უცხოელთა წლიური კვოტა.
კვოტა არ წარმოადგენს შრომითი საქმიანობის უფლების ავტომატურ გაცემას. მისი მიზანია სახელმწიფოსთვის წინასწარ ცნობილი იყოს დამსაქმებლის საჭიროება უცხოელ სამუშაო ძალაზე და საჭიროების შემთხვევაში შეფასდეს აღნიშნული მოთხოვნა. წლიური კვოტა გაიცემა შესაბამისი კალენდარული წლისთვის და საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს დამსაქმებლის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
2. დამსაქმებლის ეკონომიკური შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმები
დადგენილებით პირველად განისაზღვრა დამსაქმებლის ეკონომიკური შესაძლებლობის შეფასების მინიმალური კრიტერიუმები უცხოელთა დასაქმებისთვის.
კვოტის მოთხოვნისას დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მისი წლიური ბრუნვა შეადგენს არანაკლებ:
• 50 000 ლარს თითოეულ უცხოელ თანამშრომელზე;
• 35 000 ლარს თითოეულ უცხოელ თანამშრომელზე – საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების შემთხვევაში.
დადგენილება ასევე ითვალისწინებს გამონაკლისებს ახლად დაფუძნებული კომპანიებისთვის.აღნიშნული ცვლილების მიზანია ფიქტიური დასაქმების პრევენცია და იმის უზრუნველყოფა, რომ უცხოელები დასაქმდნენ რეალურად მოქმედ და ეკონომიკურად აქტიურ კომპანიებში.
3. შრომითი საქმიანობის უფლების მნიშვნელობის გაძლიერება
ზოგადი წესით, უცხოელს საქართველოში მუშაობის დაწყება შეუძლია მხოლოდ შრომითი საქმიანობის უფლების მიღების შემდეგ.
ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ვიზის, ბინადრობის ნებართვის ან შრომითი ხელშეკრულების არსებობა აღარ ქმნის მუშაობის უფლებას. დასაქმების დაწყების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შრომითი საქმიანობის უფლების მიღება კანონით დადგენილი წესით.
4. მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის რეგულირება
დადგენილებამ პირველად დეტალურად განსაზღვრა მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის სამართლებრივი რეჟიმი.განისაზღვრა:
• რა ითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად;
• მისი განხორციელების მაქსიმალური ვადა – ჯამურად არაუმეტეს ოთხი თვისა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში;
• შემთხვევები, როდესაც საქმიანობის დაწყებამდე აუცილებელია სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში წინასწარი რეგისტრაცია.
ეს რეჟიმი განკუთვნილია უცხოელი სპეციალისტებისთვის, რომლებიც საქართველოში დროებით ჩამოდიან კონკრეტული პროექტის, ტექნიკური მომსახურების, ექსპერტიზის ან სხვა პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად მუდმივი დასაქმების გარეშე.დადგენილება ასევე განსაზღვრავს, რომ თუ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში წინასწარი რეგისტრაცია არ განხორციელდა, ასეთი საქმიანობა აღარ ჩაითვლება მოკლევადიან პროფესიულ საქმიანობად და მასზე გავრცელდება შესაბამისი სამართლებრივი რეჟიმი.
5. ცვლილებები შრომით ურთიერთობაში
დადგენილება ამარტივებს ადმინისტრაციულ პროცედურებს იმ შემთხვევებში, როდესაც უცხოელ თანამშრომელს ეცვლება მხოლოდ:
• ხელფასი;
• სამუშაო დრო;
• თანამდებობის დონე (Position Level).
ასეთ შემთხვევაში შრომითი საქმიანობის უფლების ხელახლა მიღება აღარ არის საჭირო.თუმცა, თუ იცვლება საქმიანობის სფერო ან თავად პოზიცია, ახალი შრომითი საქმიანობის უფლების მიღება კვლავ სავალდებულოა.
6. დოკუმენტაციის ახალი მოთხოვნები
დადგენილებამ დააზუსტა და გააფართოვა იმ დოკუმენტებისა და ინფორმაციის ჩამონათვალი, რომლებიც სააგენტოს უნდა წარედგინოს.მათ შორისაა:
• წლიური ბრუნვის დამადასტურებელი ინფორმაცია;
• დღგ-ის სტატუსთან დაკავშირებული მონაცემები (საჭიროების შემთხვევაში);
• დამატებითი ინფორმაცია პასპორტისა და ბინადრობის ნებართვის შესახებ;
• თვითდასაქმებული უცხოელებისთვის სპეციალური დოკუმენტაცია.
7. ელექტრონული მმართველობა
რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადმინისტრაციული პროცესების სრული დიგიტალიზაცია.
სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს ყველა გადაწყვეტილება გაიცემა ელექტრონულად.დადგენილია განაცხადების განხილვის ვადებიც:
• 30 კალენდარული დღე – სტანდარტული პროცედურა;
• 10 სამუშაო დღე – დაჩქარებული პროცედურა.
ელექტრონულად გაგზავნილი გადაწყვეტილება ოფიციალურად ჩაბარებულად ითვლება მისი ელექტრონულად მიწოდების მომენტიდან.
8. უარის თქმისა და შრომითი საქმიანობის უფლების გაუქმების საფუძვლები
დადგენილება დეტალურად განსაზღვრავს როგორც შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის, ისე უკვე გაცემული უფლების გაუქმების საფუძვლებს.მათ შორისაა:
• წლიური კვოტის არქონა, როდესაც იგი სავალდებულოა;
• პროფესიული კვოტის ამოწურვა (თუ შესაბამისი საქმიანობისთვის ასეთი კვოტა დადგენილია);
• სავალდებულო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა;
• კანონით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა;
• არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენა;
• სხვა კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.
დადგენილება ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც უკვე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლება ექვემდებარება გაუქმებას, თუ აღარ არსებობს მისი მოქმედების სამართლებრივი საფუძველი ან უფლება მიღებულია არასწორი ან არასრული ინფორმაციის საფუძველზე.