
Litz Resort-ი მეტაბოლური ჯანმრთელობის საერთაშორისო პროგრამას იწყებს - დეტალები
კვარიათში მდებარე სასტუმრო კომპლექსი Litz Resort-ი შემოდგომიდან ახალ, ფუნდამენტურ სამედიცინო-გამაჯანსაღებელ მიმართულებას ამატებს, რომლის მიზანიც რეგიონში ოთხსეზონიანი სამედიცინო ტურიზმის განვითარებაა. პროექტი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის იმ კურსდამთავრებულებთან პარტნიორობით შეიქმნა, რომლებიც ამჟამად აშშ-ის წამყვან კლინიკებში მოღვაწეობენ.
როგორც Litz Resort-ისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, დიმიტრი ტვილდიანმა BMG-სთან განაცხადა, პროგრამა თანამედროვე მტკიცებით მედიცინას ეფუძნება და მისი მთავარი სამიზნე მეტაბოლური ჯანმრთელობა, კერძოდ კი ინსულინრეზისტენტობის დაძლევა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაა.
"ნოემბრიდან დაიწყება გაჯანსაღების ძალიან ფუნდამენტური პროგრამა, რომელიც დაფუძნებული არის მედიცინის უახლეს მიღწევებზე. მათ შორის, ამაში მონაწილეობა მიიღეს ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, რომლებიც ახლა ამერიკაში მუშაობენ, სხვადასხვა წამყვან ადგილებში. შექმნილია პროგრამა, რომელიც გახდება უნიკალური საქართველოსთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ეს გადაიქცევა სრულფასოვან სამედიცინო ცენტრად", - აღნიშნავს დიმიტრი ტვილდიანი.
პროგრამის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობად ადგილმდებარეობის უნიკალური მიკროკლიმატი სახელდება. Litz Resort-ი ზღვის დონიდან 370 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სადაც მთისა და ზღვის ჰაერის შერწყმა სასუნთქ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე განსაკუთრებულად დადებით გავლენას ახდენს, რაც ორგანიზმის რეგენერაციას უწყობს ხელს.
"ჩვენ ახლა სადაც ვართ, ვართ 370 მეტრის სიმაღლეზე და ეს სიმაღლე არის სწორედ ის ადგილი, სადაც ზღვისა და მთის ჰაერის საუკეთესო ნაზავია. ეს ჰაერი ძალიან კარგად მოქმედებს სასუნთქ სისტემაზე, შესაბამისად გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და, რაც მთავარია, იწვევს ძალიან კარგ ძილს. აქ ყველას ბავშვივით სძინავს, ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძილის ჩემპიონები ვართ. კარგი ძილი კი თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი მკურნალი, რადგან ჰორმონალური ბალანსის რეგულაცია სწორი ძილის გარეშე შეუძლებელია", - განმარტავს დიმიტრი ტვილდიანი.
გაჯანსაღების კურსები სხვადასხვა ხანგრძლივობის იქნება - 3-დღიანი მოკლე ტურებიდან დაწყებული, 21-დღიანი სრულფასოვანი პროგრამით დასრულებული. დიმიტრი ტვილდიანის თქმით, 21-დღიანი კურსი ყველაზე ეფექტური იქნება, რადგან ამ დროში პაციენტის ქცევაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება ხდება. კურსი მოიცავს ინდივიდუალურად შერჩეულ ორგანულ კვებას, დოზირებულ ფიზიკურ აქტივობას და სამედიცინო მეთვალყურეობას.
აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკური პროცესი სტუმრის ჩამოსვლამდე იწყება. პაციენტი წინასწარ ავსებს დეტალურ ანკეტას, რის შემდეგაც, საჭიროებისამებრ, ჩამოსვლამდე იკეთებს დამატებით კვლევებს. ლოკაციაზე ჩასვლის შემდეგ კი ტარდება ექოკარდიოგრაფიული და მეტაბოლური კვლევები, რომელთა საფუძველზეც თითოეული ადამიანისთვის იქმნება პერსონალიზებული კვების, ფიზიკური დატვირთვისა და, საჭიროების შემთხვევაში, მედიკამენტოზური მკურნალობის რეჟიმი.
პროცესის სამედიცინო მონიტორინგისთვის იქმნება სპეციალური საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭო, რომელიც აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმებით - კარდიოლოგებით, ენდოკრინოლოგებით, პულმონოლოგებითა და ინფექციონისტებით - დაკომპლექტდება. დიმიტრი ტვილდიანის შეფასებით, მსგავსი სერვისი საქართველოს საშუალებას მისცემს, ევროპისა და აშშ-ის წამყვანი კურორტების ანალოგიური სამედიცინო-ტურისტული ცენტრი შექმნას და ბათუმი ე.წ. "ორთვიანი სეზონის" სტერეოტიპისგან გაათავისუფლოს.
"სამწუხაროდ, ჩვენთან ჯერ არ არის ასეთი სამედიცინო-ტურისტული ცენტრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე გაიხსნება აქ და მალე იმ დოგმასაც, რომლის მიხედვითაც ბათუმს ორთვიან კურორტს ეძახიან, მოვერევით. შედეგად, ეს პროგრამა მთელი წლის განმავლობაში უწყვეტად იმუშავებს", - აცხადებს დიმიტრი ტვილდიანი.
BM.GE
წყარო: bm.ge