
ლონდონის საფონდო ბირჟა Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლას მიესალმება
ლონდონის საფონდო ბირჟა Lion Finance Group-ის FTSE 100-ში შესვლას მიესალმება. როგორც LSE-ის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია, Lion Finance Group FTSE 100-ში დაწინაურებას ზეიმობს, რისთვისაც სიმბოლურად ბაზრის დახურვის ზარიც დაირეკა.
ცნობისთვის "საქართველოს ბანკი", როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი.
ლონდონის საფონდო ბირჟა წერს, რომ Lion Finance Group-ი, რომელიც საქართველოს და სომხეთის მზარდ ბაზრებზე ოპერირებს, "საქართველოს ბანკისა" და "ამერიაბანკის" სახელით საბანკო და ფინანსური სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფს. LSE აღნიშნავს, რომ ორივე ბანკი ადგილობრივ ბაზრებზე 2.7 მლნ ყოველთვიურად აქტიურ მომხმარებელს ემსახურება.
"2006 წელს საფონდო ბირჟაზე განთავსების შემდეგ, კომპანიის ბიზნეს მოდელი აგებულია მკაფიო ამბიციის გარშემო: მისი შვილობილი კომპანიების პოზიციონირება მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარ ფინანსურ პლატფორმად. მომხმარებელზე ორიენტირებული გამორჩეული ფილოსოფიის, ღრმა ციფრული შესაძლებლობებისა და ბალანსის სიძლიერის გამოყენებით, ჯგუფმა შეძლო მნიშვნელოვნად გაეფართოებინა თავისი მომხმარებლების ფრენჩაიზი, რაც გამოიხატებოდა მოგების მდგრად ზრდაში და ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში მთლიანი აქტივების 50-ჯერ გაზრდაში.
ჯგუფის FTSE 100-ში შესვლა ასახავს ინვესტორების ნდობის სიძლიერეს ჯგუფის გრძელვადიანი რეპუტაციისა და მომავალი შესაძლებლობების მიმართ. ლონდონის კაპიტალის ბაზრების მხარდაჭერით, ჯგუფი კარგ პოზიციაშია, რათა გააგრძელოს მდგრადი ღირებულების მიწოდება ყველა დაინტერესებული მხარისთვის", - წერია ლონდონის საფონდო ბირჟის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
Lion Finance Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ, კომენტარი გააკეთა:
„მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ მიღწევაში. BGEO-ს FTSE 100 ინდექსის შემადგენელი ნაწილის სტატუსით, ჩვენ შევდივართ ზრდის ახალ, საინტერესო ფაზაში, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენი ამბიცია, ვიყოთ ჩვენი მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარი ფინანსური პლატფორმა. ჯგუფის იმპულსი ძლიერია და ჩვენი ვალდებულება ნათელი რჩება - გავაგრძელოთ ღირებულების მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისა და აქციონერებისთვის მომავალშიც.“