
რითეილ სექტორი "სოციალური კალათის" შექმნას აანონსებს - კობახიძეს ინიციატივა მოსწონს
საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ იწყებენ „საოჯახო კალათის“ ინიციატივის განხორციელებას, რაც სავაჭრო ქსელებში მათ მიერვე შერჩეულ პროდუქტებზე მუდმივ რეჟიმში სპეციალური, შეღავათიანი საფასო პოლიტიკის ამოქმედებას გულისხმობს.
ასოციაციის განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაეცნენ საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის ვრცელ დასკვნას, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა.
პროცესს გამოეხმაურა კობახიძეც, რომელიც აცხადებს, რომ ხელისუფლება ბაზარზე უხეშ ჩარევას არ გეგმავს, თუმცა ბიზნესთან კოორდინაციას მიესალმება.
აღსანიშნავია, რომ ფასების კვლევა გასული წლის ბოლოს პრემიერის საკმაოდ მკაფიო განცხადებით დაიწყო, რომლის მიხედვითაც "საქართველოში კონკრეტული საცალო ქსელების წმინდა მოგების მარჟა 7, 8 და 14 პროცენტიც კია, როდესაც ევროპაში მათი წმინდა მოგების მარჟა საშუალოდ 2 პროცენტია". კობახიძის დავალებით შექმნილმა "ფასების საპარლამენტო კომისიამ" კი თქვა, რომ საქართველოში ქსელების მოგება ევროპულს არ აღემატება.
„რითეილ ასოციაცია“: ორიენტირი ფრანგულ და ბერძნულ მოდელებზე
„რითეილ ასოციაციამ“, რომელიც უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელებს აერთიანებს, გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათ შეიმუშავეს „საოჯახო კალათის“ ინიციატივა. ასოციაციის განმარტებით, გადაწყვეტილება პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის გაცნობის შემდეგ იქნა მიღებული.
„კომისიის მოკლევადიანი რეკომენდაციებიდან სექტორისთვის განსაკუთრებით საინტერესოა საფრანგეთისა და საბერძნეთის მაგალითები. ეს მოდელები გამორიცხავს ბაზრის მექანიზმებში უხეშ ჩარევას სახელმწიფოს მხრიდან და მიზნის მიღწევას კონკურენციის პრინციპების გაძლიერებით ისახავს მიზნად. სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს სექტორის წარმომადგენლებმა ახალი მიდგომა, რომელიც მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგების მიღწევის შესაძლებლობას ქმნის. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სავაჭრო ქსელები თავად უზრუნველყოფენ იმ ძირითადი პროდუქტების იდენტიფიცირებას, რომლებზეც ფასდაკლებები გავრცელდება.“
ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ მხოლოდ რითეილერების ნება საკმარისი არ არის და პროცესში მომწოდებლების ჩართულობაა საჭირო:
„ვიმედოვნებთ, რომ მწარმოებლები და მომწოდებლები გაიზიარებენ რითეილ სექტორის მიდგომას და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყოფენ მაქსიმალურად შეღავათიან პირობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი გახდეს ძირითადი საბაზისო პროდუქციის ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მოსახლეობისათვის.“
კომპანიების ინდივიდუალური გეგმები: „ნიკორა“, „გუდვილი“ და „დეილი ჯგუფი“
ასოციაციის საერთო პოზიციის პარალელურად, კონკრეტულმა ქსელებმა საკუთარი გეგმები წარადგინეს:
„ნიკორა სუპერმარკეტი“ აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დახლებზე გაიაფებული პროდუქცია გამოჩნდება
„მეტი ხელმისაწვდომობა ყოველდღიურ პროდუქტებზე - ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიყოთ ახლოს იმ საჭიროებებთან, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მომხმარებელს. ვაკვირდებით მიმდინარე გარემოს და ვრეაგირებთ მყისიერად, რათა თქვენი ყოველდღიური სტუმრობა ნიკორაში იყოს კიდევ უფრო მიმზიდველი. ამ მიდგომის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვაახლებთ ფასებს და ვქმნით მათ კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ყოველდღიურ პროდუქტებზე - იმაზე, რაც ყველაზე ხშირად მოხმარებადია. უახლოეს დღეებში ჩვენს დახლებზე თქვენ ნახავთ კიდევ უფრო გაიაფებულ პროდუქტებს და უკეთეს ფასებს ძირითად საჭიროებებზე. ჩვენს ინტერესებზე მაღლა ყოველთვის ვაყენებთ მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებს, სწორედ ამიტომ ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას და მუდმივად ვრჩებით თქვენთან უფრო ახლოს.“
„გუდვილი“ ყურადღებას მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციაზე ამახვილებს:
„ჩვენი კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მოკლევადიან პერსპექტივაში „სოციალური კალათის“ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების დაწევის მიზნით, ჩვენ ვახორციელებთ სპეციალურ მიდგომას, რომლის მიხედვით მუდმივ რეჟიმში განხორციელდება სოციალურად მნიშვნელოვანი სასაქონლო ჯგუფებიდან გარკვეული პროდუქტების გამოყოფა, რომლებზეც ჩვენი კომპანიის შესაძლებლობის ფარგლებში გავრცელდება განსაკუთრებული შეთავაზებები. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესს ექნება სისტემური და უწყვეტი ხასიათი. [...] ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვიყოთ ჩართული მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციის, აგრეთვე სხვა სტრატეგიულ პროცესებში, რაც ფასებთან დაკავშირებით გრძელვადიან და მდგრად შედეგებს გამოიღებს.“
„დეილი ჯგუფი“ (რომელიც აერთიანებს ქსელებს: „დეილი“, „სპარი“, „კალათა“, „მაგნიტი“, „გვირილა“ და „იოლი“) იწყებს პროექტს „შენთვის შერჩეული“:
„პროექტის ფარგლებში შეიქმნება პირველადი მოხმარების პროდუქციის კალათა – „შენთვის შერჩეული“, რომელიც გააერთიანებს ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია თითოეული ოჯახისათვის. [...] პროექტის ფარგლებში შერჩეულ პროდუქტებზე დაწესდება მინიმალური სავაჭრო მარჟა; მომხმარებელს ექნება მარტივი იდენტიფიკაცია (სპეციალური ნიშნულები/პოსტერები); ფასები იქნება გამჭვირვალე და სტაბილური. ჩვენი მიზანია: შევამციროთ მომხმარებლის ფინანსური წნეხი ყოველდღიურ პროდუქტებზე; შევთავაზოთ სტაბილურად დაბალი ფასები შერჩეულ კატეგორიებზე; გავაძლიეროთ პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლი ბაზარზე.“
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ფასების საკითხი კომპლექსურია, რადგან საქმე თავისუფალ ბაზარს ეხება, სადაც ბიზნესის მთავარი მოტივაცია მოგებაა. თუმცა, პრემიერი მიიჩნევს, რომ „მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით“ შედეგი მიღწევადია:
„ამოცანა არ არის მარტივი, იმიტომ რომ საქმე ეხება ბიზნესს, რომელიც არის თავისუფალი და საკუთარი შეხედულების მიხედვით აწარმოებს საქმიანობას. ნებისმიერი ბიზნესი ორიენტირებულია მაქსიმალური მოგების მიღებაზე და ამ ყველაფერში უხეში ჩარევა არ შეიძლება. შეიძლება მთლიანად ჩამოშალო საბაზრო ურთიერთობები უხეში ჩარევის პირობებში. ამიტომ მგრძნობიარეა ეს საკითხი და ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვიფიქრია უხეში ჩარევა საბაზრო ურთიერთობებში. თუმცა ვფიქრობთ, რომ ბიზნესი თუ იმოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და თუ გვექნება კოორდინაცია ფასების შემცირების თემასთან დაკავშირებით, შედეგის მიღწევა არის შესაძლებელი.“
ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნით, მაღალი ფასების მიზეზი არა კომპანიების „გადაჭარბებული მოგება“, არამედ სისტემური არაეფექტურობაა.
„ძირითადი პრობლემაა არა გადაჭარბებულ მოგებაში, არამედ პრობლემაა არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. მიწოდების ჯაჭვი არაეფექტური და გრძელია. შესაბამისად, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები, რომლებიც დააახლოებს მწარმოებელსა და საცალო ქსელებს და იმპორტიორსა და მწარმოებელს.“
კომისიის რეკომენდაციაა, რომ სახელმწიფომ გამოიყენოს „რბილი ჩარევის“ მექანიზმები და მოერიდოს ფასების პირდაპირ ადმინისტრირებას, რადგან ეს ბაზრისთვის დამატებით პრობლემებს შექმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge