რუსული Lukoil-ის გლობალურ აქტივებს ამერიკული კონსორციუმი შეიძენს
რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესაძენად შეთანხმება გაფორმდა. Reuters-ის ინფორმაციით, გარიგებას ამერიკელი მილიარდერი ტოდ ბოილი ხელმძღვანელობს, კონსორციუმში კი შედის აშშ-ის მთავრობის საინვესტიციო სააგენტო International Development Finance Corporation (DFC). გარიგება გლობალურ აქტივებს შორის მათ შორის Lukoil-ის ქართული ბიზნესის ნასყიდობასაც ითვალისწინებს.
შეთანხმების მიხედვით, Lukoil-ის საერთაშორისო აქტივები დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიის ფასიანი ქაღალდების სანაცვლოდ უნდა გადავიდეს კონსორციუმის საკუთრებაში. Reuters-ის თანახმად, გარიგება ამჟამად საჭიროებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ნებართვას.
Reuters-ის ცნობით, კონსორციუმის შემადგენლობაში, ტოდ ბოილის გარდა, შედიან ამერიკული საინვესტიციო ბანკი Xtellus Partners და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაფუძნებული Catena Investment Holding. გარიგებაში მონაწილეობაზე უარი გასულ კვირას თქვეს სირიულ-კატარულმა ძმებმა ალ-ხაიატებმა და აბუ-დაბიში დაფუძნებულმა International Holding Company-მ.
ტოდ ბოილი Eldridge-ის აღმასრულებელი დირექტორი და მფლობელია. ეს არის აქტივების მართვისა და სადაზღვევო ჰოლდინგი, რომლის მმართველობაში არსებული აქტივების მოცულობა დაახლოებით 75 მილიარდ დოლარს შეადგენს. ბოილი ასევე ფლობს წილებს Los Angeles Lakers-სა და Los Angeles Dodgers-ში.
Lukoil-ის საერთაშორისო პორტფელი 16 მილიარდ დოლარად არის შეფასებული
Reuters-ის ინფორმაციით, Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების პორტფელი დაახლოებით 16 მილიარდ დოლარად ფასდება და 40-მდე ქვეყანაში არსებულ ოპერაციებს მოიცავს. მათ შორისაა ნავთობის საბადოები აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და კიდევ ცხრა ქვეყანაში, რომელთა ერთობლივი მოპოვება დღეში დაახლოებით 350 000 ბარელს შეადგენს.
პორტფელში ასევე შედის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ნიდერლანდებში, ბულგარეთსა და რუმინეთში, ასევე ბენზინგასამართი სადგურების ფართო ქსელი, მათ შორის აშშ-ში.
ბოილის განცხადებით, აქტივების შეფასებული ღირებულება შესაძლოა ნავთობის ფასების ცვლილების შესაბამისად შეიცვალოს. მისი თქმით, პორტფელის სტრატეგიული მნიშვნელობა ასევე უკავშირდება შუა დერეფანს (Middle Corridor), რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს და რუსეთის სამხრეთით, ირანის ჩრდილოეთით გადის.
შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია აშშ-ის მთავრობის მონაწილეობა სამომავლო მოგების განაწილებაში. Reuters-ის ინფორმაციით, DFC-ის მეშვეობით აშშ მიიღებს წილს კონსორციუმის მიერ შექმნილ კომპანიაში, თუმცა მისი ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით საჯარო არ არის. ამერიკული მხარე სამომავლო მოგებიდან წილს მიიღებს მას შემდეგ, რაც კერძო ინვესტორები ჩადებულ კაპიტალსა და შეთანხმებულ უკუგებას დაიბრუნებენ. DFC-ს ასევე ექნება წარმომადგენელი კომპანიის მმართველ ორგანოში.
აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ამერიკელი ან მოკავშირე ქვეყნების პარტნიორების ხელში გადასვლა ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ვაშინგტონის მონაწილეობა გარიგებაში ასევე მიზნად ისახავს რუსეთის გავლენის შემცირებას ენერგეტიკულად მნიშვნელოვან ბაზრებზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა Lukoil-ს სანქციები 2025 წლის ოქტომბერში დაუწესა. ამის შემდეგ კომპანიას საერთაშორისო აქტივების გასხვისება მოუწია, თუმცა რამდენიმე მცდელობა გარიგების დასრულებით არ დასრულებულა.
Reuters-ის ინფორმაციით, ბოილის კონსორციუმის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს Lukoil-ის ფასიანი ქაღალდების დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივებში გაცვლას. ეს ფასიანი ქაღალდები მანამდე ამერიკულმა და ბრიტანულმა საინვესტიციო ფონდებმა და ამერიკულმა დეპოზიტარულმა ბანკებმა შეიძინეს, რომლებიც მათ საცალო ინვესტორების სახელით ფლობდნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ეს აქციები გაყინული იყო და მათი ღირებულება მნიშვნელოვნად შემცირდა.
ბოილის განმარტებით, გარიგების ფარგლებში ფაქტობრივად ხდება იმ ფასიანი ქაღალდების გაცვლა, რომლებსაც ამერიკელი ინვესტორებისთვის პრაქტიკულად დაკარგული ღირებულება ჰქონდა, რეალურ აქტივებში. ამასთან, ფასიანი ქაღალდები პირდაპირ Lukoil-ს არ გადაეცემა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სპეციალურ ესქრო ანგარიშზე განთავსდება, რათა რუსულმა კომპანიამ გარიგებიდან დამატებითი ფინანსური სარგებელი არ მიიღოს.
გარიგების საბოლოო დასრულება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის OFAC-ის თანხმობაზეა დამოკიდებული. Reuters-ის წყაროს ცნობით, საერთაშორისო აქტივების მასშტაბიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად საჭირო შემოწმების პროცესი შესაძლოა დროში გაიწელოს. ბოილის შეფასებით, გარიგების დასრულებას შესაძლოა ერთ წლამდე დასჭირდეს. აქტივების შესაძენად შექმნილ კომპანიას კი ახალი სახელი დაერქმევა.
Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შეძენით მანამდე სხვა კომპანიებიც დაინტერესდნენ. 2025 წელს Gunvor-მა განაცხადა, რომ Lukoil-მა მისი შეთავაზება მიიღო, თუმცა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის კრიტიკის შემდეგ კომპანიამ წინადადება უკან გაიწვია. მოგვიანებით, 2026 წლის იანვარში, Lukoil-მა Carlyle-თან შეთანხმება გააფორმა, თუმცა გარიგებამ OFAC-ის ნებართვა ვერ მიიღო და საბოლოოდ არ დასრულებულა.
