პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: ნატოს მოკავშირეებმა უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების იდეას მხარი არ დაუჭირეს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ცეზარი ტომჩიკმა განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა მხარი არ დაუჭირეს უკრაინის საჰაერო სივრცეში იმ რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას, რომლებიც ალიანსის ტერიტორიისკენ მიემართებიან.
ტომჩიკის თქმით, უკრაინის თავზე რუსული საჰაერო სამიზნეების განადგურების საკითხი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განიხილებოდა, თუმცა ალიანსის წევრებმა ამ ინიციატივაზე უარი თქვეს.
„ნატო არავითარ შემთხვევაში არ უჭერს მხარს ამ იდეას. ეს გადაწყვეტილება უამრავ სირთულეს წარმოშობს“, - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად შესაძლებელია მიღებულ იქნას დადგენილება პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში ფრენების აკრძალვის ზონის შექმნის შესახებ, რაც სამხედროებს საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებზე რეაგირებას გაამარტივებს.
„ჩვენ გვსურს, რომ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში ეს დადგენილება ძალაში შევიდეს“, - განაცხადა ცეზარი ტომჩიკმა.
