
მაისში დენის გამომუშავება შემცირდა ჰიდროლოგიური პირობების და გენერაციის შეზღუდვის გამო
მაისში გენერაცია შემცირდა ჰიდროლოგიური პირობების და სისტემის ოპერატორის მიერ გენერაციის შეზღუდვის გამო.
ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში წერია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს ეხება.
2026 წლის მაისში ჰიდროგენერაცია წლიურად 10%-ით შემცირდა და 1.2 მლრდ კვტ.სთ შეადგინა, რაც ჯამური მიწოდების 97.5%-ია. კლება დაკავშირებულია კლიმატურ პირობებთან და ამავდროულად, სისტემის ოპერატორის მიერ დაწესებულ გენერაციის შეზღუდვებთან. ეს შეზღუდვები საჭირო გახდა მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად. გენერაციის შეზღუდვის გარეშე, მიწოდება გადააჭარბებდა მოთხოვნას, ადგილობრივი ბაზრისა და ექსპორტის ჩათვლით.
მაისის თვეში განხორციელებული შეზღუდვების ზუსტი მოცულობის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის. ქარისა და მზის გენერაცია წლიურად 56%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურ მიწოდებაში მისი წილი კვლავ მცირე 1% იყო. ზრდა დაკავშირებულია აპრილში 18.7 მგვტ-იანი „ზემო ქარის სადგურისა“ და 2025 წლის ბოლოს დამატებული ახალი მზის სადგურების (ჯამში 10.8 მგვტ) ექსპლუატაციაში შესვლასთან. თბოსადგურები, მაისისთვის დამახასიათებელი სეზონურობის შესაბამისად, არ მუშაობდნენ.
"გენერაციის შეზღუდვების გაგრძელებას ივნის-ივლისშიც ველოდებით, თუმცა შედარებით ნაკლები მოცულობით, რადგან:
• ისტორიულად, ივნისი და ივლისი მაისთან შედარებით ნაკლები სიჭარბით გამოირჩევა.
• ესკომ თურქეთთან გააფორმა ბარტერის შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც მაის-ივლისის განმავლობაში განახორციელებს თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტს, ხოლო სექტემბერ-ნოემბერში იმპორტს.
ეს გარიგება გაზრდის ექსპორტის რაოდენობას და ჯამურ მოთხოვნას, შესაბამისად, შეამცირებს გენერაციის შეზღუდვებს ივნის-ივლისის პერიოდში.
ბარტერის ფარგლებში განსახორციელებელი ექსპორტის მოცულობას ესკო შეისყიდის კვტ.სთ-ზე 4.021 თეთრად იმ ელექტროსადგურებისგან, რომელთაც წინააღმდეგ შემთხვევაში მოუწევდათ გენერაციის შეზღუდვა. ბარტერული შეთანხმების ზუსტი კომერციული პირობები, მათ შორის ექსპორტისა და სანაცვლო იმპორტის პროპორცია, საჯაროდ ცნობილი არ არის", - წერია საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში.
BM.GE
წყარო: bm.ge