
მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში ენერგეტიკის მინისტრ შეხვდა - რაზე ისაუბრეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი რუმინეთში, ოთხმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრ დიმიტრუ კისალიცას შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონული ენერგეტიკული პროექტების მიმდინარე პროგრესი იყო.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტს, რომელმაც საქართველოსა და რუმინეთის ენერგოსისტემები უნდა დააკავშიროს და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირი გააძლიეროს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმასაც, რომ პროექტს უკვე მინიჭებული აქვს ევროკომისიის ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი.
გარდა ამისა, მინისტრებმა განიხილეს მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების პერსპექტივები და განახლებადი ენერგიის რესურსების ეფექტიანი გამოყენების საკითხები. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ენერგეტიკის სექტორში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს.
შეხვედრა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმების მე-13 მინისტერიალის ფარგლებში შედგა და მას ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები - გენადი არველაძე და ინგა ფხალაძეც ესწრებოდნენ.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა რუმინეთში გამართულ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-13 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
BM.GE
წყარო: bm.ge