
მარიამ ქვრივიშვილის შემდეგ, პრემიერმაც თქვა, რომ სინგაპურულ Changi-ს ვაზიანის აეროპორტის პროექტი აინტერესებს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სინგაპურში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სინგაპურის აეროპორტის ოპერატორი კომპანია „ჩანგის“ წარმომადგენლებთან.
როგორც ვიზიტის შეჯამებისას ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მთავრობას მათთან თანამშრომლობა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში აინტერესებს.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრიშვილმაც თქვა, " ჩანგის აეროპორტის მმართველმა გუნდმა ფაქტობრივად დაგვიდასტურა, რომ ვაზიანის პროექტის ტენდერში მიიღებს მონაწილეობას
„შევეხეთ ამ ყველა საკითხს და ასევე გვქონდა შეხვედრა კომპანია „ჩანგის“ წარმომადგენლებთან. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს თბილისში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა. სინგაპურის აეროპორტი გამოირჩევა მსოფლიო მასშტაბით აეროპორტებს შორის თავისი მომსახურების უმაღლესი დონით, ინფრასტრუქტურის უმაღლესი ხარისხით და, რა თქმა უნდა, მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, სინგაპურში გამართულ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, სავაჭრო ბრუნვა, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები, ასევე ინვესტიციების მოზიდვა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს საქართველოსა და სინგაპურს შორის სავაჭრო ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ექსპორტი საქართველოდან დაახლოებით ორნახევარჯერ არის გაზრდილი, რისი შენარჩუნებაც მთავრობის მიზანია.
კობახიძემ ყურადღება გაამახვილა სინგაპურის გამოცდილების გაზიარებაზეც.
„გვქონდა ასევე საუბარი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე, ეს არის, მათ შორის, განათლების სფერო, ეს არის ჯანდაცვის სფერო. აქ სინგაპურს აქვს გამორჩეული გამოცდილება, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის კუთხით განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებში და ეს გამოცდილება ჩვენთვის იქნება ძალიან სასარგებლო, ბუნებრივია, ამას გავითვალისწინებთ რეფორმების გატარების დროს“.
მისი თ, ვიზიტისას შეხვედრა გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთანაც, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოში ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე, მათ შორის ფინტექის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის კუთხით.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოში სინგაპურული დაახლოებით 30 კომპანია ოპერირებს. მან ასევე დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის განხილვის პროცესშია რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელთა ირგვლივ მოლაპარაკებებიც „ძალიან მალე დასრულდება“.
როგორია ეკონომიკური კავშირები სინგაპურთან
BM.GE
წყარო: bm.ge