
მარტვილის კანიონში ტურისტული მომსახურების გაწევის უფლება ადგილობრივების კომპანია "ოფუცხოის" კიდევ 5 წლით გადაეცა
მარტვილის კანიონში ტურისტული მომსახურების გაწევის უფლება შპს "ოფუცხოის" კიდევ 5 წლით გადაეცა. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, შპს "ოფუცხოის" 2031 წლის 1 ივლისამდე მართვის უფლებით გადაეცემა მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურება და მასთან დაკავშირებული ქონება: ნავმისადგომი პირსი, ასევე ტურისტების მოსაცდელი შენობა და ნავების შესანახი ანგარი.
შესაბამისი განკარგულების თანახმად, კომპანია ვალდებულია, ყოველწლიურად გადაიხადოს მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული ქონების 1.5%, რაც შეადგენს 2 775 ლარს. ამას გარდა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს "ოფუცხოი" იხდის წლიური ბრუნვის 30%-ს.
ამასთან, განკარგულების მიხედვით, შპს "ოფუცხოიმ" 2028 წლის 1 ივლისამდე უნდა განახორციელოს არანაკლებ 100 000 ლარის ინვესტიცია და შეიძინოს დამატებით ინვენტარი, მათ შორის 30 ცალი ნავი, ნიჩბები, სამაშველო ჟილეტები, 2 სამაშველო ნავი და კაიაკი.
ცნობისთვის, შპს "ოფუცხოი" 2016 წელს მარტვილშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი სერგო უჩავაა, ხოლო მესაკუთრეთა სიაში ათობით ადგილობრივია. კომპანიას მარტვილის კანიონის მართვის უფლებაც სწორედ 2016 წლიდან აქვს. თუმცა, მარტვილის კანიონის ტერიტორიას დაცული ტერიტორიების სააგენტო აკონტროლებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, იმის გამო, რომ ადგილობრივები სააგენტოს გამოჩენამდე სწორედ კანიონზე ნავების გაქირავებით ირჩენდნენ თავს, ადგილზე შეიქმნა პრობლემა, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო მოგება. სწორედ ამიტომ დაარსდა აღნიშნული შპს, რომელსაც ერთობლივად ფლობენ ადგილობრივები.