მასკი კოსმოსში 1 მილიონ სატელიტს გაუშვებს! - რა უნდა იცოდეთ ამ პროექტისა და ინდუსტრიის შესახებ?
ილონ მასკი კოსმოსში 1 მილიონ სატელიტს გაუშვებს. ეს სიახლე ცნობილი 26 ნოემბერს გახდა. ადამიანმა, რომელმაც უკვე შეძლო და ორბიტაზე იმაზე მეტი თანამგზავრი გაუშვა, ვიდრე მთელმა კაცობრიობამ ერთად, ამჯერად მორიგი სიახლე ამცნო მსოფლიოს.
როგორია თავად სატელიტური ინდუსტრია, როგორ იქცა ის მრავალმილიარდიან სექტორად და რას გეგმავს მასკის SpaceX-ი თავისი 1 მილიონი სატელიტით - ამ კითხვებზე პასუხს ამ სტატიიდან მიიღებთ.
დასაწყისისთვის, მნიშვნელოვანია თავად კოსმოსური ინდუსტრიის ისტორიის მოკლედ გახსენება. იმ გზის, რომელმაც კაცობრიობა აქამდე მოიყვანა.
ყველაფერი თავად ილონ მასკის დაბადებამდე 14 წლით ადრე, 1957 წელს დაიწყო, რაცა საბჭოთა კავშირმა „სპუტნიკ ერთი“ ორბიტაზე გაუშვა. შემდგომ კი მას ამერიკული და ჩინური ანალოგები მიჰყვნენ. ამის მიუხედავად, მე-20 საუკუნე, მეტწილად, მცირე ტემპებითა და მხოლოდ რამდენიმე ასეული მფრინავი ობიექტით გამოირჩეოდა.
ნამდვილი სატელიტური ეპოქა ბოლო ათწლეულში დაიწყო, როცა თავად ილონ მასკის მიერ შექმნილმა მრავალჯერადმა რაკეტებმა შესაძლებელი გახადა თანამგზავრების ორბიტაზე იაფად აყვანა.
მაგალითად, ორბიტაზე ატანის ფასი SpaceX-ის დამსახურებით კილოგრამზე $54,000-დან 2,700 დოლარამდე შემცირდა. შედეგიც შესაბამისი დადგა. თუ 2010 წელს დედამიწას გარს დაახლოებით 1,000 თანამგზავრი უვლიდა, დღეს ეს მაჩვენებელი 17,000 არის გაზრდილი.
ამ სექტორში აბსოლუტური ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია. მასზე აქტიური თანამგზავრების 75%-ზე მეტი მოდის. მეორე ადგილზე 1,600 თანამგზავრით ჩინეთია, მესამეზე, 700-ით დიდი ბრიტანეთი, ხოლო რუსეთი მხოლოდ 389 ერთეულს ფლობს.
კომპანიების მიხედვით განაწილებას რაც შეეხება, არსებული 17,000-დან 11,000 SpaceX-ზე და მის Starlink-ზე მოდის - პროექტზე, რომელმაც ყველაზე მიუწვდომელ ადგილებშიც კი გახადა ინტერნეტის გამოყენება შესაძლებელი. იგივე SpaceX-ი აკონტროლებს ორბიტაზე ტვირთების ატანის ბიზნესის 80%-ზე მეტსაც.
რაც შეეხებათ კონკურენტებს - ბრიტანული OneWeb-ი, ჯეფ ბეზოსის Amazon Leo და ჩინური სახელმწიფო კომპანიები SpaceX-თან შედარებით მაჩვენებლებით ბევრად ჩამორჩებიან და ჯამურად 2,000-საც კი ვერ აღწევენ.
ფაქტია, რომ ილონ მასკის კომპანია ამ ინდუსტრიის უპირობო ლიდერი და დომინანტია. ის პროცესებში ჯერ კიდევ 2002 წელს ჩაერთო და მიზნად თავიდანვე კოსმოსის ათვისება და ორბიტის სრულად დაკავება დაისახა. მასკს ესმოდა, თუ რა გავლენა ჰქონდა და ექნებოდა ამ ინდუსტრიას კაცობრიობის განვითარებაზე.
სატელიტების გარეშე თანამედროვე ცივილიზაცია რამდენიმე საათში შეიძლება გაჩერდეს. სატელიტების დამსახურებაა, რომ ამინდის პროგნოზის მონაცემებს ადამიანები მაქსიმალური სიზუსტით იღებენ. სატელიტების სანავიგაციო ქსელების წყალობით ხერხდება 5G კავშირების გამართული მუშაობა, საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, ავიაციისა და ენერგოსისტემების შეუფერხებელი საქმიანობა.
საინტერესო ფაქტია, რომ მხოლოდ GPS გათიშვამ ამერიკის ეკონომიკას შესაძლოა ეს დღეში $1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მოუტანოს.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ამხელა გავლენის გამო ეს ინდუსტრია საკმაოდ შემოსავლიანიცაა. კომერციული სატელიტური ბაზრის მოცულობა თითქმის 400 მილიარდი დოლარია. საიდანაც 105 მილიარდი წმინდად სატელიტურ სერვისებზე მოდის, ცალკე 280 მილიარდი კი სანავიგაციო ციფრულ სერვისებზე.
მასკის SpaceX-ის მომავალიც დღეს ამ სექტორზე დგას. მხოლოდ 2025 წელს მულტიმილიარდერის კომპანიამ, კერძოდ კი Starlink-ის დანაყოფმა 13.6 მილიონი მომხმარებლისაგან $11.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო.
თუმცა, სავარაუდოა, რომ მალე ეს მიმართულება მასკისთვის ნაკლებად იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ის ახალი პროექტის, Starmind-ი განხორციელებისთვის ემზადება. SpaceX-მა 26 ნოემბერს ამერიკული მარეგულირებლისაგან ოფიციალურად მიიღო თანხმობა, რომ ორბიტაზე 1 მილიონი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის განკუთვნილი მონაცემთა ცენტრი განათავსოს.
სიცხადისთვის, მონაცემთა ცენტრები კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ChatGPT-ს, ისე Gemini-ს, Claude-ისა და სხვა AI მოდელების გამოსაყენებლად. იმის გათვალისწინებით კი, რომ ეს სისტემები მრავალმილიარდიან რესურსს საჭიროებენ, მასკი მიიჩნევს, რომ საკუთარი კოსმოსური Data ცენტრების შექმნა SpaceX-სს არნახულ სარგებელს მოუტანს.
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი მიიჩნევს, რომ დედამიწაზე არსებული გამოწვევები, როგორებიცაა საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, მშენებლობის გაზრდილი ღირებულება, ელექტროენერგიისა და გაგრილების კოლოსალური ხარჯები მონაცემთა ცენტრებს არარენტაბელურს ხდის. ყველაფრის ორბიტაზე ატანა კი, სადაც უკვე გამზადებული ობიექტი პირველივე დღეს ამუშავდებიან, სადაც გამოწვევად ვეღარ იქცევა უკმაყოფილო მოსახლეობის პროტესტი, სადაც ელექტროენერგიას სატელიტს თავად სინათლის წყარო - მზე მიაწვდის და სადაც გაგრილების სისტემა ცირკულარული და მონაცემთა ცენტრშივე ჩაშენებული იქნება, რადიკალურად გაზრდის შემოსავლებს.
სწორედ ასეთი პროექტის განხორციელებას გეგმავს მასკი და მომდევნო 20 წელიწადში მთელი ორბიტის 1 მილიონი სატელიტით შევსებასაც აანონსებს. და თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ წინასწარი პროგნოზებით კოსმოსური ეკონომიკის მოცულობა 2035 წლისთვის შესაძლოა 1.8 ტრილიონსაც კი ასცდეს, შეიძლება ითქვას, რომ ის, რასაც დღეს მასკი აკეთებს, მომდევნო ათწლეულში არამარტო ადამიანთა ყოველდღიურობას შეცვლის, არამედ SpaceX-სს მსოფლიოს უდიდეს ტექ-გიგანტად აქცევს.
