საბაგიროების გაძვირება ადგილობრივ დამსვენებელს უფრო მეტად დააზარალებს - KA Group
ზამთრის კურორტებზე საბაგიროების ტარიფების ზრდა ადგილობრივ დამსვენებელზე უფრო მტკივნეულად აისახება, ვიდრე საერთაშორისო ვიზიტორებზე. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" „კა ჯგუფის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინა ჭიღლაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, საბაგიროების საერთო სეზონური აბონემენტის ღირებულების დაახლოებით 54%-იანი ზრდის მიმართ ქართველი მომხმარებელი უფრო მგრძნობიარე იქნება.
როგორც ჭიღლაძე აღნიშნავს, ფასების ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კერძო სექტორში ადგილობრივი დამსვენებლების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურებები მიიღეს.
"მგონია, რომ ადგილობრივი დამსვენებელი ფასების ზრდის მიმართ ბევრად უფრო მგრძნობიარე იქნება, ვიდრე საერთაშორისო მოგზაური. ჩვენი გამოცდილებით, ევროპელი ტურისტები, როგორც წესი, მოგზაურობას წინასწარ გეგმავენ და გადაწყვეტილების მიღებამდე მაქსიმალურად დეტალურ ინფორმაციას აგროვებენ. ფასების შესახებ ინფორმაციის გაზიარების შემდეგ მათგან მნიშვნელოვანი უარყოფითი უკუკავშირი არ მიგვიღია. არც ჯავშნების შემცირება შეგვინიშნავს, რაც შეიძლება, ერთ-ერთ ინდიკატორად მივიჩნიოთ, რომ საერთაშორისო დამსვენებლებზე ტარიფების ზრდას მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია", - განმარტა მან.
განსხვავებული სურათია ადგილობრივ ბაზარზე, სადაც ტარიფების ზრდას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ჭიღლაძის შეფასებით, შიდა ტურიზმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კერძო სექტორმა და სახელმწიფომ ქართველი დამსვენებლის ინტერესების გათვალისწინებაზე მეტად უნდა იზრუნონ.
„ადგილობრივი დამსვენებლების შემთხვევაში ფასების ზრდას საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ვფიქრობ, კოვიდის შემდეგ, როდესაც შიდა ტურიზმის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, როგორც კერძო ბიზნესმა, ისე სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივ ტურისტებს მეტი კომფორტი შევუქმნათ. ტურიზმის სფეროში არაერთი პოლიტიკური თუ ეკონომიკური გამოწვევა გვინახავს. ასეთ კრიზისულ და ფორსმაჟორულ ვითარებაში კი სასტუმროებისთვის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი სწორედ ადგილობრივი მომხმარებელია, რომელიც შიდა ტურიზმით არის დაინტერესებული“, - ამბობს ის.
როგორც ჭიღლაძე აცხადებს, „კა ჯგუფის“ სასტუმროები გაძვირების ფონზე ქართველი დამსვენებლებისთვის სპეციალური შეთავაზებების შენარჩუნებას ცდილობენ. მათ შორისაა ბანკებთან თანამშრომლობა, ფასდაკლებები და გადახდის განაწილების შესაძლებლობა.
„გაძვირების ტალღის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს ნაწილი და მაქსიმალურად ვეცადეთ, შეგვენარჩუნებინა რაღაც სპეციალური მიდგომა ქართველი დამსვენებლების მიმართ. განსაკუთრებული შეთავაზებები, სპეციალური ფასები, ვთანამშრომლობთ ბანკებთან, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს დამსვენებელს, გადაიხადონ ნაწილ-ნაწილ, ჰქონდეთ რაღაც სპეციალური ფასდაკლებები ბანკების პროდუქტებიდან გამომდინარე და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ასე ვთქვათ, უპირატესი როლი ჰქონდეს ადგილობრივ დამსვენებელს, რადგან ჩვენთვისაც ერთგვარი რისკის დამზღვევი არის ეს მასა კრიტიკულ სიტუაციებში“, - განმარტავს ნინა ჭიღლაძე.
მისივე შეფასებით, ადგილობრივი მომხმარებლისთვის მეტი უპირატესობის მინიჭება შიდა ტურიზმის ლოიალობასაც გაზრდიდა. ჭიღლაძის ინფორმაციით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კომენტარებში მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ გაძვირების გამო სასრიალოდ სხვა ქვეყნებში წასვლას განიხილავს, სადაც დასვენება შესაძლოა, უფრო ბიუჯეტურად დაგეგმონ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზამთრის სეზონზე საქართველოს ოთხივე სამთო კურორტისთვის საერთო სეზონური აბონემენტის ღირებულება 650-ის ნაცვლად 1 000 ლარი იქნება, რაც 54%-იან ზრდას ნიშნავს.
