
მეორე CFD აუქციონით შეთავაზებული ფასი ადეკვატური ნამდვილად არ არის - თორნიკე ბახტურიძე
ქარის ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანია "იბერია კაპიტალ ლიმიტედის" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ მეორე CFD აუქციონის გზით დადგენილი ტარიფები ენერგოპროექტებისთვის მზარდი ხარჯების ფონზე ადეკვატური არ არის. თორნიკე ბახტურიძე მიიჩნევს, რომ მესამე CFD აუქციონი უნდა ჩატარდეს, რაზედაც სექტორს დარგის კურატორი ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან მხოლოდ ზეპირსიტყვიერთი დაპირება აქვს.
“ყველაფრის ფასი იზრდება, არა მარტო საქართველოში. საქართველოს ინფლაცია გაცილებით მეტია, ვიდრე სხვა მწარმოებელი ქვეყნების, მაგრამ დოლარის ინფლაციაც საკმაოდ მნიშვნელოვან ნიშნულზეა სექტემბერი-ოქტომბრის თვეებში და ზოგადად ბოლო ტენდენცია ზრდის მიმართულებითაა. ქარის ინდუსტრიას, "უმართლებს" იმ კუთხით, რომ აღჭურვილობის ძირითადი ნაწილის მოწოდება ხდება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან კონკრეტულად, სადაც ფასები ჯერჯერობით მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა ზრდის ტენდენცია უკვე აღინიშნება, როგორც მზის პანელებზე, ასევე ქარის ტურბინებზე და სამომავლოდაც არავინ ელოდება გაიაფებას.
ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ჰიდროსექტორმა, სადაც მაინც ტრადიციული ქვეყნების წარმოებული ტურბინებია ძირითად შემთხვევებში გამოყენებული, ეს ევროპის ქვეყნებია და ფასის ზრდა იქ კატასტროფულად მოხდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, სამოქალაქო მშენებლობის ხარჯებიც კატასტროფულად გაიზარდა საქართველოში და [მედიანური ტარიფი] შეთავაზებული ფასი ადეკვატური ნამდვილად არ არის.
სახელმწიფოს მიდგომა ცოტა პარადოქსული არის იმ კუთხით, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა სჭირდება ჰიდროს, რადგან ეს არის ჩვენი მთავარი რესურსი, ეს არის მთავარი მესიჯით გაჟღერებული, თუმცა ეს არ არის გადათარგმნილი პირდაპირ ტარიფში. ანუ აქ თანმიმდევრულობაა საჭირო. თუ გვინდა კონკრეტული ენერგიის წყაროს განვითარება მაღალი ტემპებით, მას შესაბამისი პირობებიც უნდა შევუქმნათ.
რა უნდა იყოს ოპტიმალური ტარიფი, აუქციონი ყველაზე კარგი მაჩვენებელია ამისთვის. ოღონდ აუქციონში მე ვგულისხმობ არა ისეთს, როგორიც გვქონდა ყველანაირი კრიტერიუმის და წინაპირობის გარეშე, არამედ ჩემი მოკრძალებული აზრით რეგიონალურს — ენერგიის წყაროს მიხედვით და ტარგეტირებულს, რადგან ენერგიის სექტორს სჭირდება დაგეგმვა, რათა არ განმეორდეს ის პროექტების სიჭარბე, რაც რამდენიმე წლის წინ მოხდა. ძალიან დიდი რაოდენობის განაცხადი მიიღო სახელმწიფომ და დაისვა კითხვა და არავინ არ იცოდა, რა უნდა გვექნა ამდენი პროექტისთვის. ამიტომ კარგი იქნება თუ გეგმური მიდგომა განხორციელდება ენერგეტიკული აუქციონების მიმართ, რომელ რეგიონში, რა ტიპის ენერგიის წყარო გვჭირდება. მთავარი გადამწყვეტი სიტყვა ექნება სისტემის დამგეგმავს, ელექტროსისტემას, ტექნიკური გადმოსახედიდან — სად გვჭირდება, სად გვაქვს ყველაზე ვიწრო ყელი და სად გვაქვს ყველაზე დიდი დანაკლისი, დეფიციტი სისტემაში”,-აცხადებს თორნიკე ბახტურიძე.
შეგახსენებთ მეორე CFD აუქციონით დადგენილი მედიანური ტარიფი მზის ელექტროსადგურებისთვის 5,6 ცენტს, ქარისთვის 6, ჰიდროელექტროსადგურებისთვის კი 6,5 ცენტს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge