
Merck-ი COVID-ის საწინააღმდეგო პრეპარატის ებოლას სამკურნალოდ გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს
ფარმაცევტული გიგანტი Merck-ი COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტივირუსული მედიკამენტის, "მოლნუპირავირის", ებოლას ვირუსის სამკურნალოდ გამოყენების შესახებ ჯანდაცვის გლობალურ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
აღნიშნული ინიციატივა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კომპანიის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარე ეპიდაფეთქების შედეგად, ამ დროისთვის ინფიცირებაზე ეჭვი 1,100 ადამიანზე არსებობს, ხოლო გარდაცვლილია 42 პირი. ინფექცია გამოწვეულია ვირუსის იშვიათი შტამით, სახელწოდებით Bundibugyo, რომლის წინააღმდეგაც ამჟამად ავტორიზებული ვაქცინა ან სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს.
"მოლნუპირავირი არის ფართო სპექტრის (არასპეციფიკური) რნმ-ვირუსული პრეპარატი. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მისი გამოყენება ამ შემთხვევაში", - განაცხადა Merck Research Laboratories-ის მთავარმა სამედიცინო ოფიცერმა, ელიავ ბარმა. მისი თქმით, კომპანია აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს სხვადასხვა პარტნიორთან.
აღნიშნული მედიკამენტი, რომელიც Merck-მა Ridgeback Biotherapeutics-თან ერთად შეიმუშავა და ბაზარზე Lagevrio-ს სავაჭრო ნიშნით იყიდება, პანდემიის დროს აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) მაღალი რისკის მქონე ზრდასრულებში COVID-19-ის მსუბუქი და საშუალო ფორმების სამკურნალოდ დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატი არ არის ოფიციალურად ავტორიზებული ებოლას სამკურნალოდ, ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ვირუსის წინააღმდეგ გარკვეული ეფექტიანობა აჩვენა, რაც შესაძლოა გამოსადეგი იყოს ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პირებში პრევენციისთვის. თუმცა, ორსულობის დროს მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ამასთან, Merck-ი აწარმოებს ებოლას ვაქცინას, სახელწოდებით Ervebo, რომელიც დამტკიცებულია ვირუსის უფრო გავრცელებული "ზაირის" (Zaire) შტამის წინააღმდეგ. ბარის განცხადებით, კომპანია სწავლობს შესაძლებლობას, მოახდინოს ამავე ტექნოლოგიის მოდიფიცირება ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად.
კომპანიის წარმომადგენელმა მიმდინარე ეპიდაფეთქებას "შემაშფოთებელი" უწოდა. ვირუსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა მეზობელ უგანდაშიც გავრცელდა, სადაც ებოლას 9 დადასტურებული შემთხვევა და გარდაცვალების 1 ფაქტი დაფიქსირდა.
BM.GE
წყარო: bm.ge