მერია ცენტრალური ნაძვის ხის მოსართავ ატრიბუტებს ₾343 ათასად ყიდულობს
თბილისის მერიის "თბილსერვის ჯგუფი" ცენტრალური ნაძვის ხის მოსართავად საჭირო ფიგურების და ხის ძირის შესყიდვაზე 343 026 ლარის დახარჯვას გეგმავს. უწყებამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვის ნებართვაზე უკვე მიმართა.
შესყიდვების სააგენტოს გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ თბილისის მერიის დავალებით საჭიროა ქალაქ თბილისის ცენტრალური ნაძვის ხის ახალი ფიგურებით მორთვა რასთან დაკავშირებითაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია სამუშაოების შესრულება უზრუნველყოს მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.
"იმის გათვალისწინებით, რომ 2027 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება, ძირითადად ინტელექტუალურ მომსახურებასთან და ინდივიდუალურ აღქმასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება. ზემოაღნიშნული საკითხი, თავის მხრივ დროში შეზღუდვას იწვევს, ღონისძიების ჩატარება კი შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად ნაძვის ხის ფიგურების და ნაძვის ხის ძირის კონსტრუქციის შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი", - ნათქვამია შესყიდვებზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ჯამში "თბილსევის ჯგუფმა" შემდეგი ნივთების შეძენა უნდა უზრუნველყოს:
• თბილისის ნაძვის ხის მანათობელი სათამაშო 46 ცალი; • ნაძვის ხის ძირის ფიგურები 12 ცალი; • ნაძვის ხის ძირი-რკინის მილკვადრატის პოდიუმი 1 ცალი; • მანათობელი ვარსკვლავი - 25 ცალი; • მანათობელი ფიფქი - 60 ცალი;
ამ ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 343 026 ლარს შეადგენს.
