
Meta-ს მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდში $567 მილიონის გადახდა დაეკისრა
ნიუ-მექსიკოს შტატის სასამართლომ კომპანია Meta-ს მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდში 567 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ კომპანია ბავშვების კეთილდღეობისთვის ზიანის მიყენებაში დამნაშავედ ცნო და ახალგაზრდა მომხმარებლებისთვის პლატფორმების მუშაობის წესის შეცვლა მოსთხოვა.
სანტა-ფეს მოსამართლე ბრაიან ბიდშაიდმა მხარი გენერალურ პროკურორ რაულ ტორესს დაუჭირა და დაადგინა, რომ კომპანიამ ნიუ-მექსიკოში საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია. ტორესი სოციალური მედიის გიგანტს პროდუქტების იმგვარად შექმნაში ადანაშაულებდა, რაც ახალგაზრდებში დამოკიდებულებას იწვევს, ხოლო პლატფორმებზე ბავშვების სექსუალური ექსპლუატაციისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
ეს გადაწყვეტილება ხუთი თვის შემდეგ იქნა მიღებული, რაც ნიუ-მექსიკოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta-ს 375 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ მიიჩნია, რომ კომპანიამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი დაარღვია, რადგან Facebook-ისა და Instagram-ის უსაფრთხოების შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებდა.
მოსამართლე ბიდშაიდმა Meta-ს მოზარდთა უსაფრთხოების ზომების გატარება დააკისრა, რაც Facebook-ისა და Instagram-ის მოხმარების ყოველთვიურ ლიმიტებს, შეტყობინებების შეზღუდვას, არასრულწლოვანებთან ზრდასრულთა კონტაქტის მკაცრ კონტროლსა და AI ჩატბოტების უსაფრთხოებას მოიცავს. ეს დადგენილება ძალაში ხუთი წლის განმავლობაში იქნება.
Meta-ში განაცხადეს, რომ ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და პლატფორმებიდან მავნე კონტენტის ამოსაღებად მუშაობას კვლავ აგრძელებენ.
"ჩვენ მოზარდთა დაცვის კუთხით ჩვენს მიღწევებში დარწმუნებულნი ვართ და იმ ბრალდებებისგან თავდაცვას გავაგრძელებთ, რომლებიც ფაქტებს ამახინჯებს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
ნიუ-მექსიკოს პროკურორმა რაულ ტორესმა განაცხადა, რომ Meta-მ ბავშვების უსაფრთხოებას ფინანსური მოგება ამჯობინა. მისი თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სოციალური მედიის გიგანტს ბავშვების დასაცავად ცვლილებების განხორციელება აიძულეს.
"ეს არ არის მხოლოდ ერთი კომპანიის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის გეგმა. ახლა სხვა შტატებსა და ქვეყნებს, რომლებიც ამავე კრიზისის წინაშე დგანან, გზამკვლევი აქვთ, რომლითაც იხელმძღვანელონ შეუძლიათ", - განაცხადა ტორესმა.
ეს გადაწყვეტილება იმ დროს იქნა მიღებული, როდესაც Meta მომავალ კვირას კალიფორნიაში, ოკლენდის ფედერალურ სასამართლოში პროცესისთვის ემზადება. 29 შტატი კომპანიას ადანაშაულებს იმაში, რომ მან ბავშვებში დამოკიდებულების გამოსაწვევად აპლიკაციები შექმნა და მომხმარებლები შეცდომაში შეიყვანა, რამაც შესაძლოა კომპანიას დიდი ფინანსური ზარალი მიაყენოს.
კომპანია ასევე თავს ტენესის შტატის მიერ ივლისში დაწყებულ სასამართლო პროცესზე იცავს. Meta-მ ინვესტორები უკვე გააფრთხილა, რომ აშშ-სა და ევროკავშირში ახალგაზრდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულმა სამართლებრივმა პროცესებმა შესაძლოა მის ფინანსურ შედეგებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.
BM.GE
წყარო: bm.ge