მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ირანი: ომანთან შეთანხმება ახლოსაა, თუმცა ჰორმუზის სრუტეს გასახსნელად საკმარისი არ არის
ირანი: ომანთან შეთანხმება ახლოსაა, თუმცა ჰორმუზის სრუტეს გასახსნელად საკმარისი არ არის

ირანი: ომანთან შეთანხმება ახლოსაა, თუმცა ჰორმუზის სრუტეს გასახსნელად საკმარისი არ არის

BM.GE9 აგვისტო, 2026, 17:51|bm.ge

ირანის განცხადებით, ომანთან შეთანხმება ჰორმუზის სრუტის კონტროლის შესახებ ახლოსაა, თუმცა ეს საკმარისი არ იქნება.

წყლის გზის სრულად გასახსნელად. ამავდროულად, არაბთა გაერთიანებული საამიროები იტყობინება, რომ ირანმა სრუტეში კიდევ ერთ გემს დაარტყა - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ირანსა და ომანს შორის შეთანხმება სრუტის თაობაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილება უფრო ფართო კონფლიქტის დასასრულებლად, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმებით დაიწყო და რის შემდეგაც თეირანმა ენერგორესურსების ექსპორტისთვის უმნიშვნელოვანეს მარშრუტზე კონტროლი დაამყარა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ირანი და ომანი "ძალიან ახლოს" არიან შეთანხმებასთან სრუტეში ახალი სანაოსნო მარშრუტის თაობაზე, თუმცა მისი გახსნა სხვა პირობებზეც არის დამოკიდებული, მათ შორის აშშ-ის მხრიდან კომპენსაციის გადახდაზე.

ირანის უშიშროების საბჭოს მდივანმა, მოჰამად ბაყერ ზოლყადრმა სხვა მოთხოვნებიც დაასახელა, მათ შორის ირანის მიმართ აშშ-ის მუქარის შეწყვეტა, თეირანისა და მისი მოკავშირეების (ლიბანში, პალესტინაში, იემენსა და ერაყში) წინააღმდეგ აგრესიის დასრულება, სანქციების მოხსნა და ირანული აქტივების გათავისუფლება.

ომანმა დაგმო გემებზე განხორციელებული თავდასხმები, თუმცა კონკრეტული მხარე არ დაუდანაშაულებია. ქვეყნის საგარეო უწყების ცნობით, მოლაპარაკებები "პოზიტიური და კონსტრუქციულია".

"ომანი ხაზს უსვამს ნებისმიერი ისეთი ქმედების თავიდან არიდების მნიშვნელობას, რომელმაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ მოლაპარაკებებზე და მიღწეულ პროგრესზე იმგვარად, რაც გაითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს", - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არაღჩის თქმით, ძველი სანაოსნო მარშრუტის სქემა თეირანისთვის მიუღებელია და ირანი ომანთან დროებით მარშრუტს განიხილავს, ვიდრე მუდმივი გზის ირგვლივ ტექნიკური და სამართლებრივი საკითხები მოგვარდება.

ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აღნიშნა, რომ ახლა შეთანხმებისთვის საუკეთესო დროა. "ქვეყანაში არის ერთიანობა, ძალა და სიმტკიცე. რამდენადაც ვიცი, ირანი ამ ომში გამარჯვებულად და ძლიერად ითვლება", - განაცხადა მან.

პარალელურად, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ირანმა რაკეტით საამიროების სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან დაკავშირებულ გემს დაარტყა. დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის სააგენტოს (UKMTO) ცნობით, გემს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა და ინციდენტს გარემოზე უარყოფითი გავლენა არ მოჰყოლია. ირანულ მხარეს ამ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, ვაშინგტონი მზადაა მოხსნას ირანის პორტების ბლოკადა, როგორც კი კომერციული ნაოსნობის აღდგენის შესახებ შეთანხმება ოფიციალურად გამოცხადდება. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) მონაცემებით, ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით 30-ზე მეტი გემი გაატარეს, ხოლო 53 გემს ტერიტორიის დატოვება აიძულეს.

ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში" (IRGC) აცხადებენ, რომ სრუტის გახსნა მხოლოდ ვაშინგტონის მიერ თეირანის პირობების შესრულებაზეა დამოკიდებული და იგი არ უკავშირდება ომანთან მოლაპარაკებებს.

"როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს ირანის პირობებს, ჰორმუზის სრუტე ნამდვილად გაიხსნება", - განაცხადა კორპუსის წარმომადგენელმა ჰოსეინ მოჰებიმ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • ირანში განმარტავენ, რომ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმება ომანთან სრუტის ხელახლა გახსნას არ ნიშნავსიმედი
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის სრულად მოხსნა და უარი ბირთვულ შეიარაღებაზე - რა შემთხვევაში შეწყვეტს აშშ ირანთან ომსტვ პირველი
  • "ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც" - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →

მსგავსი სტატიები

კარტოფილის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - კლება ძირითადად რუსეთზე მოდის

კარტოფილის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - კლება ძირითადად რუსეთზე მოდის

BM.GE

ესპანეთმა ადამიანთა კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური ქსელი გამოავლინა

ესპანეთმა ადამიანთა კონტრაბანდის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიმინალური ქსელი გამოავლინა

BM.GE

საუდის არაბეთში Aramco-ს ნავთობ ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს

საუდის არაბეთში Aramco-ს ნავთობ ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს

BM.GE

საქართველო გაეროსთან ციფრული ტრანსფორმაციისა და საჯარო სერვისების მიმართულებით თანამშრომლობას აღრმავებს - სამინისტრო

საქართველო გაეროსთან ციფრული ტრანსფორმაციისა და საჯარო სერვისების მიმართულებით თანამშრომლობას აღრმავებს - სამინისტრო

BM.GE