
საუდის არაბეთში Aramco-ს ნავთობ ობიექტზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰუსიტებმა აიღეს
იემენელმა ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ კვირას საუდის არაბეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ნავთობობიექტზე იერიში მიიტანეს. ეს ირანის მიერ მხარდაჭერილი ამბოხებულების მორიგი თავდასხმაა სამეფოზე. მათ ასევე წითელ ზღვაში მდებარე სტრატეგიულ პორტზე მიიტანეს იერიში, რამაც საზღვაო გზების ირგვლივ კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა.
ჰუსიტების სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიამ განაცხადა, რომ მათ ქალაქ ჯაზანში მდებარე Aramco-ს ქარხანაზე დრონით იერიში მიიტანეს. მისი თქმით, ეს თავდასხმა საუდის არაბეთის დრონების მიერ ჰაჯასა და საადას პროვინციებში იემენის საჰაერო სივრცის დარღვევაზე საპასუხო რეაქცია იყო.
კვირას დილით, საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტრომ Aramco-ს ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ განაცხადა, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია. უწყების განმარტებით, ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მისი მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
იემენის მთავრობის წარმომადგენელმა კვირას აღნიშნა, რომ ჰუსიტებმა წითელ ზღვაში მდებარე სტრატეგიულ პორტზეც იერიში მიიტანეს.
ინფორმაციის სამინისტროს წარმომადგენელმა, ფაიედ ალ-ნომანმა განაცხადა, რომ ჰუსიტებმა მოხას (Mocha) პორტს რაკეტებითა და დრონებით დაარტყეს. ეს იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პორტია, რომელიც ბოლო წლებში განახლდა, რათა მიეღო ის გემები, რომლებიც ჰოდეიდაში ჰუსიტების მიერ კონტროლირებად პორტებს თავს არიდებენ.
მოგვიანებით ჰუსიტებმა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღეს და განაცხადეს, რომ დიდი რაოდენობით ბალისტიკური რაკეტები და დრონები ტერიტორიაზე არსებული საწყობების გასანადგურებლად გამოიყენეს. ეს ესკალაცია იემენის სამოქალაქო ომის განახლების საფრთხეს ქმნის, მას შემდეგ, რაც 2022 წლის ზავმა ამ ღარიბ არაბულ ქვეყანაში საომარი მოქმედებები შეაჩერა.
BM.GE
წყარო: bm.ge