მეტროს განახლება, დიდი დიღმის ტრამვაი, ისტორიული უბნები - რა პროექტებისთვის დახარჯავს თბილისის მთავრობა ₾448 მილიონ ლარს?
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტით, მსხვილი კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 447.9 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმით განსაზღვრულ 349.4 მლნ ლართან შედარებით 28.2%-ით მეტია.
ბიუჯეტის კაპიტალურ დანართში წარმოდგენილი მრავალწლიანი პროექტების ჯამური ღირებულება 2.24 მლრდ ლარს შეადგენს.
ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას უკავშირდება, თუმცა მნიშვნელოვანი თანხებია გათვალისწინებული ისტორიული შენობების რეაბილიტაციისთვის, რეკრეაციული და სპორტული სივრცეების მოწყობისა და ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა
ყველაზე ძვირადღირებული პროექტი თბილისის მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებაა, რომლის ჯამური ღირებულება 609 მლნ ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში 111 ახალი ვაგონის შესყიდვა იგეგმება, რომლითაც 25 მატარებელი დაკომპლექტდება. 2027 წელს პროექტისთვის 118 მლნ ლარია გათვალისწინებული. დამატებით, მეტროს სადგურების მოდერნიზაციისთვის მომდევნო წელს 7 მლნ ლარი გამოიყოფა, პროექტის სრული ღირებულება კი 199.4 მლნ ლარს შეადგენს.
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალი სატრანსპორტო პროექტია დიდი დიღმისა და მეტროსადგურ „დიდუბის“ დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობა, რომლის საპროექტო ღირებულება 287.7 მლნ ლარია. 2026 წელს პროექტისთვის 30 მლნ ლარია გათვალისწინებული, 2027 წელს კი დაფინანსება 39 მლნ ლარამდე იზრდება. ყველაზე დიდი მოცულობის თანხის ათვისება 2028 წელს იგეგმება - 132.8 მლნ ლარი, ხოლო 2029 წელს პროექტისთვის 85.9 მლნ ლარია გათვალისწინებული.
გარდა ამისა, 2027 წელს ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებისთვის 37 მლნ ლარია გამოყოფილი. პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 168 მლნ ლარს შეადგენს.
სამგორი-ვაზისუბნის საბაგიროს მშენებლობისთვის მომდევნო წელს 10 მლნ ლარია გათვალისწინებული, პროექტის სრული ღირებულება კი 48 მლნ ლარია. სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირებისა და მშენებლობისთვის 2027 წელს 20 მლნ ლარი გამოიყოფა, პროექტის ჯამური ღირებულება კი 50 მლნ ლარს შეადგენს. ბიუჯეტის მიხედვით, ორივე პროექტის დაფინანსების დასრულება 2028 წელს იგეგმება.
ისტორიული შენობებისა და რეკრეაციული სივრცეების რეაბილიტაცია
სატრანსპორტო პროექტების შემდეგ, 2027 წელს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას უკავშირდება. სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებზე არსებული შენობების რეაბილიტაციისთვის 81.8 მლნ ლარია გათვალისწინებული, რაც 2026 წლის გეგმასთან შედარებით დაახლოებით 2.5-ჯერ მეტია. პროექტის საერთო ღირებულება 114.1 მლნ ლარს შეადგენს.
კაპიტალური პროექტების დანართის მიხედვით, ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაციისთვის 2027 წელს 18 მლნ ლარია გათვალისწინებული, პროექტის ჯამური ღირებულება კი 31.9 მლნ ლარს შეადგენს. დიღმის ჭალების პარკის მოწყობისთვის მომდევნო წელს 10 მლნ ლარი გამოიყოფა. აღნიშნული პროექტის საერთო ღირებულება 16 მლნ ლარია.
სპორტული ინფრასტრუქტურა
2027 წელს გაგრძელდება სამი მსხვილი სპორტული კომპლექსის პროექტის განხორციელება, რომელთა ჯამური ღირებულება 85.5 მლნ ლარს შეადგენს. კერძოდ:
• გლდანში „ამერის“ სპორტული კომპლექსის მშენებლობა - პროექტის ღირებულება 19.3 მლნ ლარი, 2027 წლის დაფინანსება - 9.2 მლნ ლარი; • ბაგებში დახურული ფეხბურთის მოედნის, ღია საცურაო აუზებისა და პადელის მოედნების მშენებლობა - პროექტის ღირებულება 21.2 მლნ ლარი, 2027 წლის დაფინანსება - 4.6 მლნ ლარი; • დიღმის მასივში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა - პროექტის ღირებულება 45 მლნ ლარი, 2027 წლის დაფინანსება - 3 მლნ ლარი.
ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა
მსხვილ საინვესტიციო პროექტებს შორისაა ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურის განვითარებაც. თბილისის ნარჩენების გადამუშავების პროექტისთვის 2027 წელს 20.8 მლნ ლარია გათვალისწინებული, პროექტის სრული ღირებულება კი 91.3 მლნ ლარს შეადგენს.
ამასთან, თბილისის ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობისთვის მომდევნო წელს 17.2 მლნ ლარი გამოიყოფა. პროექტის საერთო ღირებულება 70.6 მლნ ლარია. ჯამურად, ამ ორი პროექტისთვის 2027 წელს 38 მლნ ლარია გათვალისწინებული.
კაპიტალური პროექტების დანართის მიხედვით, 2027 წლისთვის გათვალისწინებული 447.9 მლნ ლარიდან 263.4 მლნ ლარი საბიუჯეტო სახსრებსა და ტრანსფერებზე, ხოლო 184.5 მლნ ლარი კრედიტებსა და გრანტებზე მოდის.
თბილისის 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი საკრებულოში 6 ნოემბერს წარადგინეს. შესაბამისად, ბიუჯეტის საბოლოო დამტკიცებამდე პროექტების დაფინანსების მოცულობა შესაძლოა შეიცვალოს.
