
Micron-ის შემოსავალმა $41.5 მილიარდს მიაღწია - რას წარმოადგენს ეს კომპანია?
მეხსიერების ჩიპების მწარმოებელმა კომპანია Micron Technology-მ გასულ კვარტალში რეკორდული ფინანსური მაჩვენებლები დააფიქსირა.
კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $41.46 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მოლოდინებს მნიშვნელოვნად აღემატება. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ $9.3 მილიარდი მიიღო, ამჯერად მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომპანიის სუფთა მოგებამ $28.24 მილიარდს მიაღწია, რაც წინა წლის $1.89 მილიარდთან შედარებით 15-ჯერ მეტია. ამასთან, კომპანიის EPS-მა $25.11 შეადგინა, საერთო მარჟა კი, ჩიპების წარმოების მაღალი ხარჯების მიუხედავად, 39%-დან 84.9%-მდე გაიზარდა.
როგორც ირკვევა, ფინანსური მაჩვენებლების ასეთი მასშტაბური ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმით და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებზე გაზრდილი მოთხოვნით არის განპირობებული. მონაცემთა ცენტრები, რომლებიც აჩქარებულ გამოთვლით სისტემებს იყენებენ, დიდი მოცულობის მაღალი გამტარობის მეხსიერებას (HBM) საჭიროებენ. კომპანია Micron-მა აღნიშნული კატეგორიის ჩიპებზე ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, რამაც მისი მოგებიანობა ისეთი გიგანტების დონემდე აიყვანა, როგორებიც Nvidia და Google არიან.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიამ 2026 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური პროგნოზიც განსაზღვრა და შემოსავლების სახით $50 მილიარდის მიღებას გეგმავს. აღნიშნული ნიშნულის მიღწევა Micron-ის წლიურ შემოსავალს $150 მილიარდამდე გაზრდის, რაც მარჟის მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.
პარალელურად, ბაზარზე კონკურენცია იზრდება, ვინაიდან Micron-ის დაპირისპირებული ორი ძირითადი მხარე, Samsung-ი და SK Hynix-ი, მომავალი თაობის HBM ჩიპების წარმოების გაფართოებაში აგრესიულ ინვესტიციებს ახორციელებენ. ტექნოლოგიური ჩამორჩენის აღმოფხვრას განსაკუთრებით Samsung-ი ცდილობს, რომლის მიერ ბაზრის ამ სეგმენტში მიწოდების გაზრდამ, შესაძლოა, Micron-ისთვის ხელსაყრელ საფასო გარემოზე გავლენა იქონიოს.