
Swatch vs Samsung - რას მოიცავს $170-მილიონიანი დავა?
შვეიცარიული საათების მწარმოებელი კომპანია Swatch Group-ი სამხრეთკორეულ ტექნოლოგიურ გიგანტ Samsung Electronics-ს ციფრული აპლიკაციების მითვისებაში ადანაშაულებს და ლონდონის სასამართლოში $170 მილიონის ოდენობის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.
საქმე ეხება 26 ციფრულ აპლიკაციას, რომლებიც, შვეიცარიული მხარის მტკიცებით, მისი კუთვნილი პრესტიჟული ბრენდების, მათ შორის Omega-ს, Tissot-ისა და Breguet-ის ვიზუალურ დიზაინს იმეორებდა. როგორც ირკვევა, Samsung-მა აღნიშნულ მოთხოვნას არარეალური უწოდა, თუმცა ლონდონის უზენაესმა სასამართლომ ტექნოლოგიური გიგანტი სავაჭრო ნიშნების დარღვევაში ჯერ კიდევ 2022 წელს ცნო დამნაშავედ და მომდევნო სააპელაციო საჩივარიც უარყო.
არსებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სადავო პროგრამული უზრუნველყოფა დამოუკიდებელმა, გარე დეველოპერებმა შექმნეს, სასამართლომ პასუხისმგებლობა Samsung-ს დააკისრა, ვინაიდან კომპანია Galaxy Store-ის პლატფორმაზე აპლიკაციების შემოწმებისა და მარკეტინგის პროცესს თავად აკონტროლებდა. ამჟამად სასამართლო ორგანო ზარალის ზუსტ ფინანსურ მოცულობას განსაზღვრავს, რაც ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე იქონიებს გავლენას.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამხრეთკორეული მხარის განმარტებით, სადავო აპლიკაციების უმეტესობა უფასო იყო, ხოლო მათგან მიღებულმა საერთო შემოსავალმა მხოლოდ $1,000 შეადგინა, საიდანაც უშუალოდ კომპანიამ საკომისიოს სახით $300 მიიღო. Swatch-ის წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ მოთხოვნილი $170 მილიონი იმ სავარაუდო სალიცენზიო მოსაკრებელს ასახავს, რომელიც ბრენდის 10 უმსხვილესი აქტივის გამოყენებისთვის უნდა გადახდილიყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ ანალოგური დიზაინის მასობრივ სმარტ საათებზე კოპირება შვეიცარიული პროდუქციის ექსკლუზიურობასა და ღირებულებას ანადგურებს, რადგან შვეიცარიული საათების ინდუსტრია მიწოდებას მკაცრად აკონტროლებს, რაც ბაზარზე პროდუქტის დეფიციტისა და მაღალი ფასის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, ციფრული ანალოგის შექმნა კი ამ პრესტიჟს აუფასურებს.