
მიქაუტაძის განცხადება, თითქოს ლილუაშვილთან ფული მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა - ადვოკატი
სუს-ის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატის, ლანა ცერცვაძის განცხადებით, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილის, რომეო მიქაუტაძის განცხადება, თითქოს მას გრიგოლ ლილუაშვილთან ფულადი თანხები მიჰქონდა, აბსოლუტური სიცრუეა. ცანავას კომენტარს ipn ავრცელებს.
ადვოკატის მტკიცებით, საქმეში აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მისი თქმით, მიქაუტაძე ამ განცხადებებს საკუთარი კეთილდღეობისა და პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით აკეთებს.
ლანა ცერცვაძის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა რომეო მიქაუტაძემ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა ადვოკატის შეფასებით, მისი ჩვენებები გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებად ვერ გამოდგება.
„მოწმემ დღევანდელ პროცესზე მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაადასტურა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეს ძალიან სურს თავისი დანაშაულის თანაზიარი გახადოს გრიგოლ ლილუაშვილი, მათ შორის ფინანსურ ნაწილშიც, რომ ფულადი თანხები მიჰქონდა მასთან, ეს არის აბსოლუტური სიცრუე ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება და თვლადი/ როგორც დღევანდელი დაკითხვისას გამოვლინდა ბატონ მოწმეს (რომეო მიქაუტაძეს) ზუსტად იგივე ეკვივალენტობის ქონებაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე და უკანონო თანხებზე ედავებოდა ბრალდების მხარე, რაზეც უკვე დგას სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, ძალიან მარტივია ლოგიკა, თუკი მოწმე, როგორც თავად ადასტურებს, გარკვეული სახის დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილეობას იღებდა , საიდანაც ის ფულად თანხებს იღებდა, ეს თანხები სრულად მოხმარებული აქვს მას საკუთარი ფინანსური და ქონებრივი კეთილდღეობისთვის, რაც დადასტურებულია უკვე რევიზიის აქტით აპელაციაში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. აღნიშნულზე, რომ უკანონო შემოსავლები გააჩნდა მოწმეს და რომლის წარმომავლობასაც ფიზიკურად ვერანაირი დოკუმენტით ვერ ადასტურებს სასამართლოს განაჩენით კანონიერ ძალაში შესულია, რომ მას გააჩნდა უკანონო შემოსავლები ზუსტად იმ თანხის ეკვივალენტობით რაზედაც ის ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული აქვს ქრთამის სახით“, - აცხადებს ლანა ცერცვაძე მედიასთან.
ადვოკატის თქმით, საქმეში დაკითხული ერთადერთი ბიზნესმენის ჩვენებაც არ ადასტურებს, რომ მიღებული თანხა გრიგოლ ლილუაშვილთან უნდა მისულიყო.
ლანა ცერცვაძის განმარტებით, ბიზნესმენი პირდაპირ მიუთითებს, რომ თანხა უშუალოდ რომეო მიქაუტაძეს გადასცა, ხოლო მფარველობასაც სწორედ მიქაუტაძე დაჰპირდა.
„ბიზნესმენი, რომელიც ერთადერთი დაკითხული პირია ამ საქმეში და სხვა არავინ, ცალსახად ადასტურებს, რომ ფულადი თანხა მიტანილი აქვს უშუალოდ რომეო მიქაუტაძესთან და სწორედ მიქაუტაძე დაჰპირდა მას მფარველობას. ადვოკატის თქმით, ბიზნესმენს დაუსვა კითხვა, უნდა განხორციელებულიყო თუ არა რაიმე აქტივობა გრიგოლ ლილუაშვილის მხრიდან, როგორც ადვოკატი ამტკიცებს, ბიზნესმენისგან კატეგორიული პასუხი მიიღეს, რომ „გრიგოლ ლილუაშვილს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია, არამც თუ გრიგოლ ლილუაშვილს, არამედ უწყებას, სუს-იც კი არ ყოფილა არავის მხრიდან დასახელებული“, - აცხადებს ლანა ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, რომეო მიქაუტაძე დაკითხვისას აცხადებდა, რომ ბიზნესმენებისგან მიღებული თანხების შესახებ ისინი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ინფორმაციას იღებდნენ. პროკურორის განცხადებით, მიქაუტაძე გრიგოლ ლილუაშვილთან მიდიოდა და თანხას მის კაბინეტში გადასცემდა.
ბრალდების მხარის განცხადებით, ერთ-ერთმა ბიზნესმენმაც დაადასტურა ინფორმაცია, რომელიც რომეო მიქაუტაძემ სასამართლოს მიაწოდა. პროკურატურის მტკიცებით, ასევე გამოკვლეულია შესაბამისი კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია და გრიგოლ ლილუაშვილისა და რომეო მიქაუტაძის მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტტრაფიკის მონაცემები, რის მიხედვითაც დგინდება, რომ ისინი თანხის გადაცემის პერიოდში ერთსა და იმავე ადგილას იმყოფებოდნენ.
გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე მისვლის შემდეგ, 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge