მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მოძრაობს, თუ - არა თბილისში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილი? - რას აჩვენებს სტატისტიკა
მოძრაობს, თუ - არა თბილისში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილი? - რას აჩვენებს სტატისტიკა

მოძრაობს, თუ - არა თბილისში პიკის საათში 900 ათასი ავტომობილი? - რას აჩვენებს სტატისტიკა

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 23:25|bm.ge

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქში სატრანსპორტო პრობლემებზე საუბრისას განაცხადა: „თბილისში ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში გადაადგილება, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებსა და რაიონებში, პრობლემურია და გვაქვს საცობები. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა, პირობითად 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“.

„ბიემჯიმ“ კახა კალაძის მიერ დასახელებული მონაცემები გადაამოწმა.

როგორ შეიცვალა ავტომობილების რაოდენობა თბილისში?

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის II კვარტლის მდგომარეობით, თბილისში 948 108 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული 1 975 829 ავტომობილის დაახლოებით 48%-ს შეადგენს.

საქსტატის რეგიონული სტატისტიკა 2017 წლიდან არის ხელმისაწვდომი. აღნიშნული მონაცემებით, 2017 წელს თბილისში 474 083 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, ხოლო 2025 წლის ბოლოს მათი რაოდენობა 882 418-მდე გაიზარდა. 2026 წლის II კვარტალში კი მაჩვენებელმა 948 108-ს მიაღწია.

ამრიგად, 2017 წლიდან 2026 წლის II კვარტლამდე თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა - 474 025 ერთეულით, ანუ დაახლოებით 100%-ით გაიზარდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ავტომობილების რაოდენობის ზრდა ბოლო წლებში დაჩქარდა. კერძოდ, 2023 წელს წინა წელთან შედარებით მაჩვენებელი 11.5%-ით გაიზარდა, 2024 წელს - 20.4%-ით, ხოლო 2025 წელს - 17.8%-ით.

ცხრილი 1. თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, 2017–2026 წლები

2026 წლის მაჩვენებელი ასახავს ცვლილებას 2025 წლის ბოლოსთან შედარებით და არა სრულ წლიურ ზრდას.

წყარო: საქსტატი - ავტომობილების რეგიონული სტატისტიკა

ავტომობილების რაოდენობა მოსახლეობაზე სწრაფად იზრდება

ავტომობილების რაოდენობის ზრდის შესაფასებლად მნიშვნელოვანია მისი მოსახლეობის დინამიკასთან შედარებაც.

საქსტატის მონაცემებით, 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, თბილისის მოსახლეობა დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს შეადგენდა, ხოლო 2026 წლის 1 იანვრისთვის დაახლოებით 1.37 მილიონამდე გაიზარდა. შესაბამისად, მოსახლეობის რაოდენობა აღნიშნულ პერიოდში დაახლოებით 19.5%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა დაახლოებით 100%-ით გაიზარდა. ამდენად, დედაქალაქის ავტოპარკის ზრდის ტემპი მოსახლეობის ზრდას მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

2017 წლის მონაცემების გამოყენებით, თბილისში ყოველ 1 000 მცხოვრებზე დაახლოებით 414 რეგისტრირებული ავტომობილი მოდიოდა, ხოლო 2026 წლის მონაცემებით - დაახლოებით 692. აღნიშნული მაჩვენებლები საორიენტაციოა, რადგან მოსახლეობისა და ავტომობილების სტატისტიკა სხვადასხვა თარიღს ასახავს.

შესაბამისად, მონაცემები აჩვენებს, რომ დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობის ზრდა მხოლოდ მოსახლეობის მატებით ვერ აიხსნება.

რამდენი ავტომობილი მოდის ყოველ 1 000 მოსახლეზე - საერთაშორისო შედარება

თბილისში ავტომობილების რაოდენობის ზრდის შესაფასებლად საინტერესოა საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლების შედარებაც. საერთაშორისო პრაქტიკაში ერთ-ერთი გავრცელებული ინდიკატორია ყოველ 1 000 მოსახლეზე რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა.

Eurostat-ის მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირში ყოველ 1 000 მოსახლეზე საშუალოდ 584 მსუბუქი ავტომობილი მოდიოდა, საქართველოში - 419, ხოლო თურქეთში - 203. აზერბაიჯანში აღნიშნული მაჩვენებელი 163 იყო, რუსეთში კი - 331.

ცხრილი 2. მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა ყოველ 1 000 მოსახლეზე, 2025 წელი

*თბილისის მაჩვენებელი საორიენტაციოა და გამოთვლილია 766 748 მსუბუქი ავტომობილისა და დაახლოებით 1.37 მილიონი მცხოვრების საფუძველზე.

წყაროები: Eurostat, საქსტატი, აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი, AUTOSTAT.

საქართველოში ყოველ 1 000 მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა ევროკავშირის საშუალოზე დაახლოებით 28%-ით დაბალია, თუმცა თურქეთის მაჩვენებელს ორჯერ, ხოლო აზერბაიჯანისას 2.6-ჯერ აღემატება. თბილისში კი ყოველ 1 000 მცხოვრებზე დაახლოებით 560 ავტომობილი მოდის, რაც საქართველოს საშუალოზე 34%-ით მეტია და ევროკავშირის მაჩვენებელს უახლოვდება.

ამასთან, ქალაქისა და ქვეყნების საშუალო მაჩვენებლების შედარებას მეთოდოლოგიური შეზღუდვები აქვს. გარდა ამისა, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა არ ასახავს მოძრაობის რეალურ ინტენსივობას, რომელიც დამოკიდებულია ავტომობილების გამოყენების სიხშირეზე, საგზაო ინფრასტრუქტურასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემებით ვერ განვსაზღვრავთ, რამდენი ავტომობილი გადაადგილდება თბილისში ყოველდღიურად ან პიკის საათში.

რამდენი ავტომობილი მოძრაობს რეალურად თბილისში?

კახა კალაძის განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ რეგისტრირებული და რეალურად მოძრავი ავტომობილების რაოდენობა.

რეგისტრირებული ავტომობილების სტატისტიკა ასახავს შესაბამის ტერიტორიაზე აღრიცხულ სატრანსპორტო საშუალებებს, თუმცა არ გვიჩვენებს, რამდენი მათგანი გამოიყენება ყოველდღიურად ან ერთდროულად მოძრაობს პიკის საათში.

ამასთან, თბილისში შესაძლოა, მოძრაობდნენ სხვა მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებული ავტომობილებიც, ხოლო დედაქალაქში რეგისტრირებული ავტომობილების ნაწილი საერთოდ არ გამოიყენებოდეს ან ქალაქის ფარგლებს გარეთ გადაადგილდებოდეს.

ამ საკითხს ეხება CRRC-ის კვლევაც, რომლის მიხედვით, 2016 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, თბილისში ფიზიკური პირების სახელზე რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 51% იყო ექსპლუატაციაში. თუმცა ეს ისტორიული შეფასებაა და მისი პირდაპირ გამოყენება 2026 წლის მდგომარეობის დასადგენად არ შეიძლება.

რამდენად დასაბუთებულია 180 ათასი და 900 ათასი ავტომობილის მაჩვენებლები?

კახა კალაძის განცხადებით, 2012 წლამდე თბილისში დაახლოებით 180 ათასი კერძო ავტომობილი გადაადგილდებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, „ფაქტ-მეტრის“ მიერ ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია, რომ 2012 წელს თბილისში 219 388 ავტომობილი იყო რეგისტრირებული.

თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის კალაძის მიერ დასახელებულ 180 ათას ავტომობილთან პირდაპირი შედარება არასწორი იქნებოდა, რადგან პირველი რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობას ასახავს, მეორე კი, მერის განცხადებით, რეალურად მოძრავ ავტომობილებს.

ანალოგიური მეთოდოლოგიური პრობლემა არსებობს მიმდინარე მონაცემებთან დაკავშირებითაც. მართალია, 2026 წლის II კვარტალში თბილისში 948 108 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, მაგრამ ეს თავისთავად არ ადასტურებს, რომ პიკის საათში დედაქალაქში 900 ათასამდე ავტომობილი მოძრაობს.

რას პასუხობს თბილისის მერია?

„ბიემჯიმ“ თბილისის მერიას მიმართა კითხვით, რა წყაროს ეფუძნება 2012 წლამდე დედაქალაქში 180 ათასი ავტომობილის გადაადგილების მაჩვენებელი და რა კვლევით დასტურდება პიკის საათში 900 ათასამდე ავტომობილის მოძრაობა.

მერიის განმარტებით, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურები, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ტექნიკური საშუალებების, ე.წ. მთვლელების გამოყენებით, ყოველდღიურად აკვირდებიან დედაქალაქში საავტომობილო მოძრაობას, საგზაო ნაკადებსა და სატრანსპორტო კვანძების გამტარუნარიანობას.

„მონიტორინგის შედეგად გვაქვს კონკრეტული მონაცემები და ამ დროისთვის თბილისში ყოველდღიურად 900 ათასი ავტომობილი გადაადგილდება“, - აცხადებენ მერიაში.

თუმცა უწყებას არ წარმოუდგენია კვლევა ან დეტალური მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა აღნიშნული მაჩვენებლის დამოუკიდებლად გადამოწმება. ამასთან, მერიის პასუხში საუბარია ყოველდღიურად მოძრავ ავტომობილებზე, მაშინ როდესაც კახა კალაძემ 900 ათასი ავტომობილი პიკის საათის კონტექსტში დაასახელა.

მერიის განმარტებიდან ასევე არ ირკვევა, მონიტორინგის შედეგად აღირიცხება უნიკალური ავტომობილების რაოდენობა თუ სხვადასხვა საგზაო მონაკვეთზე დაფიქსირებული გადაადგილებები. უწყებას არც 2012 წლამდე პერიოდის 180 ათასი ავტომობილის მაჩვენებლის წყარო დაუკონკრეტებია.

დასკვნა

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2017 წლიდან 2026 წლის II კვარტლამდე მათი რაოდენობა პრაქტიკულად გაორმაგდა, მაშინ როდესაც დედაქალაქის მოსახლეობა გაცილებით ნაკლები ტემპით იზრდებოდა. საერთაშორისო შედარებაც აჩვენებს, რომ თბილისში ყოველ 1 000 მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა საქართველოს საშუალოზე მნიშვნელოვნად მაღალია და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს უახლოვდება.

თუმცა რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა არ ასახავს, რამდენი მათგანი გადაადგილდება რეალურად დედაქალაქში. თბილისის მერიის ინფორმაციით, ყოველდღიურად 900 ათასი ავტომობილი მოძრაობს, თუმცა უწყებას არ წარმოუდგენია შესაბამისი მონაცემები და დათვლის დეტალური მეთოდოლოგია, რაც აღნიშნული მაჩვენებლის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობას მოგვცემდა. ამასთან, მერიის განმარტება ყოველდღიურ მოძრაობას ეხება, მაშინ როდესაც კახა კალაძემ 900 ათასი ავტომობილი პიკის საათის კონტექსტში დაასახელა.

ამრიგად, ავტომობილების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა ოფიციალური სტატისტიკით დასტურდება, თუმცა რამდენად ზუსტად ასახავს კახა კალაძის მიერ დასახელებული 180 ათასი და 900 ათასი ავტომობილი სხვადასხვა პერიოდში დედაქალაქში რეალურად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობას, არსებული ინფორმაციით აღნიშნულის დადასტურება ვერ ხერხდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოსკოვმა დააანონსა, რომ დიზელის ექსპორტს ტრამპის მიერ განსაზღვრულზე მეტად გაზრდის

მოსკოვმა დააანონსა, რომ დიზელის ექსპორტს ტრამპის მიერ განსაზღვრულზე მეტად გაზრდის

BM.GE

BlackRock-მა ამერიკულ აქციებზე პოზიცია შეამცირა და უპირატესობა ობლიგაციებს მიანიჭა

BlackRock-მა ამერიკულ აქციებზე პოზიცია შეამცირა და უპირატესობა ობლიგაციებს მიანიჭა

BM.GE

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა განსახილველად მიიღო

BM.GE

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

BM.GE