
"მოლაპარაკებები უკვე უნდა იყოს დაწყებული" - რა შემთხვევაში დაინტერესდება MSC ანაკლიის პორტში ტერმინალის მშენებლობით?
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება პირობები - ასე უპასუხა გადაზიდვებში გლობალურ ლიდერ MSC-სთან დაკავშირებული MSC Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ჯემალ ინაიშვილმა BMG-ის კითხვას: რა შემთხვევაში დაინტერესდება MSC ანაკლიის პორტში ტერმინალის მშენებლობით?
ჯემალ ინაიშვილი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტისთვის „ლენდლორდის“ მოდელი ყველაზე მართებული გადაწყვეტილებაა, თუმცა პროექტის წარმატების და გაცხადებული ვადების დაცვისთვის მნიშვნელოვანია ტერმინალების პოტენციურ ოპერატორებთან აქტიური კომუნიკაცია დროულად დაიწყოს.
„ამ მოდელის პირობებში აუცილებელია სახელმწიფოს მაქსიმალური ჩართულობა, მათ მოუწევთ უკვე უცხოელ კონსულტანტებთან მუშაობა და მათი დაქირავება, იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა ტიპის პროექტია, მოითხოვს სერიოზულ ღრმა ცოდნას როგორც მშენებლობის, ისე ზედამხედველობის და შემდგომ მართვის ეტაპზე. რა თქმა უნდა, საინვესტიციო ნაწილშიც სახელმწიფოს წილი უნდა გაიზარდოს. უკვე უნდა იყოს დაწყებული მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან. მხედველობაში მყავს ტერმინალების ოპერატორები, როგორც საკონტეინერო, ისე ნაყარი ტვირთების მიმართულებით, - აღნიშნავს ჯემალ ინაიშვილი.
ბიზნესმენი ამბობს, რომ გადაზიდვებში მსოფლიო გიგანტი MSC-ს „შუა დერეფანს“ მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს და იმის გამო, რომ ფოთისა და ბათუმის პორტებში არსებული შეფერხებები დიდ ზარალს აყენებს, მისთვის ანაკლიის პორტის განვითარება პრიორიტეტულია, თუმცა ამ დრომდე ანაკლიაში პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პირობები სათავო კომპანიისთვის მიუღებელი იყო.
„გააჩნია, რა პირობები იქნება შეთავაზებული, იმიტომ რომ აქამდე არსებული სატენდერო პირობები, ჩვენი სათავო კომპანიისთვის, მიუღებელი იყო და ამის გამო, მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ტენდერში. ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება პირობები“ - ამბობს ინაიშვილი და აღნიშნავს: „MSC დღეისათვის გლობალურად ბაზრის 22-23%-ს ფლობს და მისი შვილობილი კომპანია TIL (Terminal Investment Limited) მსოფლიოში უმსხვილესი საპორტო ოპერატორია. თუ იქნება შესაბამისი პირობები ის იქნება დაინტერესებული მხარე ამ პროექტში შემოვიდეს. დღესდღეობით, TIL-ი, როდესაც დამთავრდება უკვე Hutchison-ის აქტივების შეძენა, იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი საპორტო და სატერმინალო ოპერატორი კომპანია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ბაზრის წილი მთელ მსოფლიოში და მათ შორის ამ რეგიონში არის ძალიან დიდი, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ იმ პრობლემებს რაც არის ფოთის და შედარებით ნაკლებად ბათუმის ნავსადგურში. ეს არის მუდმივი ლოდინი გემის ნავსადგურში შესვლასა და ნავმისადგომთან დაყენებისას. ეს დაგვიანება კი იწვევს ჯაჭვურ რეაქციებს და კონტეინერების დაგროვებას ამ ჯაჭვის სხვა ნავსადგურებში.“
ბიზნესმენი მიუთითებს, რომ თუ პორტის ამუშავებისთვის უდიდესი სამუშაოა ჩასატარებელი და თუ ხელისუფლებას სურს 2029 წელს ანაკლიაში პირველი გემი მიიღოს, ეს პროცესები ძალიან აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს.
„ალბათ, რაკი ასეთი განაცხადი არის, ეტყობა ამისთვის შესაბამისი მზადება მიმდინარეობს - ძირითადი და საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით. არ ვიცი დეტალები, მაგრამ უნდა იყოს უკვე გამოცხადებული ტენდერი გზების, რკინიგზის, საპორტო ინფრასტრუქტურის პროექტირება/ მშენებლობაზე... ეს რთული პროექტია და ამას სჭირდება სერიოზული კვალიფიკაციის კომპანია. პირველი რიგის ამოცანაა რაც შეიძლება სწრაფად საერთაშორისო ტენდერების გამოცხადება და ამასთან, პარალელურად უკვე უნდა მიმდინარეობდეს საუბარი ტერმინალის იმ პოტენციურ ოპერატორებთან ან მზადება მათ შესარჩევ ტენდერზე, რომ ყველამ მონაწილეობა, ვისაც ინტერესი ექნება“, - ამბობს ინაიშვილი.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებას შეცვლილი მოდელით გეგმავს - კერძო ინვესტორის ნაცვლად, პორტს სახელმწიფო ააშენებს, რისთვისაც დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი დოლარის მობილიზება გახდება საერთაშორისო დონორებისგან საჭირო. პორტის ნავმისადგომების აშენების შემდეგ კი, სახელმწიფო გეგმავს გრძელვადიანი იჯარით გააქირაოს საპორტო ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ქვეყნის კერძო ლოგისტიკურ ჯგუფზე.
ეკონომიკის სამინისტრო ელის, რომ კერძო ოპერატორები, დაახლოებით, 350-400 მილიონი დოლარის ინვესტიციებს ჩადებენ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობაში.
ამჟამად, ანაკლიაში უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები წყლის ფსკერის დაღრმავების, ნაპირის მოწყობის, პორტის დამცავი ტალღმტეხელის კედლის მოწყობის მიმართულებით, რასაც $150 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტით ბელგიური კომპანია Jan De Nul-ი ასრულებს.
ასევე, სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Port Consultants Rotterdam-ი მუშაობს ანაკლიის პორტის გენგეგმის განახლებაზე.
BM.GE
წყარო: bm.ge