
OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა ხელოვნურ ინტელექტზე საერთო ლიმიტების დაწესების ინიციატივა წარადგინა
ხელოვნური ინტელექტის სწრაფად მზარდ შესაძლებლობებთან დაკავშირებული რისკების ფონზე OpenAI-ის მთავარმა მეცნიერმა იაკუბ პახოცკიმ ინდუსტრიისთვის საერთო შეზღუდვების დაწესების ინიციატივა წარადგინა.
მეცნიერის განმარტებით, დეველოპერებმა პროგრესი საერთო საზომით - პერპლექსიით უნდა შეაფასონ და შეთანხმებულ ზღვარს მანამ არ გადააბიჯონ, სანამ ხელოვნური ინტელექტის ქცევის კონტროლის კონკრეტულ ეტაპს არ მიაღწევენ.
პახოცკის თქმით, ეს მაჩვენებელი იმას ზომავს, თუ რამდენად ზუსტად პროგნოზირებს მოდელი მონაცემთა მომდევნო საბაზისო ერთეულს, სადაც დაბალი ნიშნული უკეთეს შედეგს ნიშნავს.
იაკუბ პახოცკი ითხოვს ისეთი ინდუსტრიული სტანდარტის შემუშავებას, რომელიც განვითარების პირველად ლიმიტსა და მისი გადალახვისთვის აუცილებელ პირობებს განსაზღვრავს. მეცნიერის შეფასებით, უკვე 2027 წლიდან ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, თავადვე დაიწყოს საკუთარი წვრთნის მეთოდების ფუნდამენტური გაუმჯობესება, ეს პროცესი კი ტექნოლოგიურ პროგრესს იმაზე სწრაფად დააჩქარებს, ვიდრე მონიტორინგისა და უსაფრთხოების მექანიზმები ვითარდება.
OpenAI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა პახოცკის ინიციატივას მხარი დაუჭირა. მან სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ინდუსტრია საერთო ლიმიტებზე უნდა შეთანხმდეს, რადგან მსგავსი შეზღუდვები განვითარების პროცესში უსაფრთხოებასა და კონტროლს უზრუნველყოფს. ამასთან, ოლტმენმა ეს ნაშრომი კომპანიის მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად შეაფასა.
BM.GE
წყარო: bm.ge