
მონაცემებიდან ახალ შესაძლებლობებამდე - პროფესია, რომელიც მუდმივ განვითარებას მოითხოვს
მონაცემები თანამედროვე ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, თუმცა მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება ღირებულებას არ ქმნის. მნიშვნელოვანია, როგორ იმართება მონაცემი, რამდენად სანდო და ხარისხიანია ის და რამდენად მარტივად შეიძლება მისი გამოყენება ბიზნესისთვის.
სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს ბანკში მონაცემთა მართვის, ანუ Data Governance-ის გუნდი. ინტერვიუში გუნდის Expert მონაცემთა სტიუარდი, ეკა მეგრელიშვილი, გვიყვება პროფესიულ გზაზე, რომელმაც ტექნოლოგიები, ფინანსები და ბიზნესის ცოდნა ერთმანეთთან დააკავშირა.
ამ მიმართულებით მის პროფესიულ გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი Collibra Certified Expert-ის სერტიფიკატის მიღებაა. სერტიფიკატი ადასტურებს მის ცოდნას მონაცემთა მართვის თანამედროვე პრაქტიკებისა და Collibra-ს პლატფორმის გამოყენების მიმართულებით, რომელიც ორგანიზაციებში მონაცემების მართვის, ხარისხისა და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას ემსახურება.
როცა ტექნოლოგიები და ბიზნესი ერთმანეთს ხვდება
„დღეს მონაცემები ნებისმიერი თანამედროვე კომპანიის უმნიშვნელოვანესი რესურსია. სისტემაში შესვლა, ტრანზაქციის შესრულება, თუ ელფოსტის გაგზავნა - ყველაფერი მონაცემია, თუმცა მხოლოდ ინფორმაციის დაგროვება ღირებულებას არ ქმნის.“
Data Governance-ის მთავარი ამოცანა სწორედ მონაცემის ხარისხიან, სანდო და მარტივად გამოსაყენებელ აქტივად გარდაქმნაა. ამისთვის გუნდი სხვადასხვა მიმართულებასთან ერთად იმ წესებსა და პროცესებზე მუშაობს, რომლებიც მონაცემთა ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს.
მისი ყოველდღიურობაც სწორედ ამ პროცესების მართვას უკავშირდება. ეს ის სფეროა, სადაც დღეები ერთმანეთს ნაკლებად ჰგავს - მუდმივად ჩნდება ახალი საკითხი, რომელიც კვლევას, სხვადასხვა გუნდთან თანამშრომლობასა და კონკრეტული გადაწყვეტის მოძებნას მოითხოვს.
ეკას პროფესიული გზაც სწორედ ასეთი მრავალფეროვანი გამოცდილებებისგან შედგა. კარიერა საბანკო სფეროში, ფინანსურ დეპარტამენტში დაიწყო. განათლებით ინფორმაციული ტექნოლოგიების მაგისტრია და პირველივე საქმიანობა ტექნოლოგიებსა და მონაცემებს უკავშირდებოდა - პროცესებისა და ანგარიშგების ავტომატიზაციასა და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობას.
შემდეგ ტექნოლოგიურ გამოცდილებას ფინანსური და საბანკო ცოდნაც დაემატა. ფინანსური მენეჯმენტის, აღრიცხვისა და ანგარიშგების კურსების გავლამ საშუალება მისცა, მონაცემისთვის როგორც ტექნიკური, ისე ბიზნესის თვალით შეეხედა.
„ამ ორი სფეროს გადაკვეთაზე მუშაობამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება მომცა. ვისწავლე მონაცემისთვის როგორც ტექნიკური, ისე ბიზნესის თვალით შეხედვა და იმის დანახვა, თუ რა გზა უნდა გაიაროს მონაცემმა, რომ საბოლოოდ სანდო და გამოსადეგ ინფორმაციად იქცეს.“
მოგვიანებით უშუალოდ IT მიმართულებაში, Product Owner-ის პოზიციაზე გადავიდა, სადაც საბანკო პროდუქტების end-to-end მართვის გამოცდილება მიიღო. ამიტომ Data Governance-ში გადასვლა მისთვის პროფესიული გზის ლოგიკური გაგრძელება აღმოჩნდა - სფერო, რომელიც ტექნოლოგიებს, ბიზნეს-ლოგიკასა და პროცესების მართვას აერთიანებს.
საერთაშორისო სტანდარტთან კიდევ ერთი ნაბიჯი
პროფესიულ განვითარებასთან ერთად, მონაცემთა მართვის სფეროში საერთაშორისო ცოდნის გაღრმავება მისთვის მნიშვნელოვანი გახდა. ცოტა ხნის წინ მან Collibra Certified Expert-ის სტატუსი მიიღო.
Collibra მონაცემთა მართვის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელსაც საქართველოს ბანკი აქტიურად იყენებს. სერტიფიკატის მისაღებად რამდენიმე ეტაპის გავლა და შესაბამისი გამოცდის წარმატებით ჩაბარებაა საჭირო.
„ჩემთვის ეს სერტიფიკატი პირველ რიგში ნიშნავს, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ყოველდღიურ საქმიანობაში ვიყენებ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაშია“.
სერტიფიცირების გადაწყვეტილება ერთდროულად პირად პროფესიულ მიზანსა და პრაქტიკულ საჭიროებას უკავშირდებოდა. Data Governance სწრაფად განვითარებადი სფეროა, ამიტომ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ამასთან, Collibra-ს პლატფორმის გამოყენება რეგიონში პირველად სწორედ საქართველოს ბანკმა დაიწყო. შესაბამისად, გუნდისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსტრუმენტის ტექნიკური ცოდნა, არამედ იმის გააზრებაც, თუ როგორ იყენებენ მას საერთაშორისო ორგანიზაციები და როგორ შეიძლება მიღებული გამოცდილების ადგილობრივ გარემოსა და საჭიროებებზე მორგება.
განვითარება, როგორც ყოველდღიური არჩევანი
სერტიფიკატის მიღების პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა თავად სწავლა კი არა, დროის სწორად განაწილება აღმოჩნდა. სამსახურის პარალელურად ის ამჟამად სამაგისტრო პროგრამასაც ასრულებს საერთაშორისო გერმანულ უნივერსიტეტში.
„სამსახურის, სწავლის და პირადი ცხოვრების შეთავსება არც ისე მარტივია. მოითხოვს თვითორგანიზებას და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრას.“
მისთვის სწავლისა და განვითარებისადმი ეს დამოკიდებულება მხოლოდ პროფესიული საჭიროებით არ არის განპირობებული. ოჯახში წიგნების კითხვა, საინტერესო ამბებისა და ახალი ცოდნის ერთმანეთისთვის გაზიარება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რამაც სწავლისთვის დროის დათმობა ბუნებრივ არჩევანად აქცია.
„ყველაზე დიდი მოტივაცია თავად პროცესისგან სიამოვნების მიღებაა. თანდათან დამოკიდებულება შემეცვალა და მივხვდი, რომ განვითარება მხოლოდ კარიერული აუცილებლობა არ არის. როდესაც შენთვის საინტერესო თემაზე ახალს იგებ, შემდეგ პრაქტიკაში ცდი და ხედავ შედეგს, ეს თავისთავად ხდება ენერგიისა და მოტივაციის წყარო.“
„არ გაჩერდე“ - ცვლილებისთვის შანსის მიცემა
საქართველოს ბანკის გზავნილი „არ გაჩერდე“ მის პროფესიულ გზასაც უკავშირდება. მისთვის ეს, პირველ რიგში, ცვლილების არ შეშინებასა და ახალი ინტერესის შენარჩუნებას ნიშნავს.
„ყოფილა მომენტები, როდესაც „არ გაჩერდე“ ნიშნავდა არ დანებებას, რთული სიტუაციიდან არ გაქცევას. ზოგჯერ კი უბრალოდ ნიშნავდა ახალი ინტერესის გაყოლას, ახლის ცდას და ცვლილებებისთვის შანსის მიცემას.“
მისი პროფესიული გზა სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების ერთობლიობაა - ტექნოლოგიებიდან ფინანსებამდე, ფინანსებიდან IT-მდე და საბოლოოდ Data Governance-მდე. სფეროში, რომელიც მუდმივად ვითარდება, ახალი ცოდნის მიღება და ცვლილებისთვის მზადყოფნა პროფესიული განვითარების არა მხოლოდ საშუალება, არამედ მისი ნაწილია.
„ჩემს შემთხვევაში, ალბათ სწორედ ასეთი გადაწყვეტილებების ერთობლიობამ მომიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვარ.“
BM.GE
წყარო: bm.ge