
"მორალის პოლიციის შექმნას ჰგავს" - თამთა მიქელაძე შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნას აფასებს
"პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება ამ ხარისხით ხომ საპოლიციო მმართველობის და კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერებაა?!" - ამ რიტორიკული კითხვა/შეფასებით ეხმაურება სოციალურ ქსელში „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორი თამთა მიქელაძე მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებულ მთავრობის ინიციატივას, რომლის თანახმად, საჯარო სივრცეში "აგრესიული კომუნიკაციის" მონიტორინგის და სამართლებრივი რეაგირების სამმართველოს ქმნის. თამთა მიქელაძის თქმით, დემოკრატიულ სისტემებში სიძულვილის ენის მონიტორინგს, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს ანიჭებენ, მაგალითად, სახალხო დამცველს. "ავტორიტარული სისტემები სწორედ ასე აფართოებენ ძალაუფლებას, ჯერ ქმნიან ბუნდოვან და ფართო კატეგორიებს, შემდეგ კი მათზე ზედამხედველობის, მონიტორინგისა და დასჯის აპარატს აშენებენ", - წერს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დირექტორის მოსაზრებას BMG უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს ბატონმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში „სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას“ მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.გასაგებია, რომ იმ ქმედებებზე, რომლებიც სამართალდარღვევა ან დანაშაულია, პოლიციას რეაგირების მანდატი აქვს და, შესაბამისად, პრევენციული უფლებამოსილებების მინიჭებაც მისთვის შეიძლება გამართლდეს.მაგრამ სხვა ტიპის გამოხატვასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში კრიმინალიზებული არ არის, რა უნდა იყოს შსს-ს ფუნქცია?! ანუ, პოლიციამ რა შეიძლება უყოს დამონიტორინგებულ ინციდენტებს და მათ შესახებ შეგროვებულ ინფორმაციას, რომელიც დანაშაული ან სამართალდარღვევა არ არის?!პოლიციის უფლებამოსილების გაფართოება ამ ხარისხით ხომ საპოლიციო მმართველობის და კონტროლის შეუზღუდავი გაძლიერებაა?! გავარჩიოთ ცალ-ცალკე:
სიძულვილის ენის ინციდენტების მონიტორინგის საკითხი ზოგადად ლეგიტიმურია, თუმცა მაშინ, როდესაც გამოხატვის ეს ფორმა კრიმინალიზებული არ არის ქვეყანაში, მათი მონიტორინგის მანდატი უნდა ჰქონდეს არა - პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს, მაგალითად [ამას თავის დროზე სახელმწიფოს ჩვენც მოვუწოდებდით]. დემოკრატიულ სისტემებში სიძულვილის ენის მონიტორინგი, როგორც წესი, ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ ინსტიტუტებს ანიჭებენ და არა საპოლიციო სტრუქტურებს, რადგან პოლიციის ჩართვა გამოხატვის სფეროში ყოველთვის აჩენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და პოლიტიკური კონტროლის რისკს.