
„მოთხოვნა არ გაქრება, ის სწრაფ და სალომბარდე დაკრედიტებაზე გადაინაცვლებს“ - მისოები სებ-ის ახალ გადაწყვეტილებაზე
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის (PTI) ზღვრების ეტაპობრივი გაზრდა დააანონსა. უწყების განმარტებით, ცვლილების მიზანია მაღალი ხელფასებისა და ეკონომიკური ზრდის ფონზე პასუხისმგებლიანი დაკრედიტების შენარჩუნება და დაბალშემოსავლიანი ჯგუფების ჭარბვალიანობისგან დაცვა.
სების ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის განცხადებით, თუ აქამდე სესხის მომსახურების 25%-იანი ლიმიტი 1 500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, 2027 წლის 1 თებერვლიდან ეს ზღვარი 2 000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის 1 სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება. მისივე განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სექტორზე, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ტრადიციულ და ბიზნესდაკრედიტებაზე არიან ორიენტირებულნი.
„იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ტრადიციული დაფინანსების ნაწილში არიან ჩართულები, ეს გადაწყვეტილება მათ საქმიანობას გაურთულებთ. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი, თარგეთკლიენტის შემოსავლები, რა თქმა უნდა, შედარებით უფრო დაბალია და ყველაზე მეტად, ჩვენი ნიშური მომხმარებელი მოხვდება იმ ზღვარს მიღმა, რომელიც ახლა აიწია. მეორე მხრივ კი უნდა ითქვას, რომ ეს მოთხოვნა არსად არ გაქრება, ის დარჩება, უბრალოდ გადავა სხვა სეგმენტში, რომელიც იქნება უფრო სწრაფი, სალომბარდე ტიპის დაკრედიტება,“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო დევდარიანმა.
ცნობისთვის, მსგავსი რეგულაციები პირველად 2018 წელს ამოქმედდა. მაშინ 1 000 ლარამდე შემოსავლისთვის 25%-იანი ზღვარი დაწესდა, რომელიც 2022 წელს 1 500 ლარამდე გაიზარდა.
BM.GE
წყარო: bm.ge