მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალი სასტუმრო: National Geographic-ის სადებიუტო რეიტინგი
მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალი სასტუმრო: National Geographic-ის სადებიუტო რეიტინგი

მსოფლიოს 20 საუკეთესო ახალი სასტუმრო: National Geographic-ის სადებიუტო რეიტინგი

BM.GE27 სექტემბერი, 2026, 04:10|bm.ge

ავტორიტეტულმა გამოცემა National Geographic-მა ისტორიაში პირველად მსოფლიოს საუკეთესო ახალი სასტუმროების რეიტინგი გამოაქვეყნა.

ფიჯის კუნძულებზე ლეგენდარული მკვლევრის სახელობის კურორტიდან დაწყებული, მონტანას მთის სამოთხითა და იაპონიაში ყოფილ ციხეში გახსნილი კომპლექსით დასრულებული - ეს ახალი (ან ახლახან განახლებული) ობიექტები მოგზაურობას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევს.

წარმოგიდგენთ რეიტინგში შესულ გამორჩეულ სასტუმროებს:

1. Jean-Michel Cousteau Resort (ვანუა-ლევუ, ფიჯი)

"ადამიანები იცავენ იმას, რაც ესმით" - ეს არის კურორტის მთავარი ფილოსოფია. სამ ათწლეულზე მეტი ხნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ, ოკეანის მკვლევრის ჟან-მიშელ კუსტოს ხედვა აქ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. კურორტი ფიჯის სიდიდით მეორე, შედარებით მშვიდ კუნძულ ვანუა-ლევუზე მდებარეობს. სტუმრებს ადგილობრივ საზღვაო ბიოლოგებთან ერთად ყვინთვა, მარჯნის რიფების აღდგენაში მონაწილეობა და მანგროს ეკოსისტემების შესწავლა შეუძლიათ. ბავშვებისთვის კი საგანმანათლებლო პროგრამა "School Under the Sea" მოქმედებს.

ფასი: ღამეში დაახლოებით 1 100 დოლარიდან.

2. Koroi Forest Camp (არუშას ეროვნული პარკი, ტანზანია)

ტანზანია მოიცავს აფრომონტანური წვიმის ტყეების ნაწილს - ე.წ. "ცის კუნძულებს". კოროის ტყის ბანაკი რვა ჩალით გადახურული ბუნგალოსგან შედგება (თითოეულში ბუხარია დამონტაჟებული). სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ კოლობუს მაიმუნებს, მასაის ჟირაფებს, იშვიათ ხეებსა და 400-ზე მეტი სახეობის ფრინველს. იმართება საფეხმავლო ტურები სპილოების უძველეს ბილიკებზე, ნგურდოტოს კრატერსა და მერუს მთაზე, ასევე კანოეთი გასეირნება მომელას ტბაზე ჰიპოპოტამებისა და ფლამინგოების დასაკვირვებლად.

ფასი: 721 დოლარიდან.

3. Airelles Palladio (ვენეცია, იტალია)

ჯუდეკას კუნძულზე, სადაც ვენეციელები სან-მარკოს ხალხმრავლობას ემალებიან, ფრანგულმა სასტუმროების ქსელმა "Airelles" საფრანგეთის ფარგლებს გარეთ პირველი ფილიალი გახსნა. სასტუმრო მე-16 საუკუნის სამ ისტორიულ შენობას მოიცავს, რომლებიც აღდგენილი სანტა-მარია-დელა-პრეზენტაციონეს ეკლესიისა და ხმელთაშუა ზღვის ბაღების გარშემოა განლაგებული. 45 ნომერი ვენეციური ანტიკვარული ავეჯით, მურანოს მინით, "Fortuny"-ს ჭაღებითა და "Rubelli"-ს ექსკლუზიური ქსოვილებით არის გაფორმებული. კულინარიულ კონცეფციაზე მსოფლიო ვარსკვლავები - ჟან-ჟორჟ ვონგერიხტენი, ნობუ მაცუჰისა და ნორბერტ ნიდერკოფლერი ზრუნავენ, დესერტებზე კი პარიზელი ოსტატი სედრიკ გროლეა პასუხისმგებელი. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ელტონ ჯონის დიზაინით შექმნილი პიანო-ბარი "Elton's" და ვენეციაში უდიდესი "Guerlain"-ის სპა.

ფასი: ღამეში 1 638 დოლარიდან.

4. One&Only Moonlight Basin (ბიგ-სკაი, მონტანა, აშშ)

დუბაიში დაფუძნებული კომპანიის პირველი ალპური სასტუმრო 240 აკრზეა გადაჭიმული ბიგ-სკაის სათხილამურო კურორტის ზემოთ. მინიმალისტური კოტეჯები ეკოლოგიურად ისეა ჩაწერილი ლანდშაფტში, რომ რამდენიმე წელიწადში ისინი მთლიანად შეერწყმება ტყის საფარს. ზაფხულში აქ შესაძლებელია თევზაობა, ცხენოსნობა და ექსკურსიები იელოუსტოუნში; ზამთარში - თხილამურებით სრიალი და პირადი გამათბობლიანი გონდოლით ტრასებზე 5 წუთში გასვლა. სასტუმროს აქვს საკუთარი ობსერვატორია, 6 რესტორანი (მათ შორის მიშლენის ვარსკვლავიანი "Akira Back") და სპა-ცენტრი ადგილობრივი მინერალების თერაპიით.

ფასი: 1 200 დოლარიდან.

5. Harbor House Inn (მენდოსინო, კალიფორნია, აშშ)

სასტუმრო 1916 წელს აგებულ სექვოიას ისტორიულ ლოჯში, ყოფილ მეტყევეების დაბა ელკში მდებარეობს. მიუხედავად მკაცრი კლიმატისა და იზოლირებული მდებარეობისა, სასტუმრო ფლობს როგორც მიშლენის მწვანე ვარსკვლავს, ისე პრესტიჟულ მიშლენის გასაღებს (Michelin Key). შეფ-მზარეულ მეთიუ კამერერის 12-კერძიანი სადეგუსტაციო მენიუ სეზონებისა და ოკეანის მიქცევა-მოქცევის მიხედვით იცვლება და ძირითადად ადგილობრივ ველურ ზღვის პროდუქტებსა და მცენარეებს ეფუძნება. 11-ვე ნომრიდან ოკეანისა და ბუნებრივი თაღის - უორფ-როკის ხედები იშლება.

ფასი: 720 დოლარიდან ღამეში.

6. Château la Commaraine (ბურგუნდია, საფრანგეთი)

მე-12 საუკუნის მამულს სოფელ პომარში მდიდარი ისტორია აქვს, მის სტუმრებს შორის კი თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტი თომას ჯეფერსონიც იყო. 2026 წლის აპრილში დასრულებული რესტავრაციის შედეგად შატო 37-ნომრიან ბუტიკ-სასტუმროდ და საკუთარ მარნად გადაკეთდა. ოთახების უმეტესობა გადაჰყურებს "Clos de la Commaraine"-ის პრემიერ კრიუ ვენახებს. კომპლექსში მოქმედებს სრული სერვისის სპა და ორი რესტორანი, რომლებიც ისტორიულ თაღოვან სარდაფებშია განთავსებული.

ფასი: 705 დოლარიდან.

7. Caiman (პანტანალი, ბრაზილია)

131 000 აკრზე გადაჭიმული ველური ბუნება, სადაც კაპიბარები, გიგანტური ჭიანჭველაჭამიები და იშვიათი ჰიაცინტისფერი არები ბინადრობენ. ტერიტორიაზე სამი შენობაა (Casa Caiman და ორი ვილა) ჯამში 31 ნომრით. გარდა დასვენებისა, კურორტი წარმოადგენს საკვლევ ბაზას ორგანიზაციებისთვის "Onçafari" (იაგუარების მონიტორინგი) და "Instituto Arara Azul" (ფრინველთა დაცვა), რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, მეცნიერებთან ერთად უშუალოდ ჩაერთონ ველური ბუნების კვლევაში.

ფასი: "Casa Caiman" - 1 533 დოლარიდან ღამეში; ვილები - 10 390 დოლარიდან 16 800 დოლარამდე.

8. Coral Sands Inn & Cottages (ჰარბორ-აილენდი, ბაჰამის კუნძულები)

ჰოლივუდის მსახიობ ბრეტ კინგისა და მისი მეუღლის მიერ 1968 წელს დაარსებული სასტუმრო 41 ნომერსა და კოტეჯს აერთიანებს ატლანტის ოკეანის პირას. ინტერიერი კარიბულ და ბაჰამურ ტრადიციულ მოტივებზეა აგებული. რესტორანი The Pink Mermaid იტალიურ სამზარეულოს ადგილობრივი ეგზოტიკური ზღვის პროდუქტებით ამდიდრებს.

ფასი: 1 400 დოლარიდან.

9. Brenners Park-Hotel & Spa (ბადენ-ბადენი, გერმანია)

1872 წელს გახსნილი ისტორიული სასტუმრო 104 ნომერს მოიცავს. 15 სპეციალურ ნომერში დამონტაჟებულია "ციფრული დეტოქსის" ღილაკი, რომელიც სპილენძით დაცული კედლების მეშვეობით Wi-Fi-სა და მობილური კავშირის სიგნალებს 99%-ით ბლოკავს ღრმა და მშვიდი ძილისთვის. ოთხსართულიანი სპა და კლინიკა აგრძელებს ბადენ-ბადენის რომაული თერმული წყლების სამკურნალო ტრადიციებს თანამედროვე მედიცინის, კრიოთერაპიისა და დეტოქს-პროგრამების დახმარებით.

ფასი: 757 დოლარიდან ღამეში.

10. NIHI Rote (როტე, ინდონეზია)

ცნობილი "NIHI Sumba"-ს თანადამფუძნებელ ჯეიმს მაკბრაიდის ახალი პროექტი კუნძულ როტეზე. კომპლექსი მოიცავს 21 ფართო ვილას, სპას, "Nammo Beach Club"-ს და სტუმართმასპინძლობის აკადემიას, სადაც ადგილობრივი ახალგაზრდები პროფესიულ განათლებას იღებენ და შემდგომ თავადვე ემსახურებიან სასტუმროს. კურორტი განკუთვნილია მათთვის, ვინც სრულ განმარტოებასა და ხელუხლებელ ბუნებას ეძებს.

ფასი: 1 500 დოლარიდან.

11. Limelight Boulder (ბოულდერი, კოლორადო, აშშ)

კოლორადოს უნივერსიტეტის კამპუსში მდებარე სასტუმრო სრულად მწვანე ენერგიაზეა გადაყვანილი: გათბობა, გაგრილება და სამზარეულო გაზის გამოყენების გარეშე, მხოლოდ ელექტროენერგიაზე მუშაობს. სასტუმრო გამოირჩევა ნათელი სივრცეებით, ღია აუზით და 2027 წლის იანვრიდან ბოულდერში გადმოსული "სანდენსის" კინოფესტივალის მთავარი შტაბ-ბინა გახდება.

ფასი: 224 დოლარიდან ღამეში.

12. Fairmont Jasper Park Lodge (ალბერტა, კანადა)

104 წლის ისტორიის მქონე ლეგენდარული ლოჯი ჯასპერის ეროვნულ პარკში, ბოვერის ტბის პირას. მრავალმილიონიანი რეკონსტრუქციის შედეგად სასტუმროს სამი ახალი რესტორანი დაემატა. კომპლექსი მოიცავს პირად პლანეტარიუმს, საიდანაც უმძლავრესი ტელესკოპებით შესაძლებელია ჩრდილოეთის ციალსა და ვარსკვლავებზე დაკვირვება.

ფასი: 300 დოლარიდან (არასეზონზე) და 1 000 დოლარიდან (ზაფხულის პიკში).

13. Hanok Heritage Hotel (კანვონდო, სამხრეთ კორეა)

სასტუმრო ტყიან მთებში ათ წელზე მეტხანს შენდებოდა. 20 ნომერი და 5 კერძო ვილა აგებულია ტრადიციული ხის სახურავებითა და შიდა ეზოებით, რაც იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლის, ჩონმიოს სამეფო სალოცავის არქიტექტურას ეხმიანება. პროგრამა მოიცავს ჩაის ცერემონიებს, ეროვნული სამოსის - ჰანბოკის მორგებასა და ტრადიციულ კორეულ საუნას (jjimjilbang).

ფასი: სტანდარტული ნომერი - 740 დოლარიდან; ვილები - 3 960 დოლარიდან.

14. Hoshinoya Nara Prison Hotel (ნარა, იაპონია)

მეიძის ეპოქაში (1868-1912) აგებული ხუთი საკულტო ციხიდან უკანასკნელი ნაგებობა 48 მდიდრულ ლუქსად გადაკეთდა. შენარჩუნებულია ისტორიული წითელი აგურის ექსტერიერი, კრამიტის სახურავები და რადიალური არქიტექტურა. სასტუმროს ტერიტორიაზე მოქმედებს მუზეუმი და გალერეა, სადაც 1946-2017 წლებში აქ მყოფი არასრულწლოვანი პატიმრების მიერ დაწერილი ლექსები და ნივთებია გამოფენილი.

ფასი: 688 დოლარიდან ღამეში.

15. Pinnacle Kigali (კიგალი, რუანდა)

დამფუძნებელი შეილა კიარისიიმა პირველი შავკანიანი ქალია, რომელმაც რუანდაში ლუქს-სასტუმრო გახსნა. რებეროს ბორცვზე მდებარე 9-ნომრიანი რეზიდენცია ადრე მისი პირადი საცხოვრებელი იყო. ინტერიერი სრულად ადგილობრივი ხელოვნების ნიმუშებითაა გაფორმებული, სასტუმროში კი მოქმედებს მარილიანი წყლის პანორამული აუზი, კინოთეატრი, ბოულინგი და სპა.

ფასი: 3 090 დოლარიდან ღამეში.

16. Kitirua Plains Lodge, An A&K Sanctuary (ამბოსელი, კენია)

128 აკრზე განთავსებული ლოჯის ტალღოვანი სახურავები სავანის რელიეფს იმეორებს, ხოლო კედლები გარემოს ფერებშია გადაწყვეტილი. 11 ერთსაძინებლიანი და 2 ორსაძინებლიანი ლუქსის ვიტრაჟებიდან კილიმანჯაროს მწვერვალი და გარეული ცხოველები მოჩანს. საღამოობით სტუმრები კოცონთან მასაის ტომის უხუცესების ისტორიებს ისმენენ.

ფასი: 788 დოლარიდან ერთ ადამიანზე ღამეში.

17. Hope Lodge at Wildland (ჰაილენდი, შოტლანდია)

დანიელი მილიარდერის, ანდერს პოვლსენის მიერ დაფინანსებული 220 000-აკრიანი ნაკრძალი ჩრდილოეთ შოტლანდიაში ადამიანის ჩარევის გარეშე აღდგენილ ტყეებსა და ჭაობებს მოიცავს. ბენ-ჰოუპის მთის ძირას მდებარე მე-19 საუკუნის სანადირო ლოჯი 7 ოთახსა და რამდენიმე კოტეჯს აერთიანებს, სადაც დღის განრიგი მთლიანად ბუნების რიტმზე (ცივ წყალში ცურვა, ნავით გასეირნება, სალაშქრო ტურები) არის აგებული.

ფასი: დაახლოებით 1 460 დოლარიდან ღამეში.

18. Casa Bonavita (ატარდი, მალტა)

1715 წელს აშენებული ვენეციელი დიდგვაროვნების რეზიდენცია 2026 წლის მაისში 17-ნომრიან ბუტიკ-სასტუმროდ გაიხსნა. ინტერიერი მალტური ანტიკვარიატით, მურანოს მინითა და სიცილიური მარმარილოთია გაფორმებული. რესტორანს ლონდონის ცნობილი "River Café"-ს ყოფილი შეფი დექს ოსემანი ხელმძღვანელობს.

ფასი: 445 დოლარიდან ღამეში.

19. Alila Mayakoba (რივიერა-მაია, მექსიკა)

182 ნომერი, ლუქსი და ვილა განლაგებულია მანგროვებს, ლაგუნებსა და ჯუნგლებს შორის. დიზაინი შთაგონებულია მაიას ცნობილი კარსტული ჭებით (ცენოტეებით). კურორტზე ფუნქციონირებს 6 რესტორანი და სპა-ცენტრი, სადაც პროცედურებს მაიას ტომის უხუცესის მიერ შესრულებული ტრადიციული წყლის რიტუალიც ახლავს.

ფასი: 620 დოლარიდან ღამეში.

20. Jakes Hotel (თრეჟერ-ბიჩი, იამაიკა)

1993 წელს დაარსებული საკულტო სასტუმრო ცნობილია იმით, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს და საკვებს მხოლოდ ადგილობრივი მეთევზეებისა და ფერმერებისგან ყიდულობს. 2024-2025 წლების ქარიშხლების შემდეგ სასტუმროს ხელმძღვანელობამ 790 000 დოლარი მოიზიდა რეგიონის სკოლებისა და სახლების აღსადგენად. კლდოვან სანაპიროზე განლაგებული ფერადი კოტეჯები ავთენტურ კარიბულ სიმშვიდეს ქმნის.

ფასი: 175 დოლარიდან ღამეში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

8 თვეში საქართველომ $201 მილიონის ტელეფონები შეიძინა | რომელი ქვეყნებიდან შემცირდა იმპორტი?

8 თვეში საქართველომ $201 მილიონის ტელეფონები შეიძინა | რომელი ქვეყნებიდან შემცირდა იმპორტი?

BM.GE

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოში ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები დაეშვა

BM.GE

როგორ ოპერირებს "ონუკა"? - პირველი Specialty ყავის სახლი რაჭაში

როგორ ოპერირებს "ონუკა"? - პირველი Specialty ყავის სახლი რაჭაში

BM.GE

გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ

გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები 2022 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ

BM.GE