
მთავრობა "ასაწყობი სკოლების" შესაძენად ₾22.5-მილიონიან ტენდერს აცხადებს
საქართველოს მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებში მოდულური სკოლების დამონტაჟების გადაწყვეტილება მიიღო - ამის შესახებ აღნიშნულია 20 აგვისტოს განკარგულებაში, რომლის საფუძველზეც მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა 22.5 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც სკოლის მოდულების შესყიდვა მოხდება. აღნიშნული ქარხნული მოდულური სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა განთავსდეს.
"მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს. ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება.
მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.
მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას,"- ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რას ითვალისწინებს ტენდერი?
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის ობიექტში შედის 600 საკლასო ოთახის მოდული, ასევე ადმინისტრაციული და სანიტარული დანიშნულების მოდულები - თითოეული შესაბამისი ტიპის 50-50 ერთეული.
საკლასო ოთახის მოდული 10-12 მოსწავლისა და ერთი მასწავლებლისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. მისი საორიენტაციო ზომა 3 მეტრი 7 მეტრზეა, ხოლო მოდული უნდა იყოს აღჭურვილი გათბობა-გაგრილების სისტემით.
ადმინისტრაციული დანიშნულების მოდულები სხვადასხვა ფუნქციის სივრცეებს მოიცავს. ერთ-ერთი ტიპი ადმინისტრაციულ სამუშაო სივრცეს, მანდატურის ოთახსა და სანიტარულ კვანძს ითვალისწინებს, მეორე კი - ადმინისტრაციულ სივრცეს, ექიმის საკონსულტაციო ოთახსა და სამეურნეო სივრცეს.
სანიტარული კვანძის მოდული 100-120 მოსწავლეზე გათვლილი სასკოლო კომპლექსის საჭიროებებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. მასში უნდა მოეწყოს ბიჭებისა და გოგოებისთვის დამოუკიდებელი ბლოკები, ასევე შშმ პირებისთვის ადაპტირებული სივრცე.
"გარე კედლები უნდა შესრულდეს არანაკლებ 150 მმ სისქის სენდვიჩპანელით. კედლის შიდა მხარის მოსაპირკეთებლად გამოყენებული უნდა იყოს ისეთი მასალა, რომელიც უზრუნველყოფს მექანიკურ გამძლეობას, ადვილ მოვლას, ტრანსპორტირებასა და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
ჭერი უნდა შესრულდეს თაბაშირმუყაოს ფილით, ან სხვა ეკვივალენტური სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს სათანადო აკუსტიკურ კომფორტს და საჭიროების შემთხვევაში საინჟინრო კომუნიკაციებზე წვდომას.
იატაკი უნდა მოეწყოს კომერციული დანიშნულების ვინილის ან სხვა ეკვივალენტური ცვეთამედეგი საფარით, რომელიც იქნება ანტიბაქტერიული, ადვილად გასაწმენდი და ინტენსიური ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი.
გარე კარები უნდა იყოს თბოიზოლირებული, მეტალის, ალუმინის, მეტალოპლასტმასის ან სხვა ეკვივალენტური მასალის, უსაფრთხო საკეტებითა და შესაბამისი ფურნიტურით. კარზე თბოიზოლაციის სისქე არანაკლებ 3 სმ თერმული გამყოფით უნდა იყოს შესრულებული.
კარ-ფანჯრის სისტემა უნდა იყოს ალუმინის ან მრავალკამერიანი PVC პროფილის, ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლებით ეკვივალენტური გადაწყვეტილებით.
ფანჯრები ენერგოეფექტური, ნაწრთობი მინით. მინაპაკეტი უნდა იყოს 3-შუშიანი, თერმული გამყოფით შესრულებული,"- ნათქვამია სატენდერო პირობებში.
დოკუმენტაციის თანახმად, მოდულები უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და ექსპლუატაციაში არმყოფი. მათი კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს მრავალჯერადი ტრანსპორტირების, მონტაჟისა და დემონტაჟის შესაძლებლობას. მოდულების მიწოდებისა და მონტაჟის არეალი საქართველოს მთელ ტერიტორიას მოიცავს, კონკრეტული ლოკაციები კი შემსყიდველის წერილობითი დავალებით განისაზღვრება.
ტექნიკური მოთხოვნების მიხედვით, მოდულური ინფრასტრუქტურა უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ სამშენებლო, სანიტარულ, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სტანდარტებს. კონსტრუქციები ასევე უნდა იყოს გათვლილი სხვადასხვა რეგიონის სეისმურ, ქარისა და თოვლის დატვირთვებზე და უზრუნველყოფდეს ენერგოეფექტურ ექსპლუატაციას.
მოდულები სრულად უნდა იყოს აღჭურვილი ელექტრომომარაგებით, განათებით, გათბობა-გაგრილების სისტემებითა და სუსტი დენების ინფრასტრუქტურით. ტექნიკური დავალება ითვალისწინებს, მათ შორის, სახანძრო სიგნალიზაციას, ვიდეომეთვალყურეობას, გახმოვანებისა და შეტყობინების სისტემას, ინტერნეტისა და მონაცემთა გადაცემის ქსელს.
ტენდერში მონაწილე კომპანიებისთვის გამოცდილების მოთხოვნაც არის განსაზღვრული. პრეტენდენტს ან საქონლის მწარმოებელს 2021 წლის 1 იანვრიდან ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე პერიოდში მსგავსი ტიპის მოდულების მიწოდების ან წარმოების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მოთხოვნილი გამოცდილების ჯამური ღირებულება არანაკლებ 90 000 ლარს უნდა შეადგენდეს, რაც მითითებული ღირებულების მხოლოდ 0.4%-ია, ასეთი მცირე მოცულობის გამოცდილება სავარაუდოდ მოთხოვნილია იმიტომ რომ მსგავსი ობიექტი აქამდე საქართველოში ფაქტობრივად არ განთავსებულა.
ტენდერის თანახმად, მიმწოდებელს საჭიროების შემთხვევაში წერილობითი დავალების მიღებიდან ორი თვის განმავლობაში არანაკლებ 200 მოდულის მიწოდებისა და მონტაჟის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
მოდულებისთვის განსაზღვრულია მინიმალური საგარანტიო ვადებიც: კონსტრუქციისა და გარე შემოსვისთვის - 10 წელი, საინჟინრო სისტემებისთვის - 5 წელი, გათბობა-გაგრილების სისტემებისთვის კი - 2 წელი. მოდულების ექსპლუატაციის მინიმალურ ვადად 10 წელია განსაზღვრული.
სატენდერო წინადადებების მიღება 2026 წლის 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.
BM.GE
წყარო: bm.ge